რეცენზია კ. გ. იუნგის წიგნზე „ფსიქოლოგია და რელიგია. პასუხი იობს“

რეცენზია კ. გ. იუნგის წიგნზე „ფსიქოლოგია და რელიგია. პასუხი იობს“

11.05.2023
1259

შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი სიღრმის ფსიქოლოგიის ერთერთი მიმართულების ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელია. იგი ითვლება ერთ-ერთ საკამათო და რთულ თეორეტიკოსად და ეკუთვნის ფსიქოანალიტიკაში არქეტიპებისა და კოლექტიური არაცნობიერის ცნებები.

იუნგის ნაშრომი „ფსიქოლოგია და რელიგია. პასუხი იობს“ ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაშრომი „ფსიქოლოგია და რელიგია“ იუნგის 1937 წელს წაკითხულ ლექციებს აერთიანებს. ლექციები მოიცავს ნააზრევს, რელიგიის, როგორც ადამიანის სულიერების უნივერსალურ გამოხატულებაზე, ამ გამოხატულების ფსიქოლოგიურ ფაქტორებსა და კატალიზატორებზე. რელიგიის ფენომენის ფსიქოლოგიური ასპექტის ემპირიულ განხილვაზე, პრაქტიკული ფსიქოლოგიისა და რელიგიის დაპირისპირებასა და ზოგადად, რელიგიის ფენომენის სირთულესა თუ არაცნობიერ ვლენაზე. სიზმრებზე, დოგმატურ სიმბოლოებზე, არქეტიპებზე, არაცნობიერსა და მის ავტონომიურობაზე, ბუნებრივ სიმბოლოებსა და მათ ისტორიასა თუ ფსიქოლოგიაზე.  

ნაშრომში საუბარია იუნგის ფსიქოლოგიის თითქმის ყველა ძირითად ქვაკუთხედზე, მათ შორის ცნობიერსა და არაცნობიერზე და თავის მხრივ, კოლექტიურ არაცნობიერზე, რომლის შინაარსშიც მოიაზრება მითოლოგიურ-რელიგიური ცნობიერება, ვინაიდან ორივე კაცობრიობის მეხსიერების გამოვლინებას წარმოადგენს. ამ ასპექტით, რელიგიურობა თანდაყოლილ კატეგორიაში მოიაზრება. თუმცა იუნგი ასევე ფიქრობს ადამიანის ფსიქიკის რაგვარობაზე, რომელშიც სულიერების საჭიროება შემოდის.

რატომ ქმნის  ადამიანი რელიგიას?! იქნებ ის ამით იქმნის უსაფრთხოების განცდას და თავის მხრივ,  უსაფრთხოების განცდა იძლევა ადამიანისთვის სტრესისა და შფოთვის გარეშე არსებობის შესაძლებლობას?! სარტრი ამბობდა, რომ ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით და სამყაროში გადაგდებული, ის პასუხისმგებელია საკუთარ სიცოცხლეზე. იქნებ ადამიანის გონების ის მდგომარეობა, რასაც იუნგი რელიგიურობას არქმევს, მარტოობის გაძლებაა და სიმშვიდის შესაქმნელად აშენებული თავშესაფარი?! „ძესა კაცისასა არა აქუს, საცა თავი მიიდრიკოს“ (მათე), სწორედ ამიტომ, იქნებ თავად ქმნის მდგომარეობას, სადაც თავს შეაფარებს.

რატომ უჭირს ადამიანს მარტოობის საფრთხის ატანა?! ან რა საფრთხეა ამაში?!  არასრულყოფილების გააზრება მისი გამოსწორებისკენ გადადგმული ნაბიჯია. როცა ჩნდება მოთხოვნილება, შევქმნათ ჩვენში ჩვენზე მეტი, გვახსოვდეს, რომ რელიგია არ უნდა ვაქციოთ არაცნობიერისგან თავის დაღწევის ადგილად, კომფორტის ზონად და საკუთარი შიშები მისით არ უნდა გავამართლოთ. თავად იუნგი ამბობს: „უნდა დაბადო საკუთარი რელიგია“...  თანაც, ინტელექტის მსგავსად, მორალიც ნიჭია!

საბოლოო ჯამში, რელიგიურობა და მსოფლმხედველობრივი პოზიცია გაერთიანებულია თვითობაში, ხოლო თვითობა, თავის მხრივ, ინდივიდუაციის შემადგენელი ნაწილია.

კითხვა-ძახილის ნიშნებით ბუნდოვანებას დავტოვებ,  პასუხებზე კი მკითხველმა იფიქროს. იუნგი ამბობდა, რომ არ სურდა, მისი ნააზრევიდან დოგმები შეექმნათ; უნდოდა, უფრო მეტი კითხვა გასჩენოდათ, თანაც, ყველა კარტს ხომ არ გავხსნით, რაღაც უნდა დარჩეს, რაც მკითხველს წიგნთან მიიყვანს.

წიგნის მეორე ნაწილს წარმოადგენს ნაშრომი „პასუხი იობს“, რომელიც იუნგის მოღვაწეობის ბოლო წლებს მიეკუთვნება და რომელზეც ფსიქოლოგი ამბობდა, რომ დიდხანს უტრიალებდა ამ თემას და საბოლოოდ შეძლო მისი დაწერა. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, „პასუხი იობს“ იუნგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომია. 

ის არის ბიბლიური „იობის წიგნის“ ფსიქოლოგიური ანალიზი, თუმცა ავტორი აღნიშნავს, რომ რელიგიური სურათ-ხატები და წარმოდგენები რაციონალურ კრიტიკას ვერ უძლებს, ისინი ნუმინოზურ(ემოციურ) საფუძველს ეყრდნობა და სწორედ ამიტომ, მას ობიექტურად არ შეუძლია, ისაუბროს ამ თემებზე; თუმცა აქვე აზუსტებს, რომ სუბიექტურობის უფლებას მისცემს თავს, რადგან შეგრძნება სუბიექტურია და თანაც, როგორც ექიმს, აქვს კომპეტენცია, ისაუბროს სხვათა და საკუთარ ემოციურ სუბიექტურობაზე. თუკი ემოცია ყოველ ჯანსაღ ფსიქიკაში ერთნაირ აღქმასა და შეგრძნებას ბადებს, უკვე გარკვეულწილად შესაძლებელია, „ჭეშმარიტებად“ გაფორმდეს, - ამ გაგებით, იუნგი ქმნის წინასწარგანწყობას, რომ ამ ტექსტს მხოლოდ კრიტიკით არ უნდა მივუდგეთ და შეგრძნებებსაც უნდა ვენდოთ. 

იუნგი იობისა და იაჰვეს „ურთიერთობის“ მორალსა და ამორალურობაზე საუბრობს და სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს, ჭირვეული იაჰვეს ქცევის ახსნისას. 
რასთან გვაქვს საქმე, როცა იაჰვე მორალს ქადაგებს და საქმით მასთან თანხმობაში არაა? იქნებ იმასთან, რომ მორალი მხოლოდ მორალზე ქადაგება არაა და იგი ცნობიერებასაც გულისხმობს. მას არ გააჩნია თვითრეფლექსია და ამდენად, საკუთარ თავს ვერ აცნობიერებს. დეკარტის სენტენციიდან თუ ვიტყვით, არ აზროვნებს, არ შეიცნობს საკუთარ თავს, შესაბამისად არაა სრულქმნილ არსებობაში. (Cogito ergo sum-ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ.). იაჰვე მხოლოდ ითხოვს, ადიდონ, რადგან საკუთარი არსებობის შეგრძნებას მხოლოდ გარე/სხვა განაცდევინებს. იგი მოკლებულია თვითკმარობას, რაც ცნობიერების გავლით მოდის. 

იუნგი ეხება ისეთ თემებს, რომლებიც ნაცნობია ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისაც ღვთის ცნებაზე უფიქრია, გასჩენია პროტესტი და საკუთარ გონებაში „უმკრეხელია“; დაუსვამს შეკითხვა - არის კი სამართლიანი ღმერთი, როცა მას ძალაუფლებით მოაქვს თავი და დიდებას ითხოვს?! ამგვარი რეფლექსია ადამიანში, როგორც წესი, მტკივნეულია, რადგან მისთვის ღმერთი მორალური არსებაა.

აქვე იუნგს შემოაქვს აზრი, რომ ამ პროცესში ადამიანური იერი მხოლოდ სატანას აქვს, „ცნობიერი ადამიანის ნათლიას“. შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ნიცშეს სიტყვები, რომ ადამიანი ბოროტია და ამაშია მისი ძალა და პოტენციალი. უფრო რომ გავამარტივოთ, ბოროტება საზრისის დანაკლისში ყოფნაა და მოძრაობა, პროცესი, რომელიც თავის თავში საკუთარ თავზე მეტს ადგენს და აუქმებს კიდეც საკუთარ თავს. 

საბოლოოდ, იაჰვეს შინაგანი არასტაბილურობა არა მარტო სამყაროს ქმნადობის წინაპირობაა, არამედ დრამისაც, რომელშიც ტრაგიკული გუნდის როლში კაცობრიობა გამოდის. იობი უმთავრეს როლს ასრულებს იაჰვეს ამ ჭირვეულობაში, რადგან მას სჯერა იმ მორალის, რომელიც იაჰვეს არ გააჩნია და ქმნილების ამგვარი ჯიუტი რწმენა შემოქმედს შინაგანად გარდაქმნის. იობი უსამართლოდ იტანჯება, აქ ცხადდება იაჰვეს გაადამიანურება და განვითარება. დროა ღმერთის მეტამორფოზის, რაც უკვე ენოქის წიგნში მომწიფებულად ჩანს. იწყება განკაცება!