ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში
ჰანტერ ს. თომპსონი 1937 წელს კენტაკის შტატის ქალაქ ლუისვილში დაიბადა. ვიდრე ლეგენდარულ „ზაფრა და გულისრევას“ დაწერდა, მოასწრო ძარცვაში თანამონაწილეობის ბრალდებით სასჯელი მოეხადა, სამხედრო-საჰაერო ძალებში ემსახურა და თავისი გიჟური რეპორტაჟებით შეექმნა გონზო-ჟურნალისტიკა - სტილი, რომელიც აღწერილ მოვლენებში ავტორის უშუალო მონაწილეობას, ამბის მძაფრი ემოციებით გადმოცემას და, შიგადაშიგ, ამ ემოციების სინაღდის დასტურად არანორმატიული ლექსიკის მოშველიებას გულისხმობს.
„ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით - „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებ-დამგდებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთავარი გმირის - რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლას-ვეგასში, ამერიკული ოცნების საძიებლად გამგზავრების ამბავი.