ალეკო შუღლაძე
ავტორი
ქართველი
ალეკო შუღლაძე დაიბადა 1965 წელს, თბილისში. 1987 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პარალელურად სწავლობდა თსუ-ს ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, კინორეჟისორის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1989-ში. 1989-93 წლებში მუშაობდა საქართველოს კინოსტუდიაში. 1994 -იდან 1997 წლამდე იყო მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრის არტისტი. 1998-2001 წლებში მუშაობდა „კავკასიურ სახლში“ კინორეჟისორად და გადაღებული აქვს ათამდე დოკუმენტური ფილმი ძალადობის წინააღმდეგ. 2001-2003 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“ - რეჟისორად და სცენარისტად. წერა დაიწყო 1989 წელს. 2001 წელს მისმა მოთხრობამ „პასუხები ერთ-ერთი მცირეტირაჟიანი ჟურნალისთვის“ მერიის სპეციალური პრიზი მოიგო. გამოცემული აქვს რომანი „სამსარა“ (2002), მოთხრობების კრებულები: „გაქცევის მცდელობა“ (2001) და „წიგნების კაცი“ (2015). 2016-ში ალეკო შუღლაძის რომანი „გადამალვა“ გამოიცა.