სამი იაპონური წიგნის განხილვა - თათია მემარნიშვილი

სამი იაპონური წიგნის განხილვა - თათია მემარნიშვილი

30.06.2025
1210

წიგნებზე წერა ძალიან მიჭირს, განსაკუთრებით სხვისთვის რჩევა, რა წაიკითხოს. ჩემთვის უფრო ახლოს იაპონური ლიტერატურაა და აქაც იმ წიგნებს გირჩევთ ზაფხულისთვის, რომლებიც იაპონურ ლიტერატურასთან უფრო დაგაახლოვებთ. ხშირად მეკითხებიან, იაპონური ლიტერატურის კითხვა საიდან დავიწყოთო - ჩემი რჩევაა, აუცილებლად პირდაპირ იაპონურიდან ქართულად ნათარგმნი წიგნებით. 

აი, მათ შორის ყველაზე კარგი დასაწყისი კი, ჩემი აზრით, ბანანა იოშიმოტოს „სამზარეულოა“.

"სამზარეულო" მოგვითხრობს მწუხარებაზე, ურთიერთობებსა და მოულოდნელ ადგილებში კომფორტის პოვნაზე.  იოშიმოტო ფაქიზად გვიყვება სამზარეულოში შეფარებული გოგონას შესახებ, რომელიც ბებიის გარდაცვალების შემდეგ, ობლად დარჩენილი, ახალ ოჯახს ირჩევს და მათთან პოულობს სულიერ განკურნებას. სამზარეულო  ტრანსფორმაციის, სიმყუდროვის, ყოველდღიური ცხოვრების სიმარტივის და მრავალფეროვნების მეტაფორაა. პატარა წიგნია, ბევრ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ როგორც იაპონურ პროზას სჩვევია, ემოციურად, ღრმად მოგიყვებათ მწუხარების გადალახვაზე უმნიშვნელო მომენტებით და არა რაღაც დრამატული ამბებით. იოშიმოტო ოსტატურად აბალანსებს მელანქოლიას და იმედს. წიგნი გვიყვება, როგორ აღვადგინოთ ჩვენი ცხოვრება დანაკარგის შემდეგ, როგორ ვიპოვოთ ნუგეში, როგორც გარემოში, ისე ადამიანებსა და მათთან ურთიერთობებში. 

მეორე წიგნი, რომელიც იაპონურ ტრადიციებს, კულტურას, ოჯახურ ურთიერთობებს ყველაზე ნათლად წარმოაჩენს, ჯუნიჩირო ტანიძაკის „ნაზი თოვაა“. დროში სამოგზაუროდ ალბათ იდეალური ვარიანტია, რამდენიმე თავში შეიძლება, 30-იანი წლების იაპონურ ესთეტიკაში ამოყოთ თავი. წიგნი გვიყვება ოთხი დის შესახებ, მათი ურთიერთობებით ვიგებთ იმ დროის იაპონიაში დასავლური გავლენების კონფლიქტზე იაპონურ ტრადიციებთან. რომანის ზომიდან გამომდინარე, სრულად ვახერხებთ იმ გარემოში ჩაძირვას და ისევე განვიცდით ტაიფუნისა თუ წყალდიდობის ამბებს, როგორც საკუთარ თავზე გადახდენილს. “ნაზი თოვა“ გვიყვება ოჯახის სტრუქტურაზე, დრომოჭმულ ტრადიციებზე, ქორწინებასა და სიყვარულზე, გენდერულ როლებზე, ვესტერნიზაციაზე, ეკონომიკაზე, ცოტას იაპონურ მილიტარიზმზეც. მთელ რომანს ფონად გასდევს ტრადიციული ცხოვრების წარმავალი წესის მიმართ ნოსტალგია. ოჯახური საგები თუ გიყვართ, იდეალური ვარიანტია.

ოსამუ დაძაის შემაძრწუნებელი შედევრი „აღარ ვივარგებ ადამიანად" არის  საზოგადოებისგან და საკუთარი თავისგან გაუცხოებული ადამიანის იდეალური პორტრეტი. პირველ პირში მოყოლილი რომანი სავსეა აღსარებებით. ჩვენ თვალწინ  იოძო ობა, რომანის მთავარი გმირი, ფსიქოლოგიურად იშლება და ნადგურდება. თხრობას ამძიმებს იმის აღქმაც, რომ რომანი ნახევრად ავტობიოგრაფიულია. სრული სიცხადით ვხედავთ სასოწარკვეთის დამანგრეველ სიმძიმეს და აქ არაფერი ესაქმება  ტანჯვის რომანტიზებას. იოძოს არ შესწევს უნარი, თავი საზოგადოების ნაწილად იგრძნოს, ყოველთვის უცხო დამკვირვებლად რჩება. წიგნში იაპონური სოციალური წყობის ძლიერი კრიტიკის ამოკითხვაც შეიძლება, რომელიც ინდივიდუალიზმს თრგუნავს. დაძაი იმითაა გენიალური, რომ მკითხველს, ერთდროულად, ეზიზღება და თანაუგრძნობს მთავარ გმირს, რომელიც მუდმივად  საკუთარ თავს და შემდეგ სხვებს აზიანებს. „აღარ ვივარგებ ადამიანად" იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი სიტყვაა გაუცხოების შესახებ. საგულისხმოა ისიც, რომ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ მალევე ოსამუ დაძაიმ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.