რეცენზია ვიქტორ ფრანკლის წიგნზე „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“

რეცენზია ვიქტორ ფრანკლის წიგნზე „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“

14.03.2023
999

„ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“! - ფსიქოლოგი საკონცენტრაციო ბანაკში” გახლავთ მსოფლიო ბესტსელერი, რომელიც ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს. მისი ავტორი არა მხოლოდ გამოჩენილი ფსიქოთერაპევტი, ნევროლოგი, ფსიქიატრი და ვენის მესამე ფსიქოთერაპიული სკოლის  - ლოგოთერაპიის (საზრისზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის) ფუძემდებელი, არამედ XX საუკუნის ერთ-ერთი დიდებული მოაზროვნე და ღირსეული პიროვნებაა, რომელმაც პირადი, ცხოვრებისეული მაგალითით დაამტკიცა საკუთარი თეორიის ჭეშმარიტება და გახდა ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ღირსების, ფასეულობების, ღირებულებების, სინდისის, საზრისის მნიშვნელობა ცხოვრებაში და მათი ერთგულება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, მიუხედავად არსებული გარემოებებისა. 

ყოველი დღე, საათი, წუთი გვაყენებს არჩევანის წინაშე. არჩევანის, რომელიც განსაზღვრავს, მიენდობი წარმოქნმილ გარემოებებსა და ფაქტორებს, რომლებიც ზღუდავენ შენს თავისუფლებასა და ადამიანურ ღირსებას, თუ გამოიყენებ მხოლოდ ადამიანისთვის ბოძებულ თავისუფალ ნებას, ამაღლდეს გარემოებებზე, დაიკავოს პოზიცია და განსაზღვროს საკუთარი დამოკიდებულება მათ მიმართ, გაარღვიოს მავთულხლართი - თუნდაც ყველაზე მძიმე მდგომარეობასა და აუტანელ გარემოებებში - როცა არავინაა და  არაფერი ჰქვია, არ აქვს არც სახელი და არც - გვარი, მხოლოდ ნომერი მკლავზე.

მიუხედავად ამისა, არსებობს რაღაც, რაც განადგურებას არ ექვემდებარება - ადამიანის ღირსება, რომლის წართმევაც არავის არასდროს შეუძლია. შეუძლებელია, ვინმემ წაგართვას თავისუფლება, იფიქრო ახლობელ ადამიანზე, წაგართვას უფლება, იფიქრო მავთულხლართებს მიღმა, დაინახო მშვენიერი მზის ამოსვლა, არავის ძალუძს, წაგართვას უფლება, თუნდაც თვალებით აგრძნობინო მხარდაჭერა მეგობარს, როდესაც სხვა არაფრის გაკეთება შეგიძლია ან გაუზიარო რაღაც - კეთილი სიტყვა, ნატეხი პური - ამის წართმევა ადამიანისთვის არავის არასოდეს შეუძლია.

1939 წელს, გარდაცვალებამდე, საკონცენტრაციო ბანაკების ჩასახვის პერიოდში, ფროიდი ამბობდა, რომ ადამიანები გადაიქცევიან ღორებად, შიმშილი მათ ყველაფერს დაავიწყებს. ვიქტორ ფრანკლმა შემდგომ თქვა: „ფროიდი არ იყო საკონცენტრაციო ბანაკში - მე ვიყავი და ვამბობ, რომ ზოგიერთი ადამიანი იყო ღორი, ზოგი - წმინდანი. შიმშილი ყველასთვის ერთი იყო და მხოლოდ ადამიანი წყვეტდა, როგორი იქნებოდა თავისი ცხოვრების ყოველ წუთსა და მომენტში“. 

უკვე ომის დასრულებისა და გათავისუფლების შემდეგ, ფრანკლს ჰკითხეს - რამდენად აქტუალური რჩებოდა მისი მიდგომა საკონცენტრაციო ბანაკების განადგურებისა და თავისუფლების მოპოვების შემდეგ, როცა ის გაუსაძლისი პირობები აღარ არსებობდა, სადაც საზრისის პოვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამაზე ფრანკლმა უპასუხა, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს პირადი საკონცენტრაციო ბანაკი.

მნიშვნელოვანია არა ის, რას მოველით ცხოვრებისგან, არამედ უფრორე - რას მოელის ცხოვრება ჩვენგან. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავისთვის ამ კითხვის დასმა „რა არის ცხოვრების საზრისი?“ და დავიწყოთ საკუთარი თავის აღქმა, როგორც მისი, ვისაც თავად ცხოვრება მიმართავს ამ კითხვით ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. 

როცა ფრანკლს ჰკითხეს, თუ რა იყო მისი ცხოვრების საზრისი, მან თქვა: „ჩემი ცხოვრების საზრისია, დავეხმარო სხვებს, იპოვონ საზრისი საკუთარ ცხოვრებაში“ და სწორედ ამიტომ, ფრანკლმა ლოგოთერაპიას ხუმრობით „ოფთალმოლოგია“ უწოდა. იგი გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ უფრო შორს, გავაფართოვოთ თვალთახედვის არეალი და ფოკუსი გავასწოროთ იმ ჭეშმარიტად ღირებულზე, რომელშიც რეალიზდება ჩვენი თავისუფლება.

„ვუთრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ არ არის რომანი მეორე მსოფლიო ომის საშინელებასა და საკონცენტრაციო ბანაკის ენით აღუწერელ სისასტიკეზე და არც სამოტივაციო ფრაზებით გაჯერებული ნაწარმოებია. ეს არის წიგნი სიცოცხლეზე, თავისუფლებაზე, სულის სიჯიუტეზე, ურყევ რწმენაზე, არჩევანზე, პასუხისმგებლობაზე, სიყვარულზე, ადამიანზე, როგორც ტრანსცენდენტულ პიროვნებაზე, რომელიც რეალიზდება სხვაში, სამყაროში, რომელსაც შეუძლია, ყველაზე საშინელი განსაცდელიც კი სულიერ ტრიუმფად და ღრმა პიროვნულ გამოცდილებად აქციოს. 

„ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ არის მორიგი ცხადი, რეალური რწმუნებულება იმისა, რომ სიცოცხლეს აქვს აზრი ნებისმიერ სიტუაციაში, ხოლო ნებისმიერ გარემოებას აქვს თავისი უნიკალური საზრისი, რომელიც ჩვენგან რეალიზებას მოითხოვს. როგორც ნიცშე ამბობდა, „თუ იცი რატომ, გადალახავ ნებისმიერ როგორ-ს“. 

ნინო ბერძნიშვილი
ფსიქოლოგი, ლოგოთერაპევტი (ვენის მესამე ფსიქოთერაპიული სკოლა), პროფესიონალი ქოუჩი, კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის პრეზიდენტი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა).