„რომეო და ჯულიეტა“ - უკვდავი სიყვარულის ამბავი
„ახლა ის დროა, წავიდეთ და განვსაჯოთ ერთად
ვის განვუჩინოთ პატიება, ვის კი - სასჯელი,
რადგან არც ერთი სევდიანი ამბავი არ ჰგავს
რომეოსა და ჯულიეტას სევდიან ამბავს“.
(„რომეო და ჯულიეტა“, მოქმედება მეხუთე, სცენა მესამე)
ისტორია ვინმე რომეოსა და ჯულიეტაზე მთელ ევროპასა და ინგლისში იყო ცნობილი, სანამ დაახლოებით 1594-1595 წელს უილიამ შექსპირი თავის საკულტო ვერსიას შექმნიდა სცენისათვის. პიესის მთავარი წყარო ართურ ბრუკის ნარატიული პოემა იყო სათაურით „რომეუსისა და ჯულიეტას ტრაგიკული ისტორია“. ბრუკის პოემა, რომელიც დაახლოებით 30 წლით ადრე დაიბეჭდა, სანამ შექსპირი დაწერდა „რომეო და ჯულიეტას“, გვაუწყებს, რომ რომეუსი და ჯულიეტა უბედური, ახალგაზრდა წყვილია და კონტრასტულადაა წარმოდგენილი მათი დიადი სიყვარულისა და მშობლების სიძულვილის ისტორია.
ამბის ბევრად ადრეული წყაროა იტალიელი მწერლის მაზუჩო სალერნოელის (1420-1475 წწ.) მოთხრობა, სადაც დიდი და ირონიული გაუგებრობის შედეგად, სატრფოები საწამლავით დაიხოცავენ თავებს. როგორც მთარგმნელი დავით ახალაძე აღნიშნავს, ამ ამბის მნიშვნელოვანი წყაროა ასევე იტალიალი მწერლის ლუიჯი დი პორტოს ნაწარმოები „Historia novellamente ritrovata di due nobili amanti“ (1525) („ორი კეთილშობილი შეყვარებულის ახლადმოვლენილი ამბავი“), სადაც ახალგაზრდა შეყვარებულებს რომეო და გილიეტა ჰქვიათ. აქაც, ისევე როგორც შექსპირის პიესაში, სიუჟეტი ვერონაში ვითარდება და სწორედ აქ ჩანს პირველად ლიტერატურაში რომეოსა და ჯულიეტას სახეები (Montecchi და Cappelletti).
შექსპირი ნამდვილად არ ერიდებოდა თავის პიესებში ნაცნობი მასალის გამოყენებას. თუმცა არაა გასაკვირი, რომ დრამატურგი არაერთ საინტერესო ცვლილებას მიმართავდა სიუჟეტის აგების პროცესში, რათა პიესას მეტი ვნება და დრამა გამოეხატა. მაგალითად, შექსპირმა აიღო ბრუკის პოემის ცხრათვიანი მოქმედება, შეკუმშა და რამდენიმე დღეზე გაწერა. მაშინ, როცა სხვადასხვა ნარატივში შეყვარებულები თვეების განმავლობაში ტრფობენ ერთმანეთს, შექსპირის ვერსიით, რომეო და ჯულიეტა, როგორც ცოლ-ქმარი, მხოლოდ ერთ ღამეს ატარებენ ერთად. დროის ეს კოლაფსი პიესაში განვითარებულ მოვლენებს უფრო ტრაგიკულსა და ემოციურს ხდის.
ამ და ბევრი სხვა ცვლილებით, დიადი სიყვარულის ისტორიისა და დასამახსოვრებელი პერსონაჟების წყალობით, რომეოსა და ჯულიეტას ტრაგედია გამოქვეყნებიდან მალევე იქცა ავტორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად და დღესაც რჩება უპირობო ფავორიტად სასიყვარულო ისტორიების მრავალსაუკუნოვან ტრადიციაში.
„რომეო და ჯულიეტა“ პირველად ქართულ ენაზე ფრანგულიდან ითარგმნა („დრამა, ხუთ მოქმედებად გაყოფილი, თხზულება შექსპირისა ანგლიურიდამ ფრანცუზულს ენაზედ ახლად გადმოღებული, ბეჯამენ ლაროშისაგან და პარიჟში დაბეჭდილი 1856 წელსა. ფრანცუზულიდამ ქართულს ენაზედ ხელახლა გადმოღებული 1859 წელს დიმ. ყიფიანისგან,“ - „ცისკარი“ #5,6). როგორც ცნობილია, ამ პერიოდში ყიფიანმა ინგლისური არ იცოდა და პირად კორესპონდენციაში არაერთხელ აღიარებს, რომ მისი თარგმანი უზუსტობებითაა სავსე.
ზოგადად, შექსპირის მაჩაბლამდე თარგმანების განხილვისას, უფრო ხშირად ობიექტურ ნაკლს აღნიშნავენ ხოლმე, ვიდრე ღირსებას. მაგალითად, დიმიტრი ყიფიანისეული „რომეო და ჯულიეტას“ თარგმანი შესრულებულია მე-19 საუკუნის სასაუბრო ენით და ვინაიდან დრამა პროზადაა თარგმნილი, რთულია მთარგმნელის შემოქმედებით მიღწევებზე კომენტარის გაკეთება. როგორც მკვლევარი პაატა ჩხეიძე აღნიშნავს, ,,რომეო და ჯულიეტას“ პირველი თარგმანის მონოლოგები და ლირიკული პასაჟები მის უმთავრეს ნაკლს წარმოადგენს და ვერ ხერხდება დედნისეული ამაღლებული სიყვარულის სათანადოდ გადმოცემა, რაც პიესის საკვანძო ლაიტმოტივია.
„ჩემი სიუხვე თავად ზღვაა უკიდეგანო,
სიყვარული კი ზღვაზე ღრმაა: რაც მეტს გავიღებ,
მეტი დამრჩება - სიყვარული უსასრულოა“.
(მოქმედება მეორე, სცენა მეორე)
ასეთივე უსასრულოა შექსპირის უკვე ერთხელ (და ხშირად მეტჯერაც) გადმოქართულებული პიესების ხელახალი თარგმანები, რომელსაც ახალი დროება ყოველთვის მოითხოვს, ვინაიდან ყველა ეპოქას თავისი შექსპირი სჭირდება, როგორც ლიტერატურაში, ისე - თეატრში. აღსანიშნავია, რომ ახალი თარგმანის საჭიროება განპირობებულია არა იმით, რომ, მაგალითად, ი. მაჩაბლის ან ვ. ჭელიძის ნამუშევრები მოძველდა, არამედ ახალი თაობისა და ახლებური გააზრების გამო. ამ მხრივ, დავით ახალაძის მიერ თარგმნილი „რომეო და ჯულიეტა“ უერთდება უახლეს, XXI საუკუნეში შესრულებულ გადმოქართულებული შექსპირიანას (მანანა ანთაძე, ლელა სამნიაშვილი და სხვ.) ტრადიციას. მის ნამუშევარს არაერთი ღირსება აქვს: პირველ რიგში, აშკარაა, რომ იგი შექსპირის თარგმნის მდიდარი ტრადიციიდან ამოიზარდა და იმ უზუსტობებსა თუ ნაკლოვანებებს აცდა, რაც მე-19 და მე-20 საუკუნის ვერსიებში გვხვდებოდა.
წიგნში „თარგმანის გამოცდილება“, უმბერტო ეკო ამტკიცებს, რომ თარგმანი არ არის ორი ენის შეპირისპირება, არამედ ტექსტის ინტერპრეტაცია ორ სხვადასხვა ენაზე, რაც თავისთავად მოიცავს კულტურათა შორის ცვლასა და მრავალფეროვნების წარმოჩინებას. ამავე ნაშრომში იგი წერს, რომ ყველა ენობრივი თეორია გვიჩვენებს, რომ იდეალური თარგმანი შეუძლებელი ოცნებაა. და მაინც, სრულფასოვანი თარგმანი ფორმისა და შინაარსის უნიკალურ ერთიანობას წარმოადგენს, რომელსაც დავით ახალაძე წარმატებით აღწევს შექსპირის ყველაზე ტრაგიკული და ვნებიანი პიესის ახალ თარგმანში. ორიგინალთან სიახლოვით, შექსპირის მხატვრული ენისა და დიალოგის ვირტუოზული გადმოცემითა და დედნის დინამიკურობის მაქსიმალურად შენარჩუნებით, ქართველი მკითხველი ვერონაში, საგვარეულო მტრობისა და სიყვარულის ქალაქში, აღმოაჩენს თავს და მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმული შეყვარებულების ხანმოკლე ვნებისა და ტრაგიკული აღსასრულის ამბავს ენობრივი წინაღობის გარეშე გაიცნობს.
შექსპირი ერთი საუკუნის შვილი არაა, იგი ყველა დროს ეკუთვნისო - წერდა მისი თანამედროვე ინგლისელი დრამატურგი ბენ ჯონსონი, რასაც, ძნელია, არ დაეთანხმო. იგივე შეიძლება ვთქვათ შექსპირის დრამატულ პოეზიაზე, რომელიც ასევე მუდამ ახლებური აღქმის საგნად რჩება და ამ მხრივ, „რომეო და ჯულიეტას“ ახალი ქართული თარგმანი ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა.