
,,ჩვენ დედამიწაზე დავდივართ''
საბავშვო რომანი „ჩვენ დედამიწაზე დავდივართ“, რომელიც პირველად 1989 წელს გამოიცა, მოგვითხრობს მოკლეშარვლიანი ბიჭის, გოგიტას ამბავს, რომელიც რაჭის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და ერთ დიდ საიდუმლოს ინახავს.
ავტორი ვალერი ჯინჭარაძე თვითონ დაიბადა რაჭის სოფელ ჭყვიშში და მთავარი პერსონაჟის პროტოტიპსაც წარმოადგენს, ერთი განსხვავებით: სწავლა თვითონ ძალიან უყვარდა და ერთი ორიანიც კი არასოდეს მიუღია. წიგნში აღწერილი ადგილები საოცრად ჰგავს მისი ბავშვობის ნაცნობ ადგილებს. თუმცა წიგნი ავტორის დედულეთში, ლეჩხუმში იწერებოდა. წერის დროს ვალერი ჯინჭარაძეს გარს ეხვეოდნენ უმცროსი და-ძმა, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, რომელთა სახელებიც მან წიგნის გმირებს მოარგო.
ჩვენთვის, ავტორის შვილებისთვის, წიგნის პირველი და მეათე წაკითხვა ერთნაირად შთამბეჭდავია, რადგან ის ჩვენში საოცრად შინაურულ შეგრძნებებს აღძრავს. წიგნიდან აღებული ციტატებით დღემდე ხშირად მივმართავთ ერთმანეთს. მაგალითად, თუ რაიმე არ მოგვეწონება, საკმარისია ვთქვათ „დაჯექი ბიძია, ვორი!“ რომ მაშინვე ცხადი ხდება, რას ვგულისხმობთ. ან რაიმე ამაღელვებელი ისტორიის თხრობას ვიწყებთ ფრაზით: „მე შენ გელაპარაკები, იქ ამბავი დატრიალდა...“
წიგნი თავიდან ყველა მოზარდისთვის ნაცნობი თემატიკით - მშობლებთან კონფლიქტით იწყება, მაგრამ უეცრად შემოდის ფანტასტიკის ჟანრი, რაც ამ რომანს განსაკუთრებულს ხდის.
„ჩვენ დედამიწაზე დავდივართ“ ახალი თაობისთვისაც აქტუალურია, რადგან ის ეხება ისეთ უნივერსალურ თემებს, როგორებიცაა თავისი თავის ძიება, მეგობრობა, მარტოობის განცდა, - თემები, რომლებიც პატარასა თუ დიდისთვის თანაბრად საინტერესოა. წიგნის მთავარი გზავნილი მის სათაურშივეა ჩამალული. „ჩვენ დედამიწაზე დავდივართ“ პატარა მკითხველს თავიდანვე უღვიძებს სამყაროს შეცნობის და მოვლის წყურვილს, აჩვენებს განათლების, სხვა კულტურების გაცნობის, ახლის სწავლის მნიშვნელობას. „ყველგანმავალი“, რომელიც მიწაზეც დადის, ცაშიც დაფრინავს და რომელსაც წყალში ცურვაც შეუძლია, თითქოს იმის სიმბოლოა, რომ შეიძლება რაჭის ერთ პატარა სოფელში იზრდებოდე, მაგრამ შენი გახსნილი გონებით და გულით მაინც მთელი სამყაროს შვილი იყო.
ბლოგის ავტორები: მარიამ ჯინჭარაძე, ანა ჯინჭარაძე