ბიძაჩემი ნაპოლეონი
„ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (1973) დღემდე ყველა თაობის ირანელის საყვარელი საკითხავია. რომანის ფრთიან გამოთქმებად ქცეულ ფრაზებს ყველა ირანელი ცნობს. წიგნის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ირანში შესვლის პერიოდში ხდება. თუმცა ძირითადი მოვლენები სხვა ფრონტზე ვითარდება – ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც განდიდების სენით შეპყრობილი „პატრიარქი“ მართავს. რა თქმა უნდა, ეს ისტორიაც სიყვარულით იწყება...
ირაჯ ფეზეშქზადი (1927-2022) თეირანში დაიბადა. იურიდიული განათლება ირანსა და საფრანგეთში მიიღო. ერთხანს მოსამართლედაც იმუშავა. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა მოთხრობების გამოქვეყნება დაიწყო. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ მწერალი საფრანგეთში დარჩა, სადაც ჟურნალისტად მუშაობდა. მისი ყველაზე გამორჩეული და გახმაურებული რომანია „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ – სოციალური სატირა, რომელსაც კრიტიკოსები „თანამედროვე სპარსული ლიტერატურის შედევრს“ უწოდებენ.