გიორგი ნოზაძე
ავტორი
ქართველი
გიორგი ნოზაძემ (1957) დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1979-82 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი მოსკოვში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში. 1983 წელს გახდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. სხვადასხვა დროს გახლდათ 126-ე სკოლის მასწავლებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს განათლების სამინისტროს ექსპერტი, გლობალური ფონდის ექსპერტი, პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ექსპერტი. 1998-2001 წლებში იყო ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამის ხელმძღვანელი, ქმნიდა სატრენინგო მასალასა და ეწეოდა სკოლის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას ადამიანის უფლებათა სწავლებაში აქტიური სწავლება/სწავლის მეთოდების გამოყენებით. 1999-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. მუშაობდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საგანმანათლებლო დეპარტამენტის უფროსად, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მათემატიკის კათედრის გამგედ. სხვადასხვა დროს იყო G-PriEd-ისა და USAID-ის მათემატიკის მიმართულების დირექტორი და თანამედროვე განათლების აკადემიის დირექტორი. დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის სწავლება/სწავლის დირექტორი. არის მოქალაქეობის VII კლასის სახელმძღვანელოს ავტორი/რედაქტორი.