„წერილი ვერდაბადებულ ბავშვს“ - წიგნის წარდგენა

„წერილი ვერდაბადებულ ბავშვს“ - წიგნის წარდგენა

22.02.2023
838

22 თებერვალს გაიმართა ორიანა ფალაჩის წიგნის წარდგენა. რომანზე „წერილი ვერდაბადებულ ბავშვს“ ისაუბრეს მთარგმნელმა ნათია აბრამიშვილმა, მწერალმა დიანა ანფიმიადიმ, იტალიის საელჩოს განათლების ატაშემ ორნელა სპანომ და „დიოგენეს“ დამფუძნებელმა თამარ ლებანიძემ.  ღონისძიებას უმასპინძლა „წიგნის სახლმა ბახტრიონზე“. 

აღსანიშნავია, რომ ეს რომანი პირველად ითარგმნა ქართულად. მასში წამოჭრილმა მწვავე საკითხებმა და ავტორის გამბედაობამ წიგნის მსოფლიო წარმატება განაპირობა. რომანი ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული მონოლოგია, რომელიც მუცლადმყოფ ბავშვს ესაუბრება. ცხოვრების საზრისი, სიცოცხლის უფლება, ქალსა და მამაკაცს შორის არსებული უთანასწორობა, მარტოხელა ქალისადმი საზოგადოების დამოკიდებულება, არჩევანი დედობასა და კარიერას შორის ის თემებია, რომლებსაც ფალაჩის გმირი ეხება.

ორიანა ფალაჩი (1929 – 2006), იტალიელი ჟურნალისტი და მწერალი, მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო. ომისშემდგომმა ჟურნალისტურმა საქმიანობამ მას საყოველთაო აღიარება მოუტანა.

წიგნი ითარგმნა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.