ფოტოგრაფია მოკვდავობის აღსანიშნავი დავთარია

ფოტოგრაფია მოკვდავობის აღსანიშნავი დავთარია

27.03.2023
952

სიუზენ ზონტაგის 1977 წელს გამოქვეყნებული ესეების კრებული ფოტოგრაფიაზე, მისი ფილოსოფიური და ამავდროულად სრულიად მარტივი ენითა თუ მსჯელობით იპყრობს მკითხველის ყურადღებას. თეორიული ნაშრომი მიმოიხილავს როგორც პლატონის დროიდან არსებული ადამიანის ანარეკლებისადმი ლტოლვას, ისე შავ-თეთრი ფოტოგრაფიის საწყის ეტაპებს თუ გამყოფ ხაზს ფოტოგრაფიასა და მხატვრობას შორის. 

უძველესი დროიდან დღემდე, ანარეკლების ცქერა ადამიანისთვის თავშესაქცევ საქმიანობას წარმოადგენდა. თანამედროვეობა კი საბოლოოდ მოიცვა ლანდების სიმრავლემ; მღვიმის დატოვების მსურველთა რიცხვმაც იკლო. გამოქვაბულის მითზე მსჯელობისას, სიუზენ ზონტაგი ფოტოსურათებს ერთი მხრივ ანარეკლებად, მეორე მხრივ კი კამერის ობიექტივში გახედვასა და იზოლირებული სივრცის დატოვებას ფოტოგრაფის მოვალეობად წარმოგვიდგენს. შესაბამისად, ფოტოგრაფი სწორედ იმ ფილოსოფოსად გვევლინება, რომელსაც ხალხისათვის თვალის ახელა და სიმართლის მღვიმემდე მიტანა ევალება. სიმართლისა და სინამდვილის დასაკუთრება, როგორც სამყაროს დაუფლების მცდელობა, ტექსტში არაერთი მაგალითითაა გამყარებული: გოდარის ფილმის, „კარაბინიერების“ პერსონაჟის ჩანთაში აღმოჩენილი ქანდაკებების, ცხოველებისა თუ ბუნების საოცრებებით გაფორმებული უამრავი ღია ბარათი - საუკეთესო მაგალითი და ამავდროულად პაროდიაა ყოველივე მატერიალურის ფლობის მნიშვნელობისა. 

შავ-თეთრი ფოტოებით აღქმულ ამერიკაზე საუბრისას, ზონტაგი უოლტ უიტმენის იდეოლოგიასთან ავლებს პარალელს, რომელიც ყველა საქმეში გულწრფელობის მნიშვნელობას და თითოეულ საგანში მშვენიერების გამოვლენის სურვილს უსვამდა ხაზს. ავტორი სწორედ ამგვარი დამოკიდებულების გამოვლინებად მიიჩნევს მე-20 საუკუნის დასაწყისში სილამაზისა და სიმახინჯის ცნებების სრულ ტრანსფორმაციას. უიტმენისეული სამყაროს ერთიანობა-მთლიანობის გამომხატველ ქმნილებად უოკერ ევანსის შემოქმედება გვევლინება; ედვარდ სტეიჰემის ბედნიერებით განმსჭვალული ობიექტები და დაიან არბუსის არასწორხაზოვანი, ხშირ შემთხვევაში, სიმახინჯესთან მიახლოვებული მოდელები კი ჯეკ ჯერუაკის თვალით დანახული სიგიჟითა თუ მელანქოლიით შეპყრობილი ამერიკული რეალობის კონტრასტულ სახეებს წარმოადგენენ.

ფოტოგრაფიის, როგორც ყველაზე მიმეტური ხელოვნების სიურრეალისტურ გამოვლინებაზე საუბრისას, ზონტაგი მართებულად შენიშნავს მენ რეისა თუ ჯონ ჰართფილდის ნამუშევართა უდიდეს როლს და დროთა განმავლობაში მათი მნიშვნელობის ერთგვარ გაუფასურებასაც, სინამდვილის ზედმეტად სიურრეალისტური მანიპულირების გამო. ავტორს ფოტოგრაფიის მიერ ადამიანთა გონების დაბინძურების შესაძლებლობაც არ ავიწყდება, რადგან კამერის ყოვლისშემძლე მიჩქმალვის უნარი მომხმარებელს ხშირად მხოლოდ ზედაპირზე არსებულ შეფუთულ სილამაზეს წარმოუჩენს. 

ზონტაგი აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფიის ყოველდღიური მოხმარების საგნად ქცევა ამ დარგს საბოლოოდ აცალკევებს ხელოვნებისაგან და ზოგ შემთხვევაში უხამსობის იარაღადაც კი აქცევს. ესეების კითხვის პროცესში მკითხველი არაერთხელ აღმოაჩენს მსგავსებას საკუთარ თუ გარშემომყოფთა ფოტოგრაფირების დაუძლეველ სურვილთან, რაც რეალობის დამადასტურებელ ერთადერთ საბუთად იქცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. გარკვეულ მომენტებში, გადაღების მიმართ შიშისა თუ უხერხულობის განცდა კი ამავე ემოციით შეპყრობილ ბალზაკთან დააახლოვებთ მათ. და ბოლოს, პლატონის მღვიმიდან სოლარიზებული გამოსახულების და შავ-თეთრი ფირის გავლით, მკითხველმა შეიძლება იმ მარტივ შეკითხვასაც კი გასცეს პასუხი, თუ რატომ ვერასდროს ვახერხებთ საყვარელი ადამიანის სურათის დახევას კრიტიკულ მომენტებში.