
მე, ელენე, ქეთო და კოტე - თეა ლომაძის ბლოგი
ჩემი მუზა ძალიან თავნებაა. ხან ისე წამიერად გაიელვებს, რომ წესიერად თვალს ვერ მოჰკრავ, შეხებას ვერ მოასწრებ, ხან კი სრულიად უდროო დროს დინჯად ჩამომიჯდება, ხელებს ლოყებზე მითათუნებს, თვალებში მიყურებს და აღარ მიდის. ყოველთვის ასეთი იყო. ჰოდა, დიდი ხანია, ყურადღებას აღარ ვაქცევ, იქროლოს, როგორც უნდა... იმასაც მოვბეზრდი ამასობაში. ბოლოს წლების წინ მოფრიალდა, ერთი გოგო მოიყვანა, წინ დამისვა და მითხრა:
- აბა, შეხედე, ხომ გეცნობა? ხომ გადარდებს ასეთი ბავშვები? დაწერე მასზე...
მართლაც ძალიან ვდარდობდი ჩემი ნაცნობები შვილებს რომ ტოვებდნენ და საზღვარგარეთ მიდიოდნენ სამუშაოდ.
- საერთოდ, ბევრი რამ მადარდებს, მაგრამ აღარ ვაპირებ არაფრის დაწერას და ეს შენ მშვენივრად იცი! - მივუგე.
თავი გააქნია, კარგად დამაკვირდა, - ძალიან გაიზარდე, ძალიან დიდი ქალი ხარ და დროა, დასერიოზულდე, ნუ ებუტები სამყაროს, ნუ იქნები ზედაპირული, არ იცანცაროო, - მერე ხელი ჩაიქნია და გაფრინდა.
მას შემდეგ აღარც მინახავს. ის გოგო კი დამიტოვა და ის გოგო ძალიან ჯიუტი აღმოჩნდა, ამეკიდა და თავი აღარ დამანება. ჯერ მარტო დამდევდა, მერე სათვალიანი ქალი და ხელჯოხიანი კაციც აიყოლია, დამყვებოდნენ ერთად...
ვუყურე, ვუყურე და დავარქვი მათ სახელები: ელენე, ქეთო და კოტე. ამის მერე უფრო გათამამდნენ, ზოგჯერ მგონი მართლა მესმოდა კოტეს ხელჯოხის კაკუნი და ქეთოს კექსის სუნიც მომდიოდა ... ელენე კი... ელენე ჩაწვა ჩემს ნავში გულაღმა და ჩემს მდინარეს დაუყვა... დავყარე ფარ-ხმალი და დავიწყე წერა ჩემი ,,საფირმო სტილით“. ჩემმა ახლობლებმა იციან, რომ ეს არის კომიკური პროცესი, ანუ თითო წინადადების, ფრაზის მიწერა ყველგან: ბლოკნოტში, კედლის კალენდარზე, კულინარიული რეცეპტების რვეულში, ტელეფონის ,,ნოუთებში’’, სალარო აპარატის ქვითარზე... და მერე შემთხვევით გადაგდება, დაკარგვა, წაშლა, ძებნა, გაბრაზება და თავის დანებება. გაგრძელდა ეს ამბავი წლების განმავლობაში და არ ვიცი როგორ, მაგრამ ბოლოსდაბოლოს მაჯობა ელენემ. მოვაგროვე ჩემი ნაკუწები, აღვადგინე, მივამატე, გამოვაკელი, გადავაკეთე ... ოღონდ ჩემთვის თავი გაენებებინათ, ჩავასახლე ეს პერსონაჟები ტექსტში ,,მე, ქეთო და კოტე“. ეტყობა, ელენეს ძალიან უნდოდა, რომ მისი ამბავი გაეგოთ, მოზარდებსაც და მოზრდილებსაც წაეკითხათ. რა სათქმელი ჰქონდა ამისთანა? წაიკითხეთ და იქნებ მიხვდეთ...
ჩემო თავქარიანო მუზავ! პატარა მოთხრობაა, მაგრამ დიდი გრძნობა ჩავაყოლე. ვიყურები სარკეში და კი, ძალიან გავიზარდე, მაგრამ ვერ დავბრძენდი ... მგონი ისევ არ მივუდექი საქმეს სერიოზულად და ვიცანცარე, შეცდომებიც გამეპარა ტექსტში... ვერ გავზრდილვარ, შენს მოყვანილ გოგოზე რომ ვწერდი, ზუსტად მისი ასაკის ვიყავი, ზუსტად ელენე ვიყავი და ძალიან, ძალიან ვღელავდი, პირადად გადავიტანე ყველაფერი... არ ვიცი, რა გამოვიდა, როგორი გამოვიდა, შენ თუ მოგეწონება... თუ ოდესმე ისევ გამოჩნდი, ალბათ მეტყვი...