ინტერვიუ მთარგმნელთან - ზურაბ მამნიაშვილი

ინტერვიუ მთარგმნელთან - ზურაბ მამნიაშვილი

25.03.2024
5095

1. რატომ გადაწყვიტეთ, ლუ სსუინის ,,ა ქიუს ნამდვილი ამბის“ თარგმნისთვის მოგეკიდათ ხელი და რა სირთულეებს წააწყდით თარგმნის პროცესში?

ცალკეული ჩინური სიტყვებისა და გამოთქმების ქართული შესატყვისების მოძებნა არ მიჭირს, რადგან ჩვენი ლექსიკონის სარედაქტორო ჯგუფთან ერთად, უკვე 11 წელია, ამ საქმეს ვაკეთებ. ლექსიკოგრაფია ჩემთვის დადებითი ემოციების წყაროა. მიხარია, როცა თვალნათლივ ვხედავ სიტყვა-სტატიების ყოველდღიურად მატებისა და დახვეწის პროცესს. მხატვრული თარგმანი კი სულ სხვა რამეა. მხატვრულ თარგმანს ვერიდები. მიუხედავად იმისა, რომ დასრულებული ნამუშევარი დიდ სიხარულს მანიჭებს, ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობს, არანორმალურად ბევრ დროსა და ენერგიას მართმევს. დაუსრულებლად ვეძებ თარგმანის იდეალურ ვარიანტს, ხან ერთი მომწონს, ხან მეორე, დროდადრო უიმედობა გიპყრობს... გადის საათები, დღეები, კვირები… ამას „შემოქმედებით წვას“ ვერ დავარქმევ, ჩემ შემთხვევაში ეს „შემოქმედებითი ტანჯვაა“, სხვა არაფერი. ამიტომ დღემდე სულ სამი ნაწარმოები მაქვს ნათარგმნი: ერთი სამხედრო ტრაქტატი (ძვ. წ. V საუკუნის), ერთი ლექსი (VII საუკუნის) და ერთიც ეს მოკლე რომანი (XX  საუკუნის დასაწყისის).
ტრაქტატი ვთარგმნე იმიტომ, რომ ძალიან მომხიბლა მისმა შინაარსმა, მასში აღწერილმა ომის კანონებმა, რომლებიც დღესაც, 26 საუკუნის შემდეგაც, მოქმედებს (შორს წასვლა არ დაგვჭირდება, უკრაინა-რუსეთის ომი ამის ცოცხალი მაგალითია). თარგმანი ყველას მოეწონა. ამან ძალიან გამამხნევა და  გადავწყვიტე, მეთარგმნა ძველი ჩინური ლექსი, შემდეგ − ერთი რომელიმე თანამედროვე, შედარებით ძნელად სათარგმნი პროზაული ნაწარმოები. შევარჩიე „ა ქიუს ნამდვილი ამბავი“. ამჯერად მაინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა ქართული ენით გადმოცემულიყო ის ემოციური მუხტი, რომელიც მასშია ჩადებული; გარდა ამისა, ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ექნებოდა, გასცნობოდა ჩინელი კლასიკოსის მსოფლიოში ცნობილ თხზულებას და თუ ეს მოკლე რომანი ელი ელისაშვილის მშვენივრად ნათარგმნ „შეშლილის დღიურთან“ ერთად დაიბეჭდებოდა, ჩვენს მკითხველს უკვე გარკვეულ წარმოდგენასაც შეუქმნიდა ლუ სსუინის შემოქმედებაზე.
რაც შეეხება ამ ნაწარმოების თარგმნასთან დაკავშირებულ სირთულეებს, გამოვყოფ სამ მათგანს:
(1) ენა. მე კარგად უნდა გამეგო და გამეთავისებინა ნაწარმოების მთელი ტექსტი, რომელიც, მართალია, პაიხუათი, ანუ თანამედროვე ჩინური ენითაა დაწერილი, მაგრამ ეს 100 წლის წინანდელი ჩინური ენაა და ბევრი გამონათქვამი დღევანდელი ჩინელისთვისაც კი უკვე უცნაურად ჟღერს; გარდა ამისა, ტექსტში უხვადაა მოყვანილი ძველ ჩინელ სწავლულთა და ფილოსოფოსთა გამონათქვამები, ბევრია ლუ სსუინის მშობლიური პროვინციის  დიალექტიზმებიც. 
(2) ფონი. კარგად უნდა შემეგრძნო ნაწარმოების რთული ისტორიული ფონი, მწერლის მიერ ტექსტში ნახსენებ პიროვნებათა თუ მოვლენათა ხასიათი,  მნიშვნელობა და როლი, რისთვისაც საჭირო იყო შესაბამისი მასალების მოძიება, წაკითხვა და გაანალიზება. ამით მივაღწევდი თარგმანის მეტ სუზუსტეს; გარდა ამისა, დამატებითი მასალები უნდა დამხმარებოდა ქართველი მკითხველისთვის საჭირო შენიშვნების (ასამდე სქოლიოს) ფორმულირებაში. 
 (3) თარგმნა. ეს იყო მესამე და ყველაზე დიდი სირთულე. ენის, კულტურისა და ისტორიული პერიოდის განსხვავების მიუხედავად, ნაწარმოების ქართულ თარგმანს ქართველ მკითხველში ისეთივე ემოციური რეაქცია უნდა გამოეწვია, როგორსაც ჩინელ მკითხველში იწვევს. 
მახსოვს, ერთ მომენტში, როცა სრულად ვიგრძენი, რასაც შევეჭიდე, შევყოვნდი... მთელი დღე ვფიქრობდი. ბოლოს გადავწყვიტე, გამეგრძელებინა, უკან ვერ დავიხევდი, რადგან ძალიან მინდოდა, ქართველ მკითხველს შეეფასებინა ორიგინალიდან ნათარგმნი ჩინური თხზულება; ამასთან, მსურდა, „ა ქიუს ნამდვილი ამბავი“ გამხდარიყო ახალგაზრდა სინოლოგებისათვის სტიმულის მიმცემი ერთგვარი მაგალითი, მტკიცებულება იმისა, რომ ნებისმიერი სირთულის ჩინური ტექსტი, როგორც ძველი, ისე ახალი, მსოფლიოს უმდიდრესი ენების მსგავსად, ქართულ ენაზეც ზუსტად და ლამაზად შეიძლება ითარგმნოს. ამიტომ, როგორც იტყვიან, კბილი კბილს დავაჭირე და ნელ-ნელა ბოლოში გავედი. რამდენად მივაღწიე მიზანს, ეს ჩემთვის ძნელი სათქმელია, დაე, მკითხველმა განსაჯოს.

2. ვინ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი?

უპირველეს ყოვლისა, იმან, ვინც ჩინურ ენასა და ლიტერატურას სწავლობს. საერთოდ კი − ყველამ, ვისაც სხვა ქვეყნების ისტორია და კულტურა აინტერესებს, ვისაც სურს, თვალსაწიერი გაიფართოოს, რათა შემდეგ ახლებურად, უფრო რაციონალურად შეაფასოს თავისი სამშობლოს, საკუთარი ხალხის წარსული, აწმყო და მომავალი.

3. აქიუიზმზე

 აქიუიზმის წარმოშობის მიზეზი ბევრია: სოციალური გარემო, აღზრდა, სახელმწიფო იდეოლოგია და სხვ. ამ ჩამონათვალს დავუმატებდი ფიზიკური და ფსიქიკური თავდაცვის ინსტინქტს, რომელიც ადამიანს უხსოვარი დროიდან თავის გადარჩენისათვის ბრძოლის პროცესში ბუნებრივად ჩამოუყალიბდა. როცა ცათამბჯენის სახურავიდან გადახედვის გეშინია, ფიზიკური თავდაცვის ინსტინქტი გბორკავს; როცა ფრონტის ხაზიდან მოსული ცნობები აღარ გაღელვებს, ფსიქიკური თავდაცვის ინსტინქტი გამშვიდებს. ჩემი აზრით, აქიუიზმი მაშინ იწყება, როცა თავდაცვის ინსტინქტი სულიერ ამნეზიაში გადადის და ინდივიდის მორალურ დეგრადაციას იწვევს; როცა ამართლებ ყველანაირ დამცირებასა და დამარცხებას, რადგან შიშით ან სიკეთის ქმნის, ჭკვიანური დათმობის საბაბით სრულ უარს ამბობ წინააღმდეგობასა და ყოველგვარ ბრძოლაზე (არ ავყევი, თავი არ გავუყადრე, მის დონეზე ხომ არ დავეცემი? რა უნდა ელაპარაკო? რას იზამ? რა უნდა ქნა? რა ჩემი საქმეა?); როცა იმის მაგივრად, რომ შენც სხვასავით განვითარდე და წარმატებული გახდე, დასცინი შენზე მოწინავესა და პროგრესულს, ტახტზე წამოგორებული უარს ამბობ წინსვლაზე, რადგან გყავს სახელოვანი წინაპრები და გაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია (ეგენი სად იყვნენ, ჩვენ რომ დამწერლობა გვქონდა; სად ჩვენი ცეკვები, სად ჩვენი სიმღერები, სად ჩვენი სუფრა და ადათ-წესები). თუ დამცირება-დამარცხების გამამართლებელ ქართულ გამოთქმებს ჩინურით შევცვლით, ცეკვა-სიმღერებისა და ვაზის ჯიშების მაგივრად ქაღალდს, კომპასს, დენთსა და ბეჭდვის ხერხს ჩავწერთ (ძველი ჩინეთის 4 დიდ გამოგონებას), მივიღებთ დღევანდელი ჩინელი ა ქიუს პოზიციას, რომელიც ჩინურ სოციალურ ქსელებში დღესაც უხვად გვხვდება, განსაკუთრებით, მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოებზე მოკამათეთა ტოუინის (ტიკ-ტოკის ჩინური ვერსია) ჯგუფებში. ჩემი აზრით, თანამედროვე ჩინური და ქართული „აქიუისტური“ პოზიციები საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს, რადგან ზოგადად, ჩვენ, ორი ძველი კულტურის ქვეყანასა და ხალხს, ბევრი რამ გვაქვს სერთო, კარგიც და ცუდიც.

4. ავტორზე

თავად ავტორის შესახებ თარგმანის შესავალში ვრცლად წერია ყველაფერი და, თქვენი ნებართვით, აქ მეტს არაფერს დავამატებ, ერთი მომენტის გარდა: 
როდესაც მათ უძველეს სამხედრო ტრაქტატს თარგმნი, ჩინელები საქებარ სიტყვებს არ იშურებენ, თან სამართლიანად ეამაყებათ, რომ ათეულობით საუკუნის წინ მათი წინაპრის მიერ გაცხადებულ სიბრძნეს დღესაც არ დაუკარგავს თავისი  მნიშვნელობა. ეს არის სიამაყე, რომელსაც განიცდის ქართველი „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა ენაზე თარგმნის გამო. მაგრამ როცა საქმე ლუ სსუინის თხზულებებს ეხება, ვხედავ, რომ ჩინელებს განსხვავებული, რაღაც უფრო რთული გრძნობა ეუფლებათ, რადგან ეს ის ნაწარმოებებია, რომლებმაც გააშიშვლეს და დღის შუქზე გამოიტანეს მათი ერის მანკიერი მხარეები და ბევრი ის სიმახინჯე, რაც მაშინდელ ჩინეთს სჭირდა. ლუ სსუინის შემოქმედებამ ჩინეთის საზოგადოებაშიც ისეთივე მწვავე პოლემიკა გამოიწვია, როგორიც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებმა „კაცია-ადამიანი?!“ და მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებმა“. ამ ორი ქართველი მწერლის მსგავსად, ლუ სსუინის მიერ დახატული გულისამრევი რეალობა არის ის, რის დანახვამაც უნდა გამოაფხიზლოს და სწორ გზაზე დააბრუნოს ერი.

5. ჩინურ ენაზე

ჩინური ენა ქართულისგან ბევრი რამით განსხვავდება. ამ განსხვავების პირველი შთაბეჭდილება ჯერ კიდევ ბავშვობიდან მომყვება, რამაც მრავალი წლის შემდეგ რაღაც დოზით, შეიძლება, ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაზეც იმოქმედა. როცა რაჭაში ძველი დიდი რადიომიმღებით სხვადასხვა უცხოენოვან გადაცემას ვიჭერდი, ყველაზე მეტად ჩინური მაოცებდა თავისი მოკლე სიტყვებითა და უცნაური ჟღერადობით. ვფიქრობდი, ეს რა სასწაული ენაა, ნეტავი ამას ვინმე თუ ისწავლის-მეთქი. 
ჩინური სიტყვები ქართულთან შედარებით მართლაც ბევრად მოკლეა, მათი დიდი უმრავლესობა ორმარცვლიანი (≈80%)  ან ერთმარცვლიანია (≈10%), ამიტომ ჩინური სიტყვა ქართულისა და სხვა სინთეზური ენების სიტყვათა მსგავსად არ იცვლება და მის შიგნით, შეუძლებელია, რაიმე გრამატიკული კატეგორია გამოიხატოს; შესაბამისად, ჩინურში არ არის ბრუნება, უღლება, პირის ნიშანი, დროის კატეგორია. ჩინური იზოლირებული ენაა და სიტყვათა შორის მიმართება დამხმარე ნაწილაკებისა და წინადადებაში სიტყვათა თანამიმდევრობის საშუალებით გამოიხატება.
ჩინურის ქართულისგან ან, მაგალითად, ინდოევროპული ენებისგან განსხვავებული ჟღერადობის მიზეზია ჩინური ენის სიტყვებში ყველა მარცვლის გარკვეული ტონური მახვილით (თანაბარი, აღმავალი, დამავალ-აღმავალი ან დამავალი ტონით) წარმოთქმა. ჩინურში ტონურ მახვილს აზრობრივი განმასხვავებლის როლი აქვს, ამიტომ ახალი სიტყვის დამახსოვრებისას მისი წარმოთქმის ტონიც უნდა დაიმახსოვრო, რაც ამ ენის შესწავლის გზაზე პირველ დიდ სირთულეს წარმოადგენს. მეორე დიდი სირთულეა იეროგლიფები. იეროგლიფები რაოდენობრივად ბევრია, დასამახსოვრებლად და საწერადაც − ძნელი, ამასთან ისინი ზუსტად ვერ გამოხატავს მათი წაკითხვის წესს, მაგრამ ჩინური დამწერლობა მაინც დღემდე თავისი განვითარების ამ იდეოგრაფიულ საფეხურზეა გაყინული და მეტად ვეღარ მარტივდება, რადგან ამის დაუძლეველი მიზეზები არსებობს. ერთია თავად ჩინური ენის თავისებურება (რომელსაც აქ დაწვრილებით ვერ განვიხილავთ), მეორეა ამ დამწერლობისა და კულტურის მჭიდრო კავშირი. იეროგლიფები ჩინური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა, მათ გავლენა მოახდინეს ერის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე, ადამიანთა მენტალიტეტის ჩათვლით. იეროგლიფური დამწერლობა, დიდი ხანია, ორგანულად შეერწყა ჩინურ ცივლიზაციას და მისი ერთგვარი სიმბოლო გახდა.