
სიყვარული ჟამიანობის დროს
5 წიგნი სიყვარულზე, უსიყვარულობაზე, ბედნიერებასა და უბედურებაზე
სიყვარული უცნაური რამეა, სიყვარულზე დაწერილი წიგნები - კიდევ უფრო უცნაური.
ყოველი უსიყვარულო ამბავი ერთმანეთს ჰგავს, ყველა სასიყვარულო ამბავს კი თავისი უბედურება ახლავს თან.
“დათრგუნული ვნებები მოხუცშიც ისევე მახინჯად შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც ახალგაზრდაში.”
ქალებო, დევიდ ლორის უფრთხილდით! დევიდ ლორი ის კაცია, ყოველ სემესტრში რომელიმე თავისი სტუდენტი რომ უყვარდება; ეს ხომ მისი ქარიზმატული ცხოვრების წესია. პასუხისმგებლობებს გაურბის, საკუთარ სულიერ სიმშვიდეს არაფერს აფრთხობინებს და დინებას მიჰყვება. ყოველ შემთხვევაში, მიჰყვებოდა მანამ, სანამ ერთხელაც მისი სიმშვიდის ციკლურობა არ გაირღვევა და სამყარო საზარელ სასჯელს არ მოუვლენს. “სირცხვილი” არ არის რომანი სიყვარულზე, ეს არის ტექსტი დამახინჯებული ვნებების ყველაზე დამახინჯებულ გამოვლინებებსა და იმაზე, თუ საერთოდაც რისთვის ღირს ცხოვრება, თუ ადამიანები თავიანთ ღრმად ჩამალულ ნაკლოვანებებს გასაქანს არ მისცემენ. თუ გსურთ, რომ თებერვლის სასიყვარულო ჰაერს ცოტა ხნით მაინც დააღწიოთ თავი და შესანიშნავად მოყოლილი შემზარავი და შემაძრწუნებელი ამბების ნაწილი გახდეთ, კუტზეეს “სირცხვილი” სწორედ ამაში დაგეხმარებათ - თანაც, უჩვეულოდ გაოგნებულიც დარჩებით, რადგან, სინამდვილეში, რომანი, რომელშიც სრულიად დამსახურებულად ერგო ბუკერის პრემია, იმაზე მრავალშრიანი და მოულოდნელია, ვიდრე ეს ზედაპირულად შეიძლება ჩანდეს.
2. ბოჰუმილ ჰრაბალი - ,,მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ''
ბოჰუმილ ჰრაბალი ლამაზი, ახალგაზრდული და ყოველგვარი პომპეზურობისგან დაცლილი სასიყვარულო ამბების ალბათ ყველაზე ოსტატური მთხრობელია. მისი ამ რომანის მთავარი პერსონაჟი 22 წლის მილოშია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე სრულიად გულუბრყვილოდ შეაბიჯებს და რომელსაც საკუთარ სასიყვარულო ცხოვრებაზე დარდის გარდა გულში სხვა არაფერი უდევს. ამ რომანს ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ, მილოშისა და მაშას ნაზი და გულკეთილი სიყვარულის ამბავი გულს მოგიკლავთ, შემდეგ კი მოულონდელად, მილოშთან ერთად მსოფლიო ისტორიის ყველაზე დიდი და ყველაზე დამანგრეველი მოვლენის ეპიცენტრში აღმოჩნდებით, თანაც დასისხლიანებული და თანაც ისე, რომ ვერ გაიგებთ, თავი იქ როგორ ამოყავით, სადაც ამოყავით. ეს 80 გვერდიანი რომანი ადამიანურობისა და სამყაროს ბანალური ბოროტების სრულ მასშტაბებს იტევს. ალბათ ვერავინ ვერასდროს გაიგებს იმ დიდ საიდუმლოებას, რასაც ჰრაბალი მთელი თავისი მწერლური ცხოვრების განმავლობაში სამყაროსა და ადამიანების შესახებ ინახავდა. სიყვარულის, დიდი და პატარა ამბების პოეზიად ქცევა ის მისია იყო, რის შესასრულებლადაც სამყაროს მოევლინა. მისი ცხოვრებაც ხომ ასე პოეტურად დასრულდა - 82 წლის ასაკში საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდა მაშინ, როცა მტრედებს საკენკს უყრიდა.
თუ გინდათ, რომ ჯერ გული გაგითბეთ, მერე კი უეცრად თქვენი გული ნაფლეთებად იქცეს, “მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ” ამ საქმეს გაგიმარტივებთ. ხოლო თუ ეს საკმარისი არ იქნება, წიგნის დახურვისთანავე, მენზელის გადაღებული ეკრანიზაციაც ჩართეთ და თქვენი გატეხილი გულის ნაწილებს სამუდამოდ გამოემშვიდობეთ.
3. რობერტ მუზილი - ,,ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა''
მოემზადეთ, რადგან ამ სასიყვარულო რუბრიკაში მორიგი ისეთი წიგნი უნდა გირჩიოთ, რომელიც ყველაფერზეა, გარდა წრფელი სიყვარულისა. “ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა” კლასიკური “ბილდუნგსრომანია” - ახალგაზრდა ტერლესი ყმაწვილი ბიჭებით სავსე ინტერნატში აღმოჩნდება, სწორედ იქ, სადაც მის ვნებებს დამთრგუნველი ბერკეტი სრულიად მოეხსნება და აქამდე უცხო და მრავალფერი შეგრძნებები ერთიანად ამოხეთქავს. ტერლესი საკუთარი მყიფე სექსუალობის წინაშე მარტოდმარტო აღმოჩნდება და არ იცის, როგორ მოიქცეს, საით მიმართოს მისი ეს მჩქეფარე ენერგია, რომელსაც აქამდე, მისგან დამოუკიდებლად, დედამისი მართავდა. ტერლესმა თეორიულად კარგად იცის, სიყვარული რასაც ნიშნავს, თუმცა, როგორც კი სიყვარულის შინაარსთან მიახლოებული განცდები თავბრუს დაახვევს, ბუნდოვანი წარმოდგენაც კი აღარ აქვს, დასწავლილი კატეგორიებიდან რომელი რომელს მიაკუთვნოს. რომანის დასასრულს, მიხვდებით, რომ, ცხოვრებაზე თქვენც არაფერი გცოდნიათ, რომ დედათქვენს თქვენთვისაც მოუყენებია მოუშუშებელი ჭრილობები და რომ სიყვარული სინამდვილეში საერთოდაც არ არის ის, რაც აქამდე გეგონათ.
თუ წიგნის დახურვის მერე მიხვდებით, რომ თქვენც ჩემსავით შეგიყვარდათ თავგზააბნეული ყმაწვილი ტერლესი და ისიც გაინტერესებთ, სხვების გონებაშიც ისეთნაირად გამოიყურება თუ არა, როგორც თქვენსაში, მაშინ ვოლკერ შლენდორფის ეკრანიზაციაც ჩართეთ და ბოლომდე გადაეშვით თქვენი მივიწყებული ტრავმების მორევში.
4. ირაჯ ფეზეშქზადი - ,,ბიძაჩემი ნაპოლეონი''
“საითაც არ უნდა მექცია გვერდი, საითაც არ უნდა მიმემართა ფიქრი, მის შავ თვალებს ისე ცხადად ვხედავდი, თითქოს მართლაც თვალწინ მყოლოდა.”
მეცხრამეტე საუკუნის თეირანი და მდიდრული გვარის ოჯახში დატრიალებული ამბები თუ გაინტერესებთ, ოჯახური საგებიც გიყვართ და აკრძალული სიყვარულის დიდი გულშემატკივარიც ხართ, ეს რომანი თქვენთვისაა. “ბიძაჩემი ნაპოლეონი” კრებითი სახელია ყველა დიქტატორისთვის. ყველაფერი თან მის გარშემო ხდება, თან მის ზურგს უკან და თანაც აბსოლუტური კონტროლის ილუზიაში ცხოვრობს. ირანის პოლიტიკური კრიზისი, ფარული მახინაციები და ახალგაზრდული სიყვარული - ამ ყველაფრის სინთეზი რომანს დაუვიწყარი ამბების დაუვიწყარ კორიანტელად აქცევს.
და ბოლოს, თუ ვალენტინობის დღე ჯერ კიდევ არ დაგიგემავთ, თუმცა, დაუვიწყარ თავგადასავალზე უარს არ იტყოდით, სიტყვაზე მენდეთ და მატიას ენარის “კომპასი” გადაშალეთ. პირველივე გვერდიდან, არც მეტი, არც ნაკლები, მუსიკათმცოდნე ფრანცის სიზმრისეულ მოგონებებში ამოყოფთ თავს, მალევე აღმოსავლეთმცოდნე სარას გადაეყრებით და ამ ორი პროტაგონისტის მგზნებარე აღმოსავლური ვოიაჟის ნაფლეთებში მოგიწევთ გზის გაკვალვა. “კომპასი”, ერთი მხრივ, თქვენს ინტელექტუალურ სიხარბეს სრულად დააკმაყოფილებს, მეორე მხრივ კი, მზად იყავით, რომ საკუთარი ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობის განცდამ რამდენიმე ღამე გაგათენებინოთ. აღმოსავლეთის სიშორისა და სიუცხოვის მიმზიდველობა და მუსიკის ძალით ამჩატებული მთავარი პერსონაჟები მოსვენებას არ მოგცემთ, აგაწრიალებთ და სამყაროს საშიშ, თუმცა, მომნუსხველ სილამაზესა და მასშტაბურობას შეგახსენებთ. თუ აღმოსავლეთში გადაკარგულ ორ ერთმანეთზე გაგიჟებულ პერსონაჟთან ერთად მოგზაურობას წიგნის დასრულების შემდეგაც ვერ შეელევით და მატიას ენარიც ჩემსავით თავდავიწყებით შეგიყვარდებათ, მაშინ არ იყოყმანოთ, “ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე” მოიკვლიეთ და სულთნის კარზე დატრიალებულ ინტრიგებში გახლართვის არ შეგეშინდეთ, რადგან ასეთ ამბავს სხვაგან ვერსად წაიკითხავთ.
ბლოგის ავტორი: ნათია ღელეყვა