
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიკითხოთ ვ.გ. ზებალდის "აუსტერლიცი"
ვ.გ. ზებალდის “აუსტერლიცი” მეოცე საუკუნის ევროპული ლიტერატურის უნიკალური ნიმუშია. “აუსტერლიცი” სტანდარტული ისტორიული რომანი არ გეგონოთ. ამ ტექსტში ერთდროულად მძიმე და მსუბუქი თხრობის სტილი დროისა და სივრცის აქამდე ჩვენთვის ნაცნობ საზღვრებს შეუმჩნევლად არღვევს.
რატომ მაინცდამაინც “აუსტერლიცი” ?
ხუთი მიზეზი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ „აუსტერლიცი“ თქვენი წიგნის თაროებზე ადგილს აუცილებლად იმსახურებს:
1. ტრავმა და მემკვიდრეობა, როგორც ხაფანგი
ზებალდი უჩვეულო ოსტატობით აცოცხლებს იმ წარსულს, რომელმაც არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი სამყაროს აწმყო და მომავალი განსაზღვრა. მოგონებების კორიანტელში ჩაკარგული მთავარი გმირი, ჟაკ აუსტერლიცი, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ხშირად სასოწარკვეთით, ზოგჯერ კი შემართებით, ცდილობს, აღადგინოს ის იდენტობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ქაოსში სადღაც გაებნა. საკუთარი ამბის ძიების გზაზე აუსტერლიცი თავისივე მოგონებების ხაფანგებში ებმება, ამ ხაფანგებიდან თავის დახსნის მცდელობები კი ტექსტის მთავარ ამბად იქცევა.
2. თხრობის უნიკალურობა
ზებალდის პროზა თხრობის ტრადიციულ ფორმებს თავდაყირა აყენებს – ის ქმნის ტექსტს, რომელიც ერთდროულად დოკუმენტურიცაა და პოეტურიც. ავტორი გაბედულად შლის საზღვრებს ლიტერატურასა და ისტორიულ ქრონიკას შორის, ქმნის უნიკალურ, ნოსტალგიურ და ინტელექტუალურად დატვირთულ ამბავს.
3. ვიზუალური თხრობა
ზებალდი პროზას ფოტომასალას ურთავს თან; ფოტოებს, რომლებიც ტექსტთან ერთად ერთიან, მრავალპლანიან შინაარსებს ქმნის. ამგვარი მეთოდი მკითხველს კიდევ უფრო ღრმად ითრევს ამბების სიმძაფრეში.
4. იდენტობისა და ისტორია
„აუსტერლიცი“ არის წიგნი ომისა და ემიგრაციის შედეგად სივრცეში გაჭედილი ადამიანების ბედისწერაზე. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ისტორიულმა ტრავმამ მთლიანად განსაზღვროს ინდივიდის ბედი და ფერფლად აქციოს მისი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც.
5. ევროპული არქიტექტურა, როგორც მოგონებების რუკა
ზებალდი ოსტატურად აღწერს ქალაქების არქიტექტურასა და ურბანულ სივრცეებს – ლონდონის სადგურები, პარიზის ქუჩები, პრაღის ძველი ნაგებობები, განსაკუთრებით კი ანტვერპის ცენტრალური სადგური – ყველაფერი ცოცხლდება და ტექსტის მთავარ ნაწილად იქცევა. ამ გზით, არქიტექტურა, თავისი სიმბოლური დატვირთვით, ერთადერთი რამაა, რაც სამუდამოდ იმახსოვრებს ადამიანებისთვის გამქრალი წარსულის ამბებს.
„აუსტერლიცი“ მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია არ არის – ის არის წიგნი კოლექტიური მეხსიერებისა და იმ უხილავი ძაფების შესახებ, რომლებიც ადამიანს ისტორიასთან შეიძლება აკავშირებდეს.
ბლოგის ავტორი: ნათია ღელეყვა