ახალი წიგნები თბილისის წიგნის ფესტივალზე!

ახალი წიგნები თბილისის წიგნის ფესტივალზე!

17.06.2021
788

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება და "დიოგენეს" გამომცემლობაც სიახლეებს გთავაზობთ. ჩვენს სტენდზე რამდენიმე ახალი წიგნი დაგხვდებათ:

  • ნატალია გინძბურგი - „ოჯახური ლექსიკა“

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იტალიელი ქალი ავტორი „დიოგენეში“ პირველად გამოიცემა. „ოჯახური ლექსიკა“ ნატალია გინძბურგმა 1963 წელს დაწერა. რომანმა იტალიის ყველაზე პრესტიჟული პრემია „სტრეგა“ მიიღო. ამ რომანმა ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ეს არის იუმორით განზავებული, მსუბუქი და ლაკონიური ენით დაწერილი მოგონებები დიდ ოჯახში გატარებულ ბავშვობასა და სიყმაწვილეზე, ომისწინა მღელვარე დროსა და ცხოვრების სირთულეებზე, რომლებიც ავტორმა ახლობლებთან ერთად გამოიარა. 
მთარგმნელი - მადონა ბოკუჩავა

  • რობერტ მუზილი - „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“

„ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ უდიდესი ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880 - 1942) პირველი რომანია, რომელიც 1906 წელს გამოიცა. მწერალი უაღრესად ზუსტად და ფაქიზად აღწერს მშობლებისგან გამოყოფის ერთდროულად მტანჯველ და სასიამოვნო განცდებს მოზარდობისას. 
1966 წელს გერმანელმა რეჟისორმა ფოლკერ შლენდორფმა რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი სახელწოდებით „ახალგაზრდა ტერლესი“.
მთარგმნელი - მაია ბადრიძე

  • ბოჰუმილ ჰრაბალი - „მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“

„მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია. რა ხდება მაშინ, როდესაც ისტორიის ბობოქარ პერიოდში ადამიანი საკუთარ განსაცდელსაა შეჭიდებული, როგორ განსაზღვრავს სამშობლოს ბედი უბრალო მოქალაქის ცხოვრებასაც კი და რა ზემოქმედებას ახდენს პერსონაჟის ცნობიერებაზე მის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, ამის შესახებ მილოშ ჰრმა ჰრაბალის გმირებისთვის დამახასიათებელი მონდომებით გვიამბობს... 
წიგნის მიხედვით 1966 წელს რეჟისორმა ირჟი მენცელმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელმაც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ მოიპოვა.
მთარგმნელი - სულხან მუხიგულაშვილი

  • მატიას ენარი - „კომპასი“

მატიას ენარი, ცნობილი ფრანგი მწერალი და მთარგმნელი, არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. სწავლობდა ლუვრის სკოლაში, შემდეგ კი არაბულ და სპარსულ ენებს ეუფლებოდა. 
„კომპასი“, რომლისთვისაც მწერალს 2015 წელს გონკურის პრემია მიენიჭა, თვალწინ გვიშლის აღმოსავლეთს, რომელიც თავისი იდუმალებით ოდითგანვე ხიბლავდა და იზიდავდა დასავლელ ხელოვანებს. 
მთარგმნელი - პაატა ჯავახიშვილი

ფესტივალი 24-27 ივნისს, 11:00-21:00 საათებში „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება. 
შეგახსენებთ, რომ ფესტივალზე დასწრება უფასოა და ამისათვის საჭიროა, წინასწარ დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე: https://bit.ly/2TuwasW 
გიზიარებთ ჩვენს კატალოგს, რათა თქვენთვის სასურველი წიგნები წინასწარ შეარჩიოთ.