ინტერვიუ მთარგმნელთან - თამთა ბოკერია

ინტერვიუ მთარგმნელთან - თამთა ბოკერია

10.07.2024
3043

ცოტა რამ იაპონურ ენაზე

იაპონურ ენას ალთაური ენების ოჯახს მიაკუთვნებენ. ის მცირე მგავსებას ავლენს კორეულთან, თუმცა იაპონური ენის წარმოშობის საკითხი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. იაპონური დამწერლობა ეფუძნება ჩინურ იეროგლიფებს, რომელთაც იაპონურად ქანჯი ჰქვია. გარდა ამისა, იაპონელები კიდევ ორ ანბანს იყენებენ. ესენია ჰირაგანა და კატაკანა. თუ იაპონური ენით დაინტერესდებით, მოგიწევთ, სამივე ანბანს გაეცნოთ, რადგან ნებისმიერ იაპონურენოვან ტექსტში დამწერლობის სამივე სახეობაა გამოყენებული და თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს. მართალია, იაპონური ანაბანები აგებულია იმავე იეროგლიფური დამწერლობის საფუძველზე, რაზეც ჩინური, თუმცა მათი მსგავსება მხოლოდ იეროგლიფების გრაფიკული გამოსახულებით შემოიფარგლება.


ის, რაც არ ვიცით ოსამუ დაძაიზე

ოსამუ დაძაის ნამდვილი სახელია შუჯი ცუშიმა. მისი ოჯახი ცუშიმას პრივილეგირებულ საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. მამამისი შეძლებული და დიდი ძალაუფლების მქონე ფიგურა გახლათ და, შესაბამისად, ოჯახი ფუფუნებაში ცხოვრობდა, მათი მამული კი სავსე იყო მსახურებითა და მოახლეებით. მომავალი მწერალი სწორედ მათ გარემოცვაში იზრდებოდა, რადგან მამა ყოველთვის ძალიან დაკავებული იყო, დედა კი სულ ავადმყოფობდა.
შუჯიმ ჯერ კიდევ ყმაწვილობაში გამოავლინა წერის ნიჭი და თავის ნაწერებს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალში აქვეყნებდა. სამწუხაროდ, როცა რიუნოსკე აკუტაგავამ თავი მოიკლა, დაძაი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა, რადგან მისთვის აკუტაგავა არა მხოლოდ სათაყვანებელი მწერალი, არამედ ცოცხალი ლეგენდა იყო. მან სმა დაიწყო, ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა და პირველად მაშინ სცადა თვითმკვლელობა. 
ალბათ, ცალკე თემაა დაძაის ქალებთან ურთიერთობა. ისევე, როგორც მისი რომანის პერსონაჟმა  იოძომ, დაძაიმაც, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ნამდვილი სიყვარული ვერ იპოვა. არც ერთი მისი ქორწინება და რომანი არ აღმოჩნდა ხანგრძლივი და ბედნიერი. პერიოდულად იგი კვლავ სასმელს უბრუნდებოდა, რის გამოც ისე შეერყა ჯანმრთელობა, რომ ბოლოს ტუბერკულოზით დაავადდა.
საერთოდ, მელანქოლია იყო ავადმყოფობა, რომლისგანაც ოსამუ დაძაიმ განკუნება ვერ შეძლო. მას ჰქონდა ხანმოკლე გამოფხიზლების პერიოდები, მაგრამ პირად ცხოვრებაში თუ სამწერლო ასპარეზზე სულ მცირე წარუმატებლობასაც კი მეტისმეტად მტკივნეულად განიცდიდა და ისევ დეპრესიაში ვარდებოდა. ამის გამო მან არაერთხელ გაიმეორა თვითმკვლელობის მცდელობა. 

1948 წლის 13 ივნისს ოსამუ დაძაიმ თავის საყვარელ ქალთან ერთად მდინარეში დაიხრჩო თავი. ასე ნაადრევად და ტრაგიკულად დასრულდა ამ უნიჭიერესი მწერლის  სიცოცხლე. მისი უკანასკნელი სიყვარული იყო ტომიე იამაძაკი, ვისთან ცხოვრების პერიოდშიც დაწერა ეს რომანი, რომლის წარმატებასაც თავად ვერ მოესწრო.  

რა საერთო აქვთ იოძო ობას და ოსამუ დაძაის

წიგნის მთავარი გმირი იოძო ობა მხიარული ბიჭია, რომელიც თავის ხუმრობებით ყველას ართობს და ახალისებს, თუმცა ან ნიღბის მიღმა იმალება ადამიანი, რომელიც მარტოობითა და უსიყვარულობით იტანჯება. უმეტესწილად ეს არის ავტობიოგრაფიული ჩანაწერები თავად მწერლის პირადი ცხოვრებიდან. 
მნიშვნელოვანია, რომ ლიტერატურულ პერსონაჟზე (იოძოზე), ისევე როგორც ავტორზე, დიდი გავლენა იქონია მამასთან ურთიერთობამ, რადგან მათთვის მამა იყო მთავარი ფიგურა, რომელმაც განსაზღვრა მათი ბედი, უფრო სწორად, მათი უბედობა. „შეუფერებელი საქციელის გამო“ იოძო არაერთხელ გარიყეს ოჯახიდან და შეუწყვიტეს ფინანსური დახმარება.  ზუსტად ასე  დაემართა თავად მწერალსაც. ჩემი აზრით, იოძო თავისი გარემოცვის მიერ მიუღებლობის მსხვერპლია და სწორედ ამან განაპირობა ინერციით მისი ისეთ გარემოში მოხვედრა, სადაც ფასეულობების საკითხი საერთოდ არ დგას. 
თვითმკვლელობის მორიგი  მცდელობის შემდეგ დაძაის ჯანმრთელობა  იმდენად გაუარესდა, რომ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება დაიწყო, მათზე დამოკიდებული გახდა და შემდეგ სასოწარკვეთილი ებრძოდა ამ დამოკიდებულებას. მწერალს რომანში თავისი ბიოგრაფიის ეს დეტალიც გამოყენებული აქვს, როდესაც იოძო ობა  მორფინზე დამოკიდებული ხდება და ნამდვილ ჯოჯოხეთს გაივლის, რომ ამ დამოკიდებულებას თავი დააღწიოს.  ავტორი არ გვეუბნება, იღუპება თუ არა იოძო, თუმცა ჩანს, რომ ბოლოს ის სრულიად მარტო რჩება და როგორც თვითონ ამბობს, იმის იმედიც გადაწურული აქვს, რომ  ადამიანად ივარგებს.
ამბავს, რომელიც წიგნშია მოთხრობილი, მძიმე ისტორიული ფონი აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ის დაიწერა, მეორე მსოფლიო ომი სულ ახალი დამთავრებული იყო. 

რატომ გადაწყვიტეთ ოსამუ დაძაის რომანის „აღარ ვივარგებ ადამიანად" თარგმნა და რა სირთულეებს წააწყდით თარგმნის პროცესში?

ოსამუ დაძაი იაპონელი ახალგაზრდების უსაყვარლესი მწერალია, „აღარ ვივარგებ ადამიანად“  კი - მისი ყველაზე გახმაურებული რომანი. მიუხედავად იმისა,  რომ  საქართველოში ეს მწერალი ფართოდ ცნობილი არ არის, თაყვანისმცემლების გუნდი მას აქაც ჰყავს. ყოველთვის მიზიდავდა მისი შემოქმედება, თუმცა კონკრეტულად ამ რომანის თარგმნისკენ ახალგაზრდების დაინტერესებამ მიბიძგა.  შევამჩნიე, რომ ქართველი სტუდენტები დაძაის რომანებს ინგლისურ ენაზე კითხულობდნენ და როდესაც ვკითხე, ქართულად რომ ყოფილიყო თარგმნილი, თუ წაიკითხავდით-მეთქი, სიხარულით დამეთანხმნენ. მაშინ გადავწყვიტე, გამბედაობა მომეკრიბა და რამდენიმე გვერდის გადათარგმნა მეცადა.
ამ წიგნის თარგმნისას ჩემთვის ძირითადი სირთულე მთავარი გმირის ფსიქოლოგიური პორტრეტის შეცნობა იყო, რადგან იოძოს ტკივილი ბოლომდე უნდა გამეაზრებინა და ამ ტკივილის მიზეზების ანალიზი მომეხდინა, რაც, გამოგიტყდებით, იმაზე ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე მუშაობის დაწყების მომენტში წარმომედგინა. მთელი ის პერიოდი, როცა ამ თარგმანზე ვმუშაობდი, მიწევდა, იოძოს სატკივრით მეცხოვრა. 
რაც შეეხება უშუალოდ თარგმანის სირთულეს, ალბათ, ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის დაძაის წერის მანერა იყო, რომელიც ძალიან გრძელი წინადადებებით გამოირჩევა. დედანში არის ისეთი პასაჟებიც, რომლებიც მთელ ორ გვერდზე იშლება, მხოლოდ მძიმეების გამოყენებით, წერტილების გარეშე. იაპონური ენა იტანს ამგვარ სალიტერატურო სტილს, ქართულ ენაში კი ამის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია, თუმცა ძალიან ვეცადე, კომპოზიცია არ დამერღვია და იმედი მაქვს, გამომივიდა.   

რატომ არის საინტერესო ეს წიგნი ქართველი მკითხველისთვის?

პიროვნული იზოლაციის საკითხი, ალბათ, ყველა საზოგადოებაში დგას და არც ჩვენი საზოგადობაა გამონაკლისი. გარდა ამისა, ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების პრობლება ჩვენთვის ძალზე მტკივნეული თემაა. მგონია, რომ ამ წიგნიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.  იოძოს, ანუ დაძაის, ცხოვრება იმის მკაფიო მაგალითია, თუ რამდენად ტრაგიკული შედეგებით შეიძლება დასრულდეს საზოგადოების მხრიდან ადამიანის იგნორირება  და პირიქით - თავად ამ ადამიანის მიერ საზოგადობისთვის ზურგის შექცევა. ეს პიროვნული ტრაგედიაა. ასეთი გამოცდა ნებისმიერისთვის შეიძლება გამანადურებელი აღმოჩნდეს. ვისურვებდი, იოძოს  გაცნობის შემდეგ მკითხველი დაფიქრდეს, რამდენად ძვირად ფასობს მეტი ადამიანურობა და ემპათია. ვფიქრობ, რომ ასე შევძლებთ მარტოობისგან გადავარჩინოთ საკუთარი თავიც და ერთმანეთიც.