ქალები ლიტერატურაში -  რეკომენდაცია

ქალები ლიტერატურაში - რეკომენდაცია

08.03.2025
367

1. ჰანა არენდტი 

თუ დიდი ხანია ფიქრობთ, მარჩიელობთ, თავში ხელებს იშენთ და მაინც ვერ გადაწყვიტეთ, მეოცე საუკუნის პოლიტიკის ისტორიაში ობიექტურად - ყველაზე გავლენიანი და ცალსახად - ყველაზე საინტერესო მოაზროვნე ვინ არის, შეგიძლიათ ბევრი აღარ იფიქროთ, აღარც იმარჩიელოთ, თავშიც ნუღა დაიშენთ ხელებს, გინდ წაღმა, გინდ უკუღმა, პასუხი ერთია და მარტივი - ჰანა არენდტი. არენდტი თვლიდა, რომ ტოტალიტარიზმის სათავე მარტოობა. ის არ განიხილავდა მარტოობას ადამიანის ფსიქოტიპის ნაწილად, მისთვის მარტოობა იმგვარი პოლიტიკური მდგომარეობა იყო, რომელიც განპირობებულია ეკონომიკური კრიზისით, უმუშევრობითა და ელიტიზმით. “ბოროტების ბანალურობის ანგარიშის” სარვამარტოდ წაკითხვა კი შესანიშნავი იდეაა. თუ გაინტერესებთ, როგორ შეუძლიათ რიგით, ბიუროკრატიულად მოაზროვნე ადამიანებს ყველაზე მძიმე დანაშაულების ჩადენა, მაშინაც კი, როცა ისინი ბოროტები სულაც არ არიან. “აიხმანი ისერუსალიმში” აქამდე არსებული პოლიტიკური ნარატივების დეკოსნტრუქციის წარმატებული მცდელობაა. 


2. სიმონ ვეი - ღვთის მოლოდინი

„მე მისი მშურდა, რადგან მას ჰქონდა გული, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სცემდა. ერთ დღეს მასთან მიახლოება მოვახერხე. არ მახსოვს როგორ დავიწყეთ ლაპარაკი. მან ცალსახად გამომიცხადა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ერთადერთი რამ იყო მნიშვნელოვანი - რევოლუცია, რომელიც დედამიწაზე ყველა ადამიანს დააპურებდა. მეც არანაკლები პირდაპირობით ვუთხარი - მთავარი ის კი არ არის, რომ ადამიანები გაბედნიერდნენ, არამედ მათ არსებობას აზრი უნდა მიეცეს-მეთქი. მან ამხედ-დამხედა და მომიგო - ‘ადვილი შესამჩნევია, რომ არასოდეს ყოფილხარ მშიერიო’. ჩვენი ურთიერთობა აქ დასრულდა“. - სიმონ დე ბოვუარი სიმონ ვეიზე


მე თუ მკითხვათ, სიმონ ვეის ხმა მეოცე საუკუნის ფილოსოფიასა და ლიტერატურაში დღემდე არ ისმის საკმარისად კარგად. ოღონდ, მორიგი მოსაწყენი ფილოსოფოსი არ გეგონოთ. მთელი ცხოვრება ტოტალიტარიზმთან ბრძოლაში გაატარა, კომფორტულ საცხოვრებელ პირობებზე უარს ამბობდა, იატაკზე ეძინა და თითქმის არასდროს ჭამდა, ამით კი იმათ უცხადებდა სოლიდარობას, ვისაც ომის მძვინვარების ფონზე უწევდა არსებობა. ეს მემარცხენე და იდუმალი ფილოსოფოსი მორწმუნეც იყო, ეკლესიას სკეპტიკურად უყურებდა და ღმერთზე ძალიან ბევრს წერდა. სიმონ ვეი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით, არასათანადო კვების გამო.
ვეი წერდა, რომ სამყაროს შექმნით ღმერთი სამყაროდან გადის, სივრცეს თმობს, აბსოლუტურ სიყვარულად გარდაიქმნება. იმასაც წერდა, რომ ჩვენც, ადამიანებმაც, იგივეს გაკეთება უნდა ვცადოთ - დავთმოთ ძალაუფლების ილუზია, ეგო. სამყაროსთან თავისუფალ ურთიერთობაში უნდა შევიდეთ - ჩვენ ყველამ აუცილებლად ღმერთის სიყვარული უნდა მივიღოთ.

3. მაგდა კალანდაძე - მეორე ოთახი

“Sag mir, sag, wohin sie treiben, wo sie einmal bleiben, weiss nur der Wind.”

გავიხსენოთ კლასიკა. მაგდა კალანდაძის „მეორე ოთახი” იმ განსაკუთრებულ ქართულ პროზას ეკუთვნის, რომელიც ერთდროულად რეალურიცაა და მისტიკურიც. ეს არის ამბავი ქალებზე, სიჩუმეზე, ხმაურზე, სიყვარულზე და ცხოვრებაზე იმ სივრცეში, რომელიც ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანია, მაგრამ სინამდვილეში მთავარი აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ამბის ქალები არ არიან რაღაც შუალედურ ლიტერატურულ სივრცეში გაჭედილი პერსონაჟები, ისინი რეალური, შემზარავად რეალური ქალები არიან. სივრცე კი, რომელშიც ჰარმონიულად თუ ქაოსურად თანაარსებობენ, შემზარავად ნაცნობი სივრცეა. აქ შეხვდებით ყველაფერს, რაც შეყვარებულ ქალებზე უნდა იცოდეთ. ხოლო შეყვარებულობის ეს ემოციური სიმძაფრე თუ სხეულებრივი სიმძიმე მაგდა კალანდაძის ლიტერატურული ოსტატობის დამსახურებით, მთელი რომანის განმავლობაში არ მოგასვენებთ.

4. ირმა ტაველიძე - ბნელ წყლებში

ირმა ტაველიძის სადებიუტო რომანი “ბნელ წყლებში” წარსულის აჩრდილების დევნისა და გამოცდილებების გადააზრების მელოდრამაა. რომანის დასაწყისშივე მთავარი გმირი „წყვდიადის ტკბილ, ნეტარ გაურკვევლობაში” ჩაეფლობა და სამყაროს სიმბოლიზმის ქარტეხილებში ცდილობს გზის გაკვლევას. თხრობის ტრადიციულ ფორმებს ავტორი თავდაყირა აყენებს, სიმბოლოებს  უგულებელყოფს და სწორედ ასე ქმნის რომანისთვის თვითმყოფად და ქართული ლიტერატურული სფეროსთვის გაუცხოებულ უნიკალურ სტილს. ეს არის რომანი კონფორმიზმის ჩარჩოების გარღვევაზე, ინტუიციის ძალასა და სამყაროს დიდ ამბებზე. 

5. ნატალია გინძბურგი - ოჯახური ლექსიკა

მეოცე საუკუნის 40-იან წლებში ჯულიო ეინაუდი გამომცემლობა “ეინაუდის” აფუძნებს, სადაც მუშაობას იწყებენ იტალო კალვინო, ჩეზარე პავეზე, ნატალია გინძბურგი…
1963 წელს ნატალია გინძურგმა თავისი შესანიშნავი რომანი, “ოჯახური ლექსიკა” გამოაქვეყნა. ეს ტექსტი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ამბავია, თუმცა, რომანის შუაშივე მიხვდებით, რომ, სინამდვილეში, არ არსებობს ოჯახი, რომელიც ჩვეულებრივია; არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივები არიან და რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობენ ქალები, რომლებიც ჩვეულებრივები არიან. ეს რომანი ოჯახური რეალობის სრულყოფილი პარტიტურაა.