
მარგარეტ ეტვუდი - ,,კითხვის სიამოვნება''
კითხვა იქამდე ვისწავლე, სანამ სკოლაში შევიდოდი. დედაჩემი ირწმუნება, რომ კითხვა საკუთარ თავს მე თვითონვე ვასწავლე, რადგან თვითონ კომიქსებს არასდროს მიკითხავდა. ალბათ, ჩემი უფროსი ძმა დამეხმარა: კომიქსებს თვითონაც წერდა და მკითხველიც სჭირდებოდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი, რაც მახსენდება, დედა იხვის გადაჯღაბნილი ზღაპრების კრებული და ბეატრიქს პოტერსის რამდენიმე ამბავია - ამბები მისი ბნელი პერიოდიდან დანების, კანიბალი მელიებისა და მოპარული ბავშვების შესახებ. შემდეგ კი ძმები გრიმების შემზარავ ზღაპრებს მივაგენი, რომლებსაც ჩემი მშობლები ფოსტით უკვეთავდნენ და მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, მოვარვარე რკინის ფეხსაცმელების, ლურსმნებით სავსე კასრებისა და დაფლეთილი სხეულების შესახებ. მაშინ ჯერ კიდევ 40-იანი წლები იყო, ზუსტად ომის შემდეგ. ზღაპრების ახლებურად გადაწერაც, უსისხლო და შელამაზებული დასასრულებით, მოდაში შემოვიდა. ჩემი მშობლებიც უკვე წუხდნენ, რომ ჩონჩხები და ამოთხრილი თვალები ტვინს ამირევდა. რაღაცწილად, ალბათ, ასეც იყო, თუმცა, როგორც ბრუნო ბეტელჰაიმმა მოგვიანებით აღნიშნა, პირიქით, ეს ჩემთვის სასიკეთოც კი უნდა ყოფილიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ამბებში შთანთქმული ვიყავი, რამდენიმე კი დღემდე ჩემთანაა.
ამის შემდეგ ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც მოვიხელთებდი. იმ დროს ჩემი ოჯახი ბევრ დროს ატარებდა კანადის ჩრდილოეთ ტყეებში, სადაც არც კინოთეატრები იყო და რადიოც ძლივს იჭერდა – ამიტომ კითხვა ერთადერთი გასართობი იყო. სკოლის სახელმძღვანელოები, დიკისა და ჯეინის ამაღელვებელი სერიები გრიმების ზღაპრებთან შედარებით არც არაფერი იყო. „ნახე, როგორ გარბის ჯეინი“ – მართლაც! ამიტომ ვკითხულობდი კომიქსებს და მარცვლეულის ყუთების ანოტაციებს. მალე გოგონებისთვის განკუთვნილი წიგნებსაც მივადექი – ლორა ლი ჰოუფის „ბობსის ტყუპები“, – თუმცა, ჩემს გონებაში „ბეტმენისა“ ან გავარვარებული რკინის ფეხსაცმელების გვერდით არც ერთს არაფერი ესაქმებოდა. წავიკითხე ბავშვებისთვის განკუთვნილი კლასიკაც, მათ შორის ის, რაც დედას ხმამაღლა ჰქონდა წაკითხული ჩემთვის – ლ. ფრენკ ბაუმის „ოზის ჯადოქარი“, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „სარკის მიღმა“, „განძის კუნძული“, „გულივერის მოგზაურობა“, რომელიც სინამდვილეში ბავშვებისთვის სულაც არ არის დაწერილი, თუმცა, გოლიათების გამო ასე ითვლებოდა, ამიტომ ისიც წავიკითხე.
ვკითხულობდი კანადური ცხოველების ისტორიებს – მაგალითად, სერ ჩარლზ რობერტსისა და ერნესტ ტომპსონ სეტონის ნაწარმოებებს – რომელთა მთავარი პერსონაჟი ცხოველები ყოველთვის კვდებოდნენ. ამ წიგნებს ხშირად საშობაო საჩუქრებად ვიღებდი ხოლმე – უფროსებს რატომღაც მიაჩნდათ, რომ ცხოველებზე დაწერილი ნებისმიერი წიგნი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი – და მე მუდამ ვსლუკუნებდი წიგნის ფურცლებზე გზააბნეული, ხაფანგში მოყოლილი, დაგლეჯილი კურდღლების, ტყის ქათმების, მელიებისა და მგლების ბედზე, თან შოკოლადებს ვსანსლავდი. წავიკითხე ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმაც“, მეგონა, რომ ესეც ცხოველებზე დაწერილი წიგნი იყო, და აქაც ძლიერ განვიცადე ცხენის სიკვდილი.
საბნის ქვეშ ფანარს ვანთებდი და ღამღამობით ისე ვკითხულობდი. ამასობაში, კარგად შელამაზებულ ნაგავსაც უკვე ოსტატურად ვცნობდი. არ მგონია, ამ წიგნებს ჩემი წერის სტილი შეეცვალათ, თუმცა მათმა კითხვამ კი, უდავოდ, დიდი გავლენა იქონია. ამ დროისთვის, უკვე ედგარ ალან პოს სრული შემოქმედებაც მრავალჯერ გადაკითხული მქონდა – რატომღაც ვიღაც რეგვენმა ერთხელაც ჩათვალა, რომ რახან პოსთან სექსის სცენებს ვერსად გადააწყდები, ამიტომ ეს წიგნი სკოლის ბიბლიოთეკის საყმაწვილო სექციაში უნდა ყოფილიყო.
პო ჩემზე იმაზე ძლიერ მოქმედებდა, ვიდრე გრიმების ზღაპრები – შესაძლოა იმიტომაც, რომ პო დეტალებს ბევრად დიდ ყურადღებას უთმობს და მისი მთავარი მიზანია, შეგაშინოს. მეც შემაშინა - სიკვდილის შემდეგ სხეულის ლპობაზე და ცოცხლად დამარხვაზე ყოველ ღამე კოშმარებს ვხედავდი, მაგრამ კითხვას მაინც ვერ ვწყვეტდი.
მობი დიკი რომ წავიკითხე, თავიდან ცხოველებზე დაწერილ წიგნად მივიჩნიე, ამიტომ ადამიანების მონაკვეთებს ვტოვებდი. მთელ ჩემს ყურადღებას ვეშაპს ვუთმობდი, და როცა მან მთელი ეკიპაჟი გაანადგურა, ხოლო თვითონ გადარჩა, სულაც არ დამწყვეტია გული. ამდენი ხნის განმავლობაში, ხაფანგებში გაბმული მგლებისა და მოწამლული მელიების შემდეგ, დრო იყო, ერთი ცხოველი მაინც დაბრუნებულიყო გამარჯვებული.
მოზარდობისას წავიკითხე „სიამაყე და ცრურწმენა“ და „ქარიშხლიანი უღელტეხილი“, და როგორც ჩემი თაობის ბევრ გოგოს, ბნელი და იდუმალი მისტერ დარსისა და ჰითკლიფის მიმართ სტანდარტული ლტოლვა გამიჩნდა. საბედნიეროდ, ცხოვრების იმ ეტაპზე ნამდვილად ცუდი ხასიათის, უხეში და იდუმალი მამაკაცები არ შემხვედრია – სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ერთ დღესაც, მათთან ერთად გავქცეულიყავი.
ეს ყველაფერი არაფერ კავშირში იყო სკოლასთან. მაშინ უფრო პრაგმატული ვიყავი და ვფიქრობდი, რომ სერიოზული სამსახური უნდა მომეძებნა. თუმცა, ქალებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოებში ჩვენთვის მხოლოდ ხუთი ტიპის კარიერა იყო განსაზღვრული: დიასახლისი ეკონომისტი, მედდა, მასწავლებელი, ბორტგამცილებელი და მდივანი. თითოეულ მათგანს საკმაოდ დეპრესიული პერსპექტივა ჰქონდა. ამიტომ, მე ისევ კითხვა გავაგრძელე, და ვკითხულობდი იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე ვინმეს წაუკითხავს.
დღეს რას ვკითხულობ? ძნელი სათქმელია – ეს განწყობაზეა დამოკიდებული. სადაც ახლა ვზივარ, გარშემო თვრამეტამდე სხვადასხვა წიგნის გროვა მიწყვია. ზოგი სიამოვნებისთვისაა, ზოგიც – სამუშაოსთვის.
კითხვა ყველაზე შემთხვევითი და ყველაზე ქაოსური პროცესია, და მე ისევ ისე მიყვარს.
მთარგმნელი: ნათია ღელეყვა