ახალი წიგნები დიოგენეში

ახალი წიგნები დიოგენეში

15.04.2021
1105

თქვენ წინაშეა დიოგენეს ახალი გამოცემები:

  • უილიამ ტრევორი - „ნაწვიმარზე“

ირლანდიელი მწერლის უილიამ ტრევორის მოთხრობების კრებული „ნაწვიმარზე“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე. ინგლისურენოვან სამყაროში უილიამ ტრევორი თანამედროვეობის უდიდეს მწერლადაა აღიარებული მოთხრობის ჟანრში. მართალია, ცხოვრების უდიდესი ნაწილი მან ინგლისში გაატარა, მაგრამ თავისი მოთხრობებისთვის მასალის მოსაძებნად გამუდმებით მშობლიურ ირლანდიას უბრუნდებოდა. 
მთარგმნელები - ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე

  • პრიმო ლევი - „პერიოდული სისტემა“

ებრაული წარმოშობის იტალიელი პოეტი, მწერალი და ესეისტი პრიმო ლევი განათლებით ქიმიკოსი იყო. 1943 წელს ის დააპატიმრეს, ხოლო 1944 წელს ოსვენციმში გადაიყვანეს, სადაც მან თითქმის ერთი წელი გაატარა. 1975 წელს გამოსული წიგნი „პერიოდული სისტემა“ 21 მოთხრობისგან შედგება და პროფესიით ქიმიკოსმა მწერალმა თითოეულ მოთხრობას ქიმიური ელემენტის სახელი უწოდა. 
ავტორი თავისი „ქიმიური“ თვალთახედვიდან სწავლობს ადამიანებსა და საგნებს, ამგვარადვე იღებს ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს და სამყაროსა და საკუთარი თავის ირონიულად აღქმას იწყებს. მოთხრობების უმეტესობა ავტობიოგრაფიულია და მოიცავს ლევის ოჯახის და წინაპრების ისტორიას, ახალგაზრდობის წლებს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდსა და ოსვენციმში ყოფნის დროს. 
მთარგმნელი - ნათია აბრამიშვილი

  • თამარ ბართაია - „ფერფლი“

თამარ ბართაიას მკითხველი იცნობს, როგორც წარმატებულ დრამატურგს. მისი პიესები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და დადგმულია მსოფლიოს არაერთი თეატრის სცენაზე, მათ შორის, აშშ-ში (ნიუ-იორკი, ბროდვეი), დიდ ბრიტანეთში (ლონდონი, ედინბურგი) და სხვ. გამოცემული აქვს პიესების რამდენიმე კრებული. არის დრამატურგ ქალთა მსოფლიო ასოციაციის წევრი. მიღებული აქვს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პრემია, მათ შორის, ლიტერატურული პრემია „საბა“. „ფერფლი“ თამარ ბართაიას პირველი რომანია.
წიგნების შეძენა შეგიძლიათ წიგნის ნებისმიერ მაღაზიასა და ჩვენს ვებგვერდზე.