
ლა ფალაჩი
ორიანა ფალაჩი 1929 წელს მუშათა კლასის ოჯახში დაიბადა. 20 წლიდან ჟურნალისტურ საქმიანობას შეუდგა, თავიდან ჰოლივუდის, მოგვიანებით კი NASA-ს რეპორტიორი გახდა. მისი მრავალშრიანი ჟურნალისტური საქმიანობაც სწორედ აქედან დაიწყო და მალევე, მეოცე საუკუნის გლობალური პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კონტრავერსულ და გამბედავ ჟურნალისტად იქცა - რამდენიმე საათიანი ინტერვიუები და პროვოკაციული შეკითხვები სიგარეტის კვამლში გახვეულ ისეთ რესპოდენტებთან, როგორიც, მაგალითად, ჰენრი კისინჯერია, ამ ახალგაზრდა ქალის ხელწერა გახდა.
“ერთგვარი ინსტინქტი მაქვს” - ხშირად ამბობდა ხოლმე ფალაჩი, როცა მის ჟურნალისტურ სტრატეგიაზე ეკითხებოდნენ. საკუთარ თავს ჯადოქრადაც მოიხსენიებდა; მისივე თქმით, მოსმენის იშვიათად მაგიური ძალა გააჩნდა.
ჟურნალისტიკა ორიანა ფალაჩიმ ნატიფ ხელოვნებად აქცია - იმგვარ ხელოვნებად, რომელიც ითხოვს მდგრადობას, სიცხადეს, დისტანცირების უნახავ ნიჭს, უკომპრომისო სიმართლესა და ჭეშმარიტებას; რის საპირისპიროდაც დამონებული ფანტაზიის სუსტი და ბინძური თავმოყვარეობის შედეგად გაჩენილი მდაბიოობა დგას; რისი მსხვერპლი, საბოლოოდ, თვითონაც გახდა, როცა მისი სახელი ისლამოფობიასთან გაიგივდა (“ალაჰის შვილები ვირთხებივით მრავლდებიან” და სხვა მრავალი) - სამართლიანად თუ უსამართლოდ, ამაზე დუმილის უფლებას გამოვიყენებ და მისი ყველაზე გულმხურვალე აპოლოგეტის სტატუსს ამაყად შევინარჩუნებ.
დაუმორჩილებლობა ფალაჩისთვის ჟურნალისტიკის ესენციური ნაწილია. მისივე თქმით, არ იყო მორჩილი ნიშნავს, იცავდე სიმართლეს, სიმართლე კი ყოველთვის იმის საწინააღმდეგოა, რასაც ხალხს ეუბნებიან.
მისი ცხოვრების არც ერთი ეტაპი უინტერესო არ ყოფილა. ჯერ კიდევ NASA-ში მუშაობის დროს, ორიანაზე ჭკუადაკარგულ ასტრონავტ ჩარლზ პიტ კონრადს მთვარეზე გაფრენისას გულის ჯიბეში მისი ბავშვობისდროინდელი ფოტო ედო.
ორიანა დიქტატორებს მოსვენებას არ აძლევდა; იმდენადაც, რომ ისეთი კაცები, როგორებიც ფიდელ კასტრო, ჰენრი კისინჯერი და აითოლა ხომეინი იყვნენ, იძულებული ხდებოდნენ, ინტერვიუზე დათანხმებოდნენ, როგორმე ფალაჩის მარწუხებიდან თავი რომ დაეხსნათ. ინტერვიუები დღეების განმავლობაში გრძელდებოდა, დასაწყისში წელში გამართული, თავდაჯერებული და საკუთარი ძალაუფლებისგან გაბრუებული “ლიდერები” ინტერვიუების ბოლოს ხაფანგში მომწყვდეული თაგვებივით ფართხალებდნენ. ორიანა ფალაჩი დიქტატორებისთვის მოვლენილ ღამის კოშმარად იქცა.
1979 წელს აითოლა ხომეინთან ოთახში ორიანა ფალაჩი ჩადრით შევიდა, თუმცა, მოთმინება არ ეყო, მალევე ჩადრი მოიგლიჯა და ოთახი დატოვა. ფალაჩი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აითოლამ მეორე დღეს ისევ მიიღო. აითოლას შვილმა, აჰმედმა, ქალი რამდენჯერმე გააფრთხილა, სიტყვა “ჩადრი” იქნებ როგორმე აღარ ეხსენებინა. მოთმინება არც ამჯერად ეყო, სიტყვა “ჩადრიც” კვლავ უხსენა, რაზეც აითოლა ხომეინმა თურმე გულიანად გაიცინა. როგორც ინტერვიუს დასასრულს აჰმედმა ფალაჩის უთხრა, მამამისის სიცილი პირველად სწორედ იმ ოთახში ნახა. ასეა თუ ისე, ეს ინტერვიუ იმაზე შემზარავი და დამაინტრიგებელი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვინმე მოელოდა. არც ფალაჩი იხევდა უკან (და რატომღაც რომ) არც აითოლა.
ფალაჩი ფიქრობდა, რომ დასავლეთი რადიკალური ისლამიზაციის გარდაუვალი საფრთხის წინაშე იდგა. მუსლიმებს კოლონიზატერებად მიიჩნევდა. დარწმუნებული იყო, რომ დასავლეთი ძალიან მალე ისლამის კოლონიად, “ევრაბიად” (Eurabia), იქცეოდა. ყველაზე მეტად კი მუსლიმი ქალების ბედი და ისლამური წესრიგის სახელით აღკვეთილი მათი თავისუფლება აღელვებდა. საბოლოოდ, ფალაჩი, მეტნაკლებად სწორ კითხვებს სვამდა, ხოლო რამდენად სწორ პასუხებს პოულობდა, სადავო ამბავია.
ერთი მხრივ, ორიანას ისლამოფობიით გაჟღენთილი რეპლიკები, მეორე მხრივ, ქალით ერთდროულად გაღიზიანებული და აღფრთოვანებული აითოლას კარგად შეფარული სასოწარკვეთილება 70-იანი წლების მოულოდნელად გახმაურებულ მოვლენად იქცა.
რამდენად ტურბულენტურიც იყო ორიანას კარიერა, იმდენადვე ტურბულენტური იყო მისი პირადი ცხოვრება. ფალაჩისთვის რომ გეკითხათ, მძიმე და უბედურებებით დახუნძლული ცხოვრებით ცხოვრობდა. დედები იყვნენ ის ერთადერთი ადამიანები, ვისიც ფალაჩის სიცოცხლის ბოლომდე შურდა.
“შენ მკვდარი ხარ. ალბათ, მეც მოვკვდები. არა უშავს. იმიტომ, რომ სიცოცხლე არ კვდება.”
1975 წელს ორიანა ფალაჩიმ რომანი “წერილი ვერდაბადებულ ბავშვს” გამოაქვეყნა. ქალის ეს რომანი შინაგანი მონოლოგია დედასა და ჯერ არდაბადებულ შვილს შორის. ქალი ამ ტექსტით საკუთარი ბედის სიჯიუტესაც უსწორებს თვალს, თუმცა, სამყაროს მავნებლურად ნაჩურჩულები საიდუმლო სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ, კვლავ საიდუმლოდ რჩება - საიდუმლოდ მხოლოდ მისთვის და არავინ სხვისთვის. ორსულობის გამოცდილების ის გაუგონარი მასშტაბები, რისი სიტყვებში მოქცევაც თითქმის არავის გამოსდის ხოლმე, ფალაჩიმ ერთი ამოსუნთქვით საკითხავ პაწაწინა რომანში მოაქცია - მთელი თავისი მონუმენტურობით, შიშებით, ნატვრებითა და კოშმარებით.
საბოლოოდ, მისი ბედის უკუღმართობის მიუხედავად, ან, შეიძლება პირიქით, მისდაგამოც, ორიანა ფალაჩი თავისი მტკიცე, ურყევი და უშიშარი ხასიათით, აქამდე არნახული გაბედულების მოკრძალებული ხიბლით, დაუვიწყარი ქალია ევროპულ ლიტერატურასა და მთლიანად გლობალურ პოლიტიკაში.
ბლოგის ავტორი: ნათია ღელეყვა