5 წიგნი საზაფხულო საკითხავისთვის

5 წიგნი საზაფხულო საკითხავისთვის

29.06.2023
3808

ზაფხული, სხვა ყველაფერთან ერთად, წიგნის კითხვის სეზონიცაა. მეტი თავისუფალი დრო ნიშნავს მეტ წაკითხულ წიგნს, სწორედ ამიტომ თქვენთვის საზაფხულო საკითხავი წიგნების სია შევადგინეთ. 

ამ სიაში სხვადასხვა გემოვნების მკითხველი მიიღებს საჭირო რჩევას, რადგან თავი მოვუყარეთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ავტორებსა და მათ გამორჩეულ ტექსტებს. 

თვალი გადაავლეთ ჩვენს სიას. შეიძლება, ზუსტად აქ იპოვოთ ის წიგნი, რომელსაც ეძებთ.

„სამზარეულო“

მაჰოკო იოშიმოტომ ფსევდონიმად ბანანის ყვავილების სიყვარულის გამო „ბანანა“ აირჩია და სადებიუტო წიგნი - „სამზარეულო“ გამოსცა. თანამედროვე იაპონური ლიტერატურის ამ გამორჩეულ ნაწარმოებში იგი გვაცნობს ახალგაზრდა ქალს, მიკაგეს, ყვავილების მაღაზიაში მომუშავე იუიჩისა და დედამისს. მიკაგე, რომელიც მარტოობასა და გაუცხოებას გრძნობს, ცდილობს სამყაროში თავისი ადგილის პოვნასა და საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილებთან გამკლავებას. 

სამზარეულოებზე შეყვარებული მიკაგეს ამბავი ისეთ თემებს ეხება, როგორებიცაა: თანამედროვე სამყაროში ადამიანის მარტოობა, ტრავმული გამოცდილებების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში, წარსულის მტკივნეულ მოგონებებთან გამკლავების სირთულე და აუცილებლობა.

თუ მელანქოლია არ გაშინებთ, მაშინაც აუცილებლად უნდა გაიცნოთ ბანანა იოშიმოტო, რომლის წიგნიც პირველად ითარგმნა ქართულად. აუცილებლად უნდა შეიხედოთ მთავარი გმირების დაუვიწყარ სამზარეულოშიც.

„ფოსტა“

თუ ეძებთ თანამგზავრს, რომელიც ირონიით, იუმორითა და საკვირველი პირდაპირობით მოგიყვებათ თავისი ცხოვრების ამბავს, მაშინ აუცილებლად უნდა გაიცნოთ ჰენრი ჩინასკი - ფოსტალიონი, რომელიც ნატურალისტურად აღწერს თავის ყოველდღიურობას.
იქნებ რომანი დამეწერაო, გაიფიქრა ერთხელ ჰენრი ჩინასკიმ. ჰოდა, ადგა და დაწერა. დაწერა, როგორ დაიწყო ყველაფერი შეცდომით, გაასაღა მხატვრულ ლიტერატურად და არავისაც არ მიუძღვნა.

რომანი „ფოსტა" ჩარლზ ბუკოვსკის პირველი ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც სამ კვირაში დაიწერა, ჩინასკი კი ამ რომანის მთავარი პერსონაჟია, რომელიც ცინიზმითა და გულწრფელობით გამოირჩევა. ბუკოვსკი რეალისტურად აღწერს თავის სამსახურებრივ გამოცდილებას, სასიყვარულო ურთიერთობებს, მავნე ჩვევებს და ქმნის თავის ერთგვარ ლიტერატურულ ალტერ-ეგოს, რომელიც დასცინის საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც.

„ანომალია“

2021 წლის ივნისში ერთი აუხსნელი და სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა თავდაყირა აყენებს რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას. ისინი პარიზი - ნიუ-იორკის რეისის მგზავრები არიან. მათ შორისაა ბლეიკი, პატივცემული ოჯახის თავი, რომელიც სინამდვილეში დაქირავებული მკვლელია; სლიმბოი, ნიგერიელი პოპ-ვარსკვლავი, რომელსაც ტყუილში ცხოვრება მოჰბეზრდა; ჯოანა, ადვოკატი, რომელიც თავისივე სისუსტეების მსხვერპლად იქცევა; ასევე ვიქტორ მიესელი, რომლის რომანის „ანომალია“ ციტატები ეპიგრაფებად გასდევს ერვე ლე ტელიეს რომანის სამ ნაწილს:

„არც ერთი მწერალი არ წერს წიგნს მკითხველისთვის, არც ერთი მკითხველი არ კითხულობს მწერლის ნაწერს. ბოლოს ისევ ბოლო წერტილმა შეიძლება გააერთიანოს ისინი“. 

„არსებობა წინ უსწრებს არსს, თანაც კარგა ბევრად“.

„არის ერთი სრულიად აღმაფრთოვანებელი რამ, რაც ცოდნას, განათლებას და თვით გენიალურობას სცდება და ესაა გაუგებლობა“.

თუ ზაფხულის ცხელი დღეები ისეთი წიგნის კითხვას უნდა დაუთმოთ, რომელშიც აღმოჩენები, მოულოდნელობები, უჩვეულო ამბები და პერსონაჟები დაგხვდებათ, მაშინ ერვე ლე ტელიეს „ანომალია“ ნამდვილად თქვენთვისაა. აქ თავად რეისის მგზავრები გიამბობენ თავიანთი ცხოვრების შესახებ, ვიდრე ერთი უცნაური, ანომალიური რაღაც არ შეემთხვევათ. 
გონკურის პრემიით დაჯილდოებული „ანომალია“ დამაინტრიგებელი, საინტერესო და ორიგინალური წიგნია, რომელიც მკითხველს აიძულებს, იქცეს გამომძიებლად, რათა მიხვდეს, რა ბედი ეწიათ პერსონაჟებს.

„მეტამორფოზის სიმბოლოები“

შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) „მეტამორფოზის სიმბოლოები“ NONFICTION-ის სერიაში ცოტა ხნის წინ გამოიცა. 
ამ ნაშრომში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს: ლიბიდო სექსუალური ენერგია კი არა, ზოგადი ფსიქიკური ენერგიაა, რომლის სექსუალური ასპექტები მეორეხარისხოვან როლს თამაშობს.

„მეტამორფოზის სიმბოლოებში“ იუნგი ავითარებს მოძღვრებას კოლექტიური არაცნობიერის, როგორც ზოგადსაკაცობრიო სიმბოლიკის, მათ შორის – მითებისა და სიზმრების – წყაროს შესახებ. აქვე დაწვრილებითაა განხილული ლიბიდოს გამოვლინებები რელიგიურ ტექსტებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში.

რაკი საზაფხულო არდადეგები უკვე დაწყებულია, უკვე ნამდვილად შეგიძლიათ, დრო ასეთი ვრცელი წიგნებისთვისაც ადვილად გამონახოთ.

„ფოტოგრაფია“

ზაფხული, პირველ ყოვლისა, შთაბეჭდილებების, მოგონებებისა და თავგადასავლების შეგროვების დროა. მოგზაურობა, მეგობრებთან შეხვედრა თუ მონატრებული ადგილების ნახვა ბუნებრივად აჩენს ყველაფრის ფირზე აღბეჭდვის, ფოტოსურათად ქცევის სურვილს. სიუზენ ზონტაგის წიგნის წაკითხვის შემდეგ კი ჩვენი დამოკიდებულება კამერებისა თუ ამ კამერების დახმარებით შემონახული კადრების მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვლება.

„ფოტოგრაფია თავად არის სინამდვილე, რეალური ობიექტი კი ხშირად მის ფერმკრთალ ვერსიად გვევლინება“, „დღეს ყველაფერი არსებობს იმისთვის, რათა ბოლოს ფოტოსურათად იქცეს“ - ეს სიტყვები მკითხველს გაახსენდება ყოველთვის, როცა კამერის საშუალებით დროის დასაკუთრებას, წარმავალი წამის გამოჭერას გადაწყვეტს.

ამერიკელი ფილოსოფოსისა და მწერლის, სიუზენ ზონტაგის ესეების კრებული „ფოტოგრაფია“ სხვადასხვა კუთხით გვიჩვენებს ფოტოგრაფიასა და მის როლს ჩვენს ცხოვრებაში. ეს ესეები, ერთი მხრივ, ფოტოგრაფიის, როგორც ელეგიური ხელოვნების, ფუნქციას ეხება, მეორე მხრივ, მის თანამონაწილეობას ჩვენს ყოველდღიურობაში. ზონტაგი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ცხოვრება - მოგზაურობა, გართობა, საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა - შეიძლება ფოტოების დაგროვების სტრატეგიად იქცეს. შესაძლოა, საბოლოოდ, მოგონებების ნაცვლად მხოლოდ კადრები და სუვენირები შემოგვრჩეს.

ასე რომ, ეს წიგნი მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენი ხედვის გრამატიკას, სანამ ზაფხულის ფერად და მხიარულ დღეებს ფოტოსურათებად გადააქცევთ.