გამომცემლობის შესახებ
„დიოგენე“ ერთ-ერთი პირველი გამომცემლობაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. არსებობის 27 წლის განმავლობაში ჩვენ გამოვეცით ათასობით წიგნი, ჩავატარეთ მრავალი ლიტერატურული კონკურსი, აღმოვაჩინეთ საინტერესო ქართველი და უცხოელი ავტორები და მთარგმნელები. გამომცემლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასკოლო სახელმძღვანელოებია და წლების მანძილზე ამ მიმართულებით ასობით წიგნი გვაქვს შექმნილი, რომელთა უმეტესობასაც განათლების სამინისტროს გრიფი აქვს მინიჭებული და მათ ათასობით სკოლა და მასწავლებელი იყენებს.
ყველაზე მეტი წიგნი ჩვენს გამომცემლობას მხატვრული ლიტერატურის ჟანრში აქვს გამოცემული. აქ იგულისხმება როგორც ქართული პროზა და პოეზია, ასევე თარგმანები სხვადასხვა ენებიდან. "დიოგენეს" თარგმანი მკითხველებისათვის ყოველთვის ხარისხთან ასოცირდება და ჩვენს წიგნებს სხვადასხვა წლებში არაერთი ლიტერატურული ჯილდო აქვს მოპოვებული.
არამხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა "დიოგენესთვის" ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წლების მანძილზე გამოიცა როგორც ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ნაშრომები, ისე ეკონომიკის, ბიზნესისა, პიარისა და მენეჯმენტის დარგების სახელმძღვანელოები.
არ უნდა გამოგვრჩეს არც საბავშვო წიგნები, რომელსაც ჩვენს გამომცემლობაში არცთუ დიდი, მაგრამ გამორჩეული ადგილი უჭირავს. ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელწინდასა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონის“ პირველი გადამუშავებული, ორიგინალთან შედარებული გამოცემები სწორედ ჩვენ გვეკუთვნის. გარდა საბავშვო მხატვრული ნაწარმოებებისა, გამოვეცით რამდენიმე განსაკუთრებული ენციკლოპედია და ატლასიც.
„დიოგენეს“ ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია ლიტერატურული კონკურსი „პენმარათონი“, რომელმაც სტარტი 2002 წელს აიღო და ბოლოს 2020 წელს, ონლაინ ფორმატში ჩატარდა.