ინტერვიუ ავტორთან - ივერი შარაშენიძე

ინტერვიუ ავტორთან - ივერი შარაშენიძე

14.08.2024
1054

1. თქვენ შესახებ.
ინგლისური ენა და ბიზნესკომუნიკაციები ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო და ჯერ კიდევ უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვის ხელოვნების შესწავლასთან ერთად, სისტემატურად ვერთვებოდი სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში ტრენერის,  საერთაშორისო ბიზნესკლუბის ბორდის წევრის,  შემდგომ კი უკვე პრეზიდენტის სტატუსით. ვფიქრობ, ინგლისურ ენაზე მიღებულმა   საერთაშორისო განათლებამ შემიქმნა იმის საფუძველი და მოტივაცია, რომ დავხმარებოდი ბიზნესსფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს.   პირადი გამოცდილება,  ჩემი პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით ათვისებული სწავლების მეთოდები, უნარ-ჩვებები/გაზიარებული გამოცდილება და საკუთარ თავზე მუშაობა დამეხმარა, ბიზნესინგლისურით დაინტერესებული ადამიანებისთვის შემეთავაზებინა ისეთი პროგრამა, რომელიც შრომით ბაზარსაც მოერგებოდა  და  ამ ადამიანების ინდივიდუალურ საჭიროებებსაც გაითვალისწინებდა. ვფიქრობ,  ამ საქმეში  მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აგრეთვე წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობამ. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ უკვე მეოთხე წელია, ვასწავლი ბიზნესინგლისურს  და ადამიანებს საკუთარი მიზნების მიღწევაში ვეხმარები.

2. ვისთვის არის განკუთვნილი ეს წიგნი?
„ბიზნესინგლისურის დიალოგები“  არის სასწავლო რესურსი, რომელშიც დიალოგების საშუალებით მოწოდებულია ბიზნესსამყაროში არსებული ის მნიშვნელოვანი კონცეფციები თუ თეორიები, რომელთა ცოდნაც ინგლისურენოვან გარემოში დასაქმების ნებისმიერი მსურველისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად,  ეს იქნება სამაგიდო წიგნი  მათთვის, ვისაც სურს პროფესიული ლექსიკის ათვისება.  წიგნში დიალოგები წარმოდგენილია მოდელირებული სიტუაციური ანალიზის პრინციპით და მოქმედება მიმდინარეობს ერთი კომპანიის მაგალითზე,  ერთიანი სცენარით. ეს  რესურსი, სხვადასხვა ენობრივი უნარის გაუმჯობესების შესაძლებლობის პარალელურად, შემსწავლელს  ბიზნესპროცესებისა და მათი კავშირის ზოგად სურათს უხატავს.

3. რა გამოწვევამ განაპირობა  მისი შექმნა?
ყოველთვის მინდოდა, შემექმნა სასწავლო რესურსი ბიზნესინგლისურის მიმართულებით, რომელიც ქართულ შრომით ბაზარზე დასაქმებულთა თუ დასაქმების მსურველთა საჭიროებებს მოერგებოდა.  პრაქტიკაში ხშირად მიწევდა გარკვეული მასალების შექმნა/დამუშავება და  სასწავლო რესურსების მომზადება ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ბიზნესინგლისურის საერთაშორისო სასწავლო მასალებში ზოგადი სახით არის წარმოდგენილი. ამიტომაც დიალოგების ნაწილი ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია და საგადახადო თემები. 
ზოგადად,  დიალოგებზე დაფუძნებული რესურსები ეფექტიანია ინგლისური ენის  ათვისებისას, რადგან ისინი  კონტექსტურ სწავლებას ემყარება, ინტერაქტიულ უნარებს ავითარებს, როლური თამაშისა და სიმულაციის საშუალებით სწავლის პროცესს უფრო დინამიკურსა და შთამბეჭდავს ხდის.
ასევე შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ტიპის რესურსი ბიზნესინგლისურის მიმართულებით ქართულ ბაზარზე აქამდე არ არსებობდა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ჩემი მოტივაცია, მემუშავა ამ კუთხით.. 


4. რას ურჩევდით მასწავლებლებს, რომლებმაც ეს წიგნი უნდა გამოიყენონ?
მასწავლებლებს ვურჩევდი, აღნიშნული წიგნი გამოიყენონ, როგორც დამატებითი/დამხმარე რესურსი. ამით სწავლა/სწავლების პროცესი გახდება უფრო მეტად ინტერაქტიული და პრაქტიკული.
დიალოგები შეიძლება გამოყენებული იქნას როლური თამაშებისთვის, დისკუსიებისთვის, სასწავლო-პრაქტიკული მაგალითების შესწავლისთვის, რაც დაეხმარება სდუტენტებს, დინამიკური და ინტერაქტიული გზით გაიუმჯობესონ და განივითარონ საკომუნიკაციო უნარები. კარგი იქნება, თუ შემსწავლელები, მასწავლებლის მხრიდან წაახალისებით, ჩაერთვებიან დიალოგებში,  შეითავსებენ როლებს სხვადასხვა ბიზნესსიტუაციისთვის და გაანალიზებენ გამოყენებულ ლექსიკას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ მიერ დამუშავებული მასალის გაგებასა და დამახსოვრებას. 
გარდა ამისა, თემატური მოსასმენი, ლექსიკური, სათარგმნი სავარჯიშოებისა და სალაპარაკო უნარების განვითარებისთვის განკუთვნილი სადისკუსიო კითხვებზე პასუხის გაცემა სწავლების პროცესს უფრო მრავალფეროვანს გახდის,  რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების ენობრივი უნარების მრავალმხრივ განვითარებას. 
 

5.გეგმავთ თუ არა მომავალში რომელიმე ახალ პროექტზე  მუშაობას?
ნებისმიერი მსგავსი სახის პროექტზე მუშაობა ჩემთვის შემოქმედებითი პროცესია, რომელსაც აუცილებლად უძღვის წინ ძალიან ბევრი დაკვირვება, გამოცდა და  უკუკავშირის მიღება შემსწავლელთა თუ მასწავლებელთა მხრიდან. 
რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, ამ მიმართულებით გავაფართოვო ჩემი საქმიანობა და, შესაბამისად, მაქვს გარკვეული იდეები, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ სამომავლო პროექტზე საუბრისგან თავს შევიკავებ.