„გასაღვიძებელი ზღაპრები“ - იუმორით გაჯერებული სახალისო ისტორიები

„გასაღვიძებელი ზღაპრები“ - იუმორით გაჯერებული სახალისო ისტორიები

19.03.2025
346

ძილის წინ კაცობრიობას ერთი რიტუალი აქვს - ზღაპრებს კითხულობს ან უსმენს, ამ დროს მისი ქვეცნობიერი დიდი გამარჯვებისთვის ემზადება. მაგრამ, ეს ძილის წინ საკითხავ ზღაპრებზეა, ამ წიგნში კი ზღაპრებს გასაღვიძებლად კითხულობენ. დიახ, გასაღვიძებლად, აბეზარი იხვის ყიყინის თანხლებით. 

წარმოიდგინეთ, დილით არა მამალმა, არამედ უზარმაზარმა მეჰემოთმა რომ გაგაღვიძოთ ფეხების ბრაგუნით, საბუდარში კუს კვერცხები ეწყოს, ბოსელში კი მელია ებას, არა, ამის წარმოდგენა მხოლოდ უცნაურ მწერლებს შეუძლიათ და ალბათ, ბავშვებსაც, რადგან ეს ზღაპრები სწორედ მათთვის იწერება, რომლებსაც დედის მუცელშივე აწუხებთ აკვიატებული ფიქრები. გამოიცანით, დაბადების შემდეგ სად მიყავთ ეს ბავშვები მშობლებს ასალაპარაკებლად? - ტყეში, უტყვ და უენო ხეებთან. აბა, ფილოსოფიურმა ჭადარმა სამი წლის გოგოს რა უნდა ასწავლოს, მაგრამ, თუ მაჩვი ლაპარაკობს გამართულად, გოგოც ალაპარაკდება უსათუოდ.

შესაძლოა იცოდეთ, რომ არსებობენ წიგნები, რომლებიც მოსწავლეებს მხოლოდ და მხოლოდ წითელი კაბით უნდა წაუკითხოთ, რატომ? იმიტომ რომ მართას დას სწორედ წითელი კაბა ეცვა, როდესაც ბავშვებთან მიდიოდა გასაღვიძებლად, ამ კაბაზე კი ბავშვების სახელები და მისამართები ეწერა, ვინმე რომ არ გამორჩენოდა და რომელიმე მათგანი მშვიდი ძილისთვის არ „დაეთმო“. 
ასე აღმოჩნდა ჩემი ბებიის ნაქონ „ბაილონის“ წითელ კაბაზე თეკლას, იოს, სანდროს, მათეს, გაბროს, მართას, ალექსანდრას, ნიკუშას სახელები, როდესაც თეა თოფურიას წიგნის კითხვა გადავწყვიტეთ.



„გასაღვიძებელი ზღაპრები“, იუმორით გაჯერებული სახალისო ისტორიებია, სადაც ამბავი თავდაყირა დგება მას მერე, რაც შინაური და გარეული ცხოველები ადგილებს გაცვლიან. 

ასე რომ, სისხამზე საკითხავ წიგნში იმდენ გასაოცარ ზღაპარს ამოიკითხავთ, ვიდრე არ მიხვდებით, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებები ყველაზე ძნელად შესამჩნევია“. თუმცა, ბავშვებს ხომ ყველაზე უკეთ დაუნახავის დანახვა და დაუჯერებლის დაჯერება გამოსდით. „გასაღვიძებელი ზღაპრებიც“ სწორედ მათთვის მოუგონია ავტორს და იმ უფროსებისთვისაც, ვისაც ზღაპრების დღემდე სჯერა.