გამოვიდა ჩვენი ბესტსელერების ახალი ტირაჟები!

გამოვიდა ჩვენი ბესტსელერების ახალი ტირაჟები!

21.03.2021
1008

ბესტსელერები, რომელთა ახალ ტირაჟსაც ყველა ელოდით, ხელახლა დაიბეჭდა.
დანიელ პენაკის ორმა რომანმა - „სკოლის სევდა“ და „რომანივით საკითხავი“ - უკვე არაერთი მკითხველის გული მოიგო და იმედია, კვლავაც გააგრძელებს. „რომანივით საკითხავი“ უნატიფესი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა ის „უკურნებელი სენი“ შევყაროთ, რასაც ლიტერატურის და, ზოგადად, კითხვის სიყვარული ჰქვია. წიგნი ფრანგულიდან თარგმნა ია ბერსენაძემ.

„სკოლის სევდა“ აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში, პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების ურთულეს პროცესში. წიგნი ფრანგულიდან მერაბ ფიფიამ თარგმნა.

კენ კიზის „...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ 1962 წელს დაიწერა. მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათია წიგნი, რომელიც ასე ზუსტად გამოხატავს კონკრეტული ეპოქის სულს და, ამავდროულად, მარადიულ ფასეულობებს ეხმიანება - ინდივიდისა და სოციუმის ურთიერთობა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, საკუთარი ფესვების ძიება... წიგნის მიხედვით 1975 წელს მილოშ ფორმანმა ლეგენდარული ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა. მთარგმნელი - ზაზა ჭილაძე.

იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ გამოსვლისთანავე საყოველთაო აღიარება მოუტანა 24 წლის ავტორს. ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება. განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანიშნავად გამოსდის და ერთგვარად ეხმარება კიდეც _ დარჩეს ბოლომდე გულწრფელი, თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს. „ნიღბის აღსარება“ მწერლის მეორე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. წიგნი იაპონურიდან თარგმნა თათია მემარნიშვილმა.
წიგნების შეძენა შეგიძლიათ წიგნის ნებისმიერ მაღაზიასა და ჩვენს ვებგვერდზე.