
პენმარათონი 2018
ეს კრებული 2018 წლის ივნისში საერთაშორისო, ქართულ-გერმანული ლიტერატურული კონკურსის „პენმარათონის“ ფარგლებში დაწერილი 10 საუკეთესო მოთხრობისგან შედგება.
პენმარათონი ორიგინალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსია, რომელიც საქართველოში უკვე შვიდჯერ ჩაატარა გამომცემლობა „დიოგენემ“ (პირველი - 2002 წელს). კონკურსი 2 ეტაპად იმართება: მონაწილეების შერჩევა და წერითი სესია - პენმარათონი. წერითი სესიის დროს, 24 საათის განმავლობაში, მონაწილეებმა ჟიურის მიერ განსაზღვრული ამოცანის შესაბამისად უნდა შექმნან მხატვრული პროზის ორიგინალური ნიმუში.
წელს პენმარათონი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში - კახეთში, სასტუმრო კომპლექს „მაროშენში“ ჩატარდა. წერით სესიაში 13 ქართველი და 9 გერმანელი ავტორი მონაწილეობდა. საკონკურსო დავალება იყო ფრაზა უილიამ შექსპირის „ჰამლეტიდან“, რომელიც მონაწილეებს ნაწარმოების ეპიგრაფად უნდა გამოეყენებინათ: „სიცრუის ჩანგლით შენ დაიჭერ სიმართლის თევზსა…“