„დიოგენეს“ 2021 წლის ლიტერატურული მოსავალი
მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი იმ წიგნებს, რომელიც "დიოგენემ" წელს გამოსცა
დავიწყოთ ჩვენი ყველა დროის ერთ-ერთი უცვლელი ბესტსელერით _ უმბერტო ეკოს „ვარდის სახელის“ სპეციალური, ლიმიტირებული გამოცემით. რომანს თან ერთვის უნიკალური ავტორისეული ესკიზები _ ნახატები და მინაწერები. ამ მასალიდან კარგად ჩანს, როგორ მუშაობდა ავტორი პერსონაჟთა ხასიათის გადმოცემაზე, არქიტექტურული დეტალების ასახვაზე, რა ღრმად შეისწავლა მან შუა საუკუნეების ყოფა და ნივთები, რომლებსაც ბერები იყენებდნენ მონასტერში _ სამუშაო იარაღები, ჭურჭელი, სამზარეულოს აღჭურვილობა. წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ, ჩანაწერების თარგმანი კი შეასრულა ნათია აბრამიშვილმა.
წელს ჩვენი ყველაზე მრავალ წიგნიან სერიას - „დიოგენეს ბიბლიოთეკას“ არაერთი მნიშვნელოვანი უცხოენოვანი ავტორის წიგნები შეემატა. პირველად ქართულ ენაზე გამოვიდა ცნობილი იტალიელი მწერლის, პრიმო ლევის მოთხრობების კრებული „პერიოდული სისტემა“, რომლის თარგმნისთვისაც ახალგაზრდა მთარგმნელმა ნათია აბრამიშვილმა „საბა 2021“-ის „საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის“ ნომინაცია მოიპოვა.
ქართველ მკითხველს ასევე პირველად მიეცა საშუალება, წაიკითხოს გამორჩეული ირლანდიელი ავტორის, უილიამ ტრევორის ნაწარმოებები. მოთხრობების კრებული „ნაწვიმარზე“ ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თარგმნეს. ეს ფაქიზი მოთხრობები ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურობაზე გვიყვება და მწერლის ფოკუსში მოხვედრილი დეტალები და მათი აღწერის ხელოვნება განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს.
„დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ პირველად გამოვიდა XX საუკუნის მნიშვნელოვანი იტალიელი ავტორის, ნატალია გინძბურგის რომანი „ოჯახური ლექსიკა“. წიგნში ნახსენები ადგილები, ამბები და მოქმედი გმირები ნამდვილია, მწერალს არაფერი გამოუგონია, თუმცა, როგორც თვითონ წერს: „მეხსიერება მყიფე რამაა და წიგნები, რომლებიც რეალობას ასახავს, სხვა არაფერია, თუ არა მკრთალი ანარეკლი და ნამსხვრევები იმისა, რაც გვინახავს ან გვსმენია“. წიგნისათვის გინძბურგს პრემია „სტრეგა“ მიანიჭეს. წიგნი იტალიურიდან მადონა ბოკუჩავამ თარგმნა.
მეივის გალანტი მეხუთე კანადელი ავტორია, რომლის წიგნიც „დიოგენემ“ პირველად გამოსცა. გალანტი, ელის მანროს მსგავსად, მოთხრობის ჟანრის დიდოსტატია. „მეთხუთმეტე უბნიდან“ ცხრა მოთხრობისგან შემდგარი კრებულია. მოთხრობებში აღწერილი ამბები გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში ხდება, თუმცა მათ უმრავლესობას მაინც ერთი საერთო თემა აქვს - მეორე მსოფლიო ომი. წიგნი ინგლისურიდან ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თარგმნეს.
ზაფხულში გამოვეცით რობერტ მუზილის პირველი რომანი „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“, რომელიც მაია ბადრიძემ თარგმნა. მწერალი უაღრესად ზუსტად და ფაქიზად აღწერს მშობლებისგან გამოყოფის ერთდროულად მტანჯველ და სასიამოვნო განცდებს მოზარდობისას. წიგნმა ჩვენს წლევანდელ ბესტსელერებში პირველი ადგილი დაიკავა.
ჩვენი მკითხველების საყვარელი ავტორის, ბოჰუმილ ჰრაბალის მცირე რომანი „მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ ასევე წლის ერთ-ერთი ბესტსელერია. ამბის მთხრობელი რკინიგზის სადგურის 22 წლის მორიგე მილოშ ჰრმაა, რომელიც გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრობს. მის ნაამბობში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ოკუპაციის თანმდევი და პიროვნული ტრაგედიები, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს კიდეც საკუთარი თავის ძიების გზაზე დამდგარი გმირის ბედისწერას. ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა.
სერიის კიდევ ერთი მარგალიტია მატიას ენარის გონკურით პრემირებული რომანი „კომპასი“. ამ რომან-ეპოპეის სიუჟეტი ერთ ღამეს მოიცავს, როცა უძილობით გაწამებულ მთავარ გმირს ფრანც რიტერს მოგონებები მოეძალება, მოგონებები საყვარელ ქალზე _ სარაზე და აღმოსავლეთზე. ფრანცი მუსიკათმცოდნეა, სარა _ აღმოსავლეთმცოდნე და მათი გზები სწორედ აღმოსავლეთში _ ირანში გადაიკვეთა. წიგნი ფრანგულიდან თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა.
აირის მერდოკი უკვე შეიყვარეთ რომანით „შავი პრინცი“. მისი ცნობილი რომანი „ზღვა, ზღვა“ წლის ბოლოს შეემატა „დიოგენეს ბიბლიოთეკას“. წიგნისათვის ავტორს ბუკერის პრემია მიანიჭეს. „ზღვა, ზღვა“ ადამიანად ყოფნის საზრისის ძიებაა. ნაწარმოების მთავარი გმირი დღიურის მსგავსი ჩანაწერებით ცდილობს, საკუთარი ცხოვრების ყველა ასპექტი გაიაზროს, შეცდომები თუ წარმატებები გააანალიზოს და შეგვახსენოს, რომ ცნობილი, წარმატებული, ერთი შეხედვით უდარდელი ადამიანის ცხოვრებაშიც დგება წუთი, როცა მას ყველაფრისგან გაქცევისა და საკუთარი სულიერი თუ გარემომცველი სამყაროს სრულად შეცნობის სურვილი უჩნდება. წიგნი ინგლისურიდან თამარ ლომიძემ თარგმნა.
პიტერ კერი თქვენთვის ასევე კარგად ნაცნობი ავტორია. ამჯერად თქვენ წინაშე მისი რომანი „კელის საძმოს უტყუარი ამბავი“, რომლისთვისაც მწერალმა რიგით მეორე ბუკერი მიიღო. ავტორი მთავარი გმირის – ნედ კელის – პირით მოგვითხრობს მის ცხოვრებას, ოთხი ადამიანისგან შემდგარი საძმოს შექმნისა და ხელისუფლებასთან დაპირისპირების ამბავს.
წიგნი ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ.
სერია „ET CETERA”-ში წელს კიდევ ორი უცხოენოვანი ავტორის წიგნები გამოვეცით.
თანამედროვე ფრანგი მწერლის ერიკ ვუიარის „დღის წესრიგი“ მცირე პროზის შესანიშნავი ნიმუშია და მისთვის ავტორს 2017 წელს გონკურის პრემია გადაეცა. წიგნი ფრანგულიდან თამარ ლომიძემ თარგმნა. ავტორი აღწერს გერმანული ნაციზმის ულმობელ სვლას დასახული მიზნისაკენ, რამაც ევროპის უდიდესი ნაწილი მხრჩოლავ ნანგრევებად აქცია და მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.
წლის ბოლოს სერია დააგვირგვინა ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის, ალფრედ ადლერის ფუნდამენტურმა ნაშრომმა „ადამიანის ბუნების შეცნობისათვის“. მასში ავტორი ადამიანის ქცევის კანონზომიერებებს განიხილავს და „ინდივიდუალური ფსიქოლოგიის“ საფუძვლებს აცნობს მკითხველს. წიგნი გერმანულიდან თამარ ბოგვერაძემ თარგმნა.
ასევე, 2021 წელს „ET CETERA”-ში ოთხი ქართველი ავტორის წიგნი გამოვიდა. მათ შორისაა ორი ახალგაზრდა მწერლის დებიუტი. ერთ-ერთია მაგდა კალანდაძის რომანი „მეორე ოთახი“, რომელიც შეულამაზებლად მოგვითხრობს ერთი ახალგაზრდა ქალის ცხოვრების - ტრავმების, შიშების და ვნებების შესახებ.
მეორე წიგნი მინდია არაბულის სადებიუტო მოთხრობების კრებული „ყოველი ამბის დასასრულია“. ლიტერატურის კრიტიკოსის ლექსო დორეული კრებულის ანოტაციაში წერს: „მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობათა სიუჟეტები მკვეთრად არის დაშორებული თანამედროვეობას, სოციალურ რეალობას, ყველა მათგანი განსაკუთრებული მხატვრული სიღრმითა და ირონიით ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ჩვენს აწმყოს“.
სერიას შეემატა კიდევ ორი ახალი ქართული რომანი. „ფერფლი“ თამარ ბართაის, ცნობილი დრამატურგის პირველი რომანია. წიგნში მკითხველის თვალწინ ემიგრანტი ქალის წარსული და აწმყო ცოცხლდება. ბედნიერ ბავშვობას ტრავმული ახალგაზრდობის წლები ცვლის.
ირმა ტაველიძის პირველი რომანი „ბნელ წყლებში“ კი ახალგაზრდა, პროვინციული თეატრის მსახიობზეა, რომელიც მოულოდნელად საავადმყოფოში აღმოჩნდება და თაყვანისმცემელი გოგონების ხშირი სტუმრობით გაბეზრებული თავის საფიქრალს მიეცემა.
წლის ბოლოს გამოვიდა მკითხველებისათვის კარგად ცნობილი მწერლისა და პოეტის, პაატა ბერიკაშვილის ბოლო, ფანტასმაგორიული რომანი „ყვითელი ცდომილის მსახური“. ნაწარმოების გმირები მძიმე დროების რუხ ტონებში შეფერილ ლანდებს ჰგვანან. ცვალებადი და უიმედოა მათი გუნება-განწყობაც. გროტესკული სახეები გროტესკულ რეალობაში მკაცრი ნეგატივია, მაგრამ ერთია მთავარი – მათ შეუძლიათ, იცინონ როგორც საკუთარ პერსონაზე, ისე დანარჩენ სამყაროზე. სიცილი კი გადარჩენის ერთგვარი შანსია.
ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ, „პალიტრა L”-თან გაგრძელდა მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის კლასიკის, პამელა ლინდონ ტრევერსის „მერი პოპინსის“ სერიის გამოცემა და ამ დროისათვის გამოცემულია მე-3, მე-4 და მე-5 ტომებიც.