რა წავიკითხოთ ზაფხულში?

რა წავიკითხოთ ზაფხულში?

27.05.2024
4411

ზაფხული დასვენების, განტვირთვისა და მოგზაურობის დროა, მათ შორის - ლიტერატურული მოგზაურობის. ამ სეზონის ცხელ დღეებში, ლურჯი ზღვის სანაპიროზე თუ სოფლის ხასხასა მწვანე ეზოში, ყოველთვის გამოვნახავთ დროს ჩვენთვის უცნობ სამყაროში ჩასაძირად და რაღაც ახლის შესაცნობად. პირადად მე ეს სეზონი განსაკუთრებით მიყვარს (და არა მარტო რუჯის, ალერსიანი ზღვის თუ სიმწვანის გამო) - ამ დროს ხომ ყველაფერს განსაკუთრებული არომატი და ელფერი აქვს... ამიტომ ზაფხულისთვის შესაფერისი განწყობის წიგნებიც გვჭირდება.
გაზაფხული თითქმის გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის ლიტერატურული მოგზაურობისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო  აღარ გვაქვს. თუ ჯერ ვერ მოიფიქრეთ, რისი წაკითხვა გსურთ ამ ზაფხულს, ჩემს რეკომენდაციებს გაგიზიარებთ, იქნებ აქ აღმოაჩინოთ ის, რაც თქვენს დასვენებას გაალამაზებს.


სტოუნერი
სარეკომენდაციო ლიტერატურის ჩამონათვალს ფრიად საინტერესო წიგნით დავიწყებ. წარმოიდგინეთ ზაფხულის ყველაზე ცხელი დღე. იგრძენით, როგორ გეზარებათ ყველაფერი? რა ზანტად მოძრაობთ და ახლობლებთან ლაპარაკის თავიც კი არ გაქვთ?  ჯონ უილიამსის „სტოუნერი“ სწორედ ასეთ დღეს ჰგავს. ნუ შეგაშფოთებთ ჩემი სიტყვები, რადგან ასეთ დღეებს განსაკუთრებით სასიამოვნო საღამოები მოჰყვება ხოლმე - როცა მზე ჰორიზონტს მოეფარება, მაცოცხლებელი სიგრილე ჩამოწვება და თქვენც მეგობრებთან დროის გატარებისთვის მზად ხართ. უილიამ სტოუნერიც ხომ ნელი ტემპით, დუნედ მიუყვება ცხოვრების გზას, თუმცა მაინც პოულობს მასში სასიამოვნო მომენტებს. ჩვენც, ყველანი პირველად გავდივართ  ცხოვრების გზას, ამიტომაც არის, რომ თითოეულ ჩვენგანს მნიშვნელოვანი რაღაცების ამოსაცნობად განსხვავებული ტემპი გვჭირდება. 
წიგნი ნელა, მაგრამ სასიამოვნოდ იკითხება, ისეთ ტემპში, როგორიც თავად უილიამია.  მისი ცხოვრების ისტორიის გაგება ნამდვილად  დაგაინტერესებთ. აქ ყველაფერი ერთმანეთშია  გადახლართული: სიყვარული, მეგობრობა, ოცნებები, უამრავი იმედგაცრუება, პრინციპებისა და რწმენის გამოცდა.


ყოფის აუტანელი სიმსუბუქე
დროა, პრაღის ქუჩებში გადავინაცვლოთ, სადაც ალკოჰოლურ სასმელთან  ერთად ფილოსოფიური საუბრებიც გველის. წიგნი ორი ადამიანს ჩახლართულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს. მილან კუნდერა ამას საოცარი ირონიითა და კიდევ უფრო საოცარი სიმსუბუქით აკეთებს. ეს წიგნი ზაფხულის ნებისმიერ საღამოს დაგიმშვენებთ და თან მეგობრებთან განსახილველი საკითხების სიასაც შეემატება - ვინ არ დამტკბარა  შუაღამის უცნაური საუბრების მაგიით? 
თუ ჯერ ვერ მოახერხეთ ამ ავტორის გაცნობა, შანსი გეძლევათ, მის მაგნუმ ოპუსს გაეცნოთ. მერწმუნეთ, ასეთი „აუტანელი“ სიმსუბუქით ფილოსოფიაზე ჯერ არავის უსაუბრია.


აღარ ვივარგებ ადამიანად
თუ ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევა  და განმარტოება გიზიდავთ, ეს წიგნი მოგეწონებათ. ცნობილი იაპონელი მწერლის, ოსამუ დაძაის „აღარ ვივარგებ ადამიანად“ სევდიანი, აუტანელი და სადღაც მიჩქმალული მარტოობის ზეობაა. ნაწარმოების პროტაგონისტი პროვინციაშია დაბადებული, თუმცა საკუთარი თავის ძიების პროცესში ტოკიოში გადადის საცხოვრებლად და ხატვის შესწავლას ცდილობს, უნდა, ნამდვილი მხატვარი გახდეს, თუმცა ამაში ხელს უშლის შინაგანი დაპირისპირებები, პირველ რიგში,  იმ გარემოს მიმართ, რომელშიც გაიზარდა და ცხოვრობს. სხვა ადამიანების მიმართ გაუცხოება საბოლოოდ საკუთარი თავის მიმართ გაუცხოებასა და ერთგვარ სიძულვილში გადაიზრდება...  შეძლებს თუ არა პერსონაჟი  ჰარმონიის პოვნას და საზოგადოებასთან გულახდილ დიალოგს?? ამის გასაგებად მოგიწევთ „დიოგენეს“ ამ სიახლის წაკითხვა, რომელსაც იაპონური  ლიტერატურის მოყვარულები, ალბათ, დიდი ინტრესით ელოდებოდით. მეტი ემოციურობისთვის, გირჩევთ, ზაფხულის ყველაზე წვიმიანი საღამო შეარჩიოთ და ისე გადაეშვათ იოძა ობას სამყაროში.


რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ
ეს წიგნი მოგვითხრობს ცხოვრებისა და ემოციების ლაბირინთებში დაკარგული ადამიანების ამბებს. ამერიკელი მწერალი რეიმონდ კარვერი გასაოცარი ირონიითა და მინიმალიზმით აღწერს თითოეულ ამბავს. კრებული არცერთ მკითხველს არ დატოვებს გულგრილად. გაგაოცებთ როგორც ავტორის წერის მანერა, ისე ის, თუ რის თქმას ცდილობენ პერსონაჟები. რაც ყველაზე საინტერესოდ მიმაჩნია - ისინი სიტყვების ნაცვლად საქციელით გვიყვებიან იმას, რაც აწუხებთ.
წიგნი მსუბუქად და სწრაფად იკითხება. იდეალური წიგნია მგზავრობის დროს საკითხავად. დრო ისე სწრაფად და სასიამოვნოდ გაივლის, რომ ვერც კი მიხვდებით, როდის აღმოჩნდით დანიშნულების ადგილას.


კასტელიო კალვინის, ანუ სინდისი ძალადობის წინააღმდეგ
ბოლოსთვის შემოვინახე წიგნი, რომელსაც იმათ ვურჩევ, ვისაც მხატვრულ ლიტერატურაზე მეტად არამხატვრული ლიტერატურა იზიდავს. შტეფან ცვაიგმა დიდი ხანია, დაიმსახურა ქართველი მკითხველის (და არა მარტო მისი) სიყვარული, თუმცა წიგნი, რომელზეც დღეს ვსაუბრობ, „დიოგენეს“ სიახლეა და ქართულად პირველად ითარგმნა.
როდისმე თუ გიფიქრიათ, რა სიმახინჯე იმალება ფანატიზმში და რა სდევს მას თან? „კასტელიო კალვინის, ანუ სინდისი ძალადობის წინააღმდეგ“ არის წიგნი, რომელიც აცოცხლებს არა მხოლოდ ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს, არამედ წამოსწევს უამრავ მორალურ თუ ეთიკურ საკითხს, მათ შორის ფანატიზმს. როცა ზაფხულის ზარმაცი დღეებისგან დაიღლებით და რაღაც საინტერესოსა და, ამავდროულად, მნიშვნელოვნის წაკითხვა მოგინდებათ, გირჩევთ, აუცილებლად შეეჭიდოთ ამ წიგნს.


სია, რა თქმა უნდა, უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს - კარგ წიგნებს რა დალევს? თუმცა, მეეჭვება, რომ ამ ბლოგის უსასრულოდ კითხვა მოგინდეთ. და რადგან უკვე გავედით ბოლოში, მინდა შეგახსენოთ, რომ 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით წიგნის ფესტივალი ჩატარდება, რომელზეც სასურველი წიგნების შეძენას ფასდაკლებით შეძლებთ. სიის შედგენა ამ საქმეს ძალიან გაგიმარტივებთ. მოიფიქრეთ უკვე, რას შეიძენთ ფესტივალზე? ან თქვენ თავად  რომელ წიგნებს ურჩევთ საზაფხულოდ კითხვაზე შეყვარებულ ახალგაზრდებს?

ბლოგის ავტორი - აირა მაისურაძე.