
დავით ახალაძე
მთარგმნელი
ქართველი
დავით ახალაძე დაიბადა 1973 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთცოდნეობის ფაკულტეტი (არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალობით); მისი თარგმანები რეგულარულად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში „არილი“, „ალტერნატივა“, „ჩვენი მწერლობა“, „ლიტერატურული საქართველო“, „აფრა“, „ცხელი შოკოლადი“, „ლიბერალი“ და სხვ.). წიგნად გამოსცა: ალექსანდრ პუშკინის „ოქროს მამლის ზღაპარი“; ემილი დიკინსონის ლექსების კრებული; როჯერ ზელაზნის „ამბერის ქრონიკების“ ათი წიგნი; სტივენ კინგის „კერი“; სტივენ კინგის „კუჯო“; გაი კავასაკის „იდეიდან პირველ მილიონამდე“; ელ რაისისა და ჯეკ ტრაუტის „მარკეტინგული ომები“; ჩან კიმისა და რენე მობორნის „ლურჯი ოკეანის სტრატეგია“; მარტინ ლინდსტრომის „BUY-ოლოგია“, პიტერ ტილის „ნულიდან ერთამდე“; მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“; ჯონათან საფრან ფოერის „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ (ნომინირებული იყო 2019 წლის „საბას“ ლიტერატურულ პრემიაზე); ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“, „რა ნახა ელისმა სარკის მიღმა“, უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“(ნომინირებული იყო 2023 წლის „საბას“ ლიტერატურულ პრემიაზე), ლეო ვარდიაშვილის „ერთი დიდი ტყის მახლობლად“, სიგიუროუნ ბირგირ სიგურდსონის (სიონი) „სკუგა-ბალდური“, პოლ ოსტერის „ბაუმგარტნერი“ და სხვა. მის მიერ თარგმნილი ლექსებია შესული კურტ ვონეგუტის „სასაკლაო 5-ის“, პამელა ლინდონ ტრავერსის „მერი პოპინსის“ ზღაპრების სერიისა და ნატალია გინძბურგის „ოჯახური ლექსიკის“ ქართულ თარგმანებში; ასევე არის ლექსების ორი კრებულის - „მეოცე საუკუნის ავსტრიული ლირიკის“ და „ემილი დიკინსონის რჩეული ლირიკის“ თანამთარგმნელი.