წიგნი დაბნეული სულებისთვის

წიგნი დაბნეული სულებისთვის

07.02.2023
933

7 თებერვალი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, ალფრედ ადლერის დაბადების დღეა! ფსიქოლოგის, რომელსაც ადამიანები უყვარდა და მთელი ცხოვრება მათზე ზრუნვას, მათი თვითგამორკვევისთვის ბრძოლას, წარსულის გადააზრებაში დახმარებასა და უკეთესი მომავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას მიუძღვნა.

ადლერი, რომელმაც კარლ გუსტავ იუნგთან და ზიგმუნდ ფროიდთან ერთად თანამედროვე ფსიქოთერაპია შექმნა, მიიჩნევდა, რომ ადამიანში არაცნობიერისა და სექსუალობის როლი კი არ იყო გადამწყვეტი (ფროიდის თეორია), არამედ, სოციალური ფაქტორი, ადრეული ბავშვობის გამოცდილება და არასრულფასოვნების კომპლექსი, რომლებიც ერთიანობაში განსაზღვრავდნენ პიროვნების ხასიათსა თუ მის მიერ სამყაროსადმი დამოკიდებულებას.

სწორედ ეს ერთიანობაა ადლერის ფსიქოლოგიის ამოსავალი წერტილი. მისი ,,ინდივიდუალური ფსიქოლოგია“ ადამიანს ცალკე მდგომ ინდივიდად კი არა, სოციალურ კონტექსტში ჩართულ პიროვნებად მოიაზრებს.

ადლერის მიმართ ნდობა და მისი საჭიროება იმდენად დიდი იყო, რომ ის ვენის სახალხო ინსტიტუტის დიდ აუდიტორიაში ყოველ კვირას მართავდა ლექციებს და როგორც მისი პირადი ასისტენტი, ბერნარდ ვოლფი, იხსენებს, ლექციების შემდეგ გაჩენილ უამრავ შეკითხვას მისთვის დამახასიათებელი გულთბილი და კეთილგანწყობილი ღიმილით პასუხობდა ხოლმე. ამ ისტორიების წაკითხვის შემდეგ, რომელიც წიგნს დასაწყისში ერთვის, კიდევ უფრო განმიმტკიცდა რწმენა იმის შესახებ, რომ ეს წიგნი შესანიშნავი საშუალება იქნებოდა საკუთარი თავისა თუ სამყაროს შეცნობისათვის, რადგან იგი ადამიანის ბედნიერებაზე მოფიქრალი კაცის ფიქრებით იყო სავსე.

ნაშრომი – „ადამიანის ბუნების შეცნობისათვის. გზა თვითშემეცნებისკენ“, რომელიც ავსტრიელი ფსიქოლოგის სიტყვით გამოსვლებს აერთიანებს, გვარწმუნებს, რომ მთხრობელში შეგვიძლია დავინახოთ უკეთესი სამყაროს შექმნის მოსურნე პიროვნება, რომელიც დარწმუნებულია შემდეგში – უკეთეს გარემოს ჯანსაღი, ემპათიით აღსავსე და სხვების მოყვარული ადამიანები ქმნიან.

წიგნი პირობითად ორ ნაწილადაა დაყოფილი და მთლიანობაში 13 თავისგან შედგება. საზოგადოებრივი ცხოვრების საჭიროება, ადრეული ბავშვობის გავლენები ცხოვრებაზე,  ემპათიის მნიშვნელობა და აუცილებლობა, აღიარების სურვილი, არასრულფასოვნების გრძნობა თუ მისი კომპენსაცია... ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომელთა წაკითხვაც ნაშრომში შეგიძლიათ;  ალფრედ ადლერი წერს, რომ ადამიანს ბევრი, ძალიან ბევრი სჭირდება იმისათვის, რომ იცხოვროს და მით უფრო იმისათვის, რომ კარგად იყოს („იფიქრეთ, რამდენი დაავადება და ნაკლი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და გარკვეულ წარმოდგენას შეიქმნით, როგორი ზრუნვა სჭირდება მას სასიცოცხლოდ და რა სიძლიერის სოციალური ცხოვრებაა ამისთვის აუცილებელი! კაცობრიობის შემდგომი არსებობის საუკეთესო გარანტია საზოგადოებაა!“  – ალფრედ ადლერი).

ვეცდები, ამ მრავალფეროვანი თემებიდან სამი ძირითადი საკითხი გამოვყო, რომელიც, ფაქტობრივად, სხვა დანარჩენი მოსაზრებების ამოსავალია.
 

I  –  ადამიანს სჭირდება გაგება, თანადგომა, მოსმენა და მხარდაჭერა 
 

ადლერი წერს: „მთელ ჩვენს დამოკიდებულებას სხვათან ის განსაზღვრავს, რამდენად გვესმის მისი, ამიტომ ეს გაგება ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველია“. საზოგადოებაში კი ყველაფერი პირიქითაა  –  ჩვენ ერთმანეთისგან გამიჯნულად ვცხოვრობთ, ერთმანეთს არ ვუსმენთ და ხშირად, ახლობელ ადამიანს უცხოსავით ვექცევით. ჩვენ ვცხოვრობთ საკუთარ სივრცეში ჩაკეტილები, მეორე ადამიანით შეშინებულები. დიახ, ჩვენ გვეშინია ერთმანეთის, რადგან არ ვიცნობთ ერთმანეთს, ერთმანეთს კი იმიტომ არ  ვიცნობთ, რომ არც საკუთარ თავს ვიცნობთ ისე, როგორც საჭიროა.

„ადამიანები უფრო ადვილად შეძლებდნენ თანაცხოვრებას, ადამიანის ბუნების შესახებ მეტი რომ იცოდნენ“  – გვეუბნება ადლერი. და ჩვენ რომ ერთმანეთს ვაფასებთ, სხვებს „ასეთებად“ და „ისეთებად“ ვყოფთ და გვგონია, ვიღაც ამოვიცანით, სინამდვილეში, ერთი დიდი ტყუილიაო, გვეტყოდა ავსტრიელი ფსიქოლოგი.

ადამიანი სოციალური არსებაა და მას სჭირდება, რომ საზოგადოება დახმარების ხელს უწვდიდეს, ამიტომ, სხვისი გაგება, შემჩნევა, აღიარება, ერთი დადებითი სიტყვა თუ ქმედება ძალიან ბევრს ნიშნავს და სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად წინ გადადგმული დიდი და დიადი ნაბიჯია. დიახ, ადამიანს სჭირდება, იყოს მიღებული, სიციუმში ჰქონდეს საკუთარი ადგილი და ამაში საზოგადოების წევრებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ადლერი აღნიშნავს, რომ „ვერც ერთი ადამიანი ადეკვატური ვერ გაიზრდება, თუ მას კაცობრიობასთან ძლიერი კავშირის შეგრძნება არ გაუღვივდა“. 

ფაქტია, ჩვენ ერთმანეთის მისაღებად დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომელიც ადამიანის ბუნების შეცნობაზე გადის და როგორც ამ წიგნის ავტორი აღნიშნავს, ადამიანის ბუნების შეცნობის მეცნიერება ხელოვნებაა, რომელიც საბოლოოდ საკუთარი პიროვნების სრულყოფაში გვეხმარება; ისე, როგორც მუსიკა ან ლიტერატურა შეიძლება ეხმარებოდეს სულს სიხარულის მინიჭებაში.
 

II - ბავშვობა, რომელიც განგვსაზღვრავს
 

უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებიც ადამიანის სულიერი ცხოვრების სტრუქტურას განსაზღვრავს, მისი ბავშვობის ყველაზე ადრეულ პერიოდში ყალიბდება  –  ამ მოსაზრებამდე ალფრედ ადლერამდე სხვადასხვა წლებში უამრავი მეცნიერი მივიდა, თუმცა, ადლერის აღმოჩენა შემდეგში მდგომარეობდა: ბავშვობის გამოცდილებები, შთაბეჭდილებები და მოსაზრებები (რამდენადაც მათი განსაზღვრა შეძლეს), სულიერი ცხოვრების შემდგომ მოვლენებს დაუკავშირეს და აშკარად გამოხატული და მუდმივად მოქმედი ქცევის პატერნი მიიღეს. როდესაც ადრეული ბავშვობის გამოცდილება და დამოკიდებულებები მოწიფული ინდივიდის გამოცდილებასა და დამოკიდებულებებს შეადარეს, მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მივიდნენ - ფსიქიკური ცხოვრების ცალკეული გამოვლენები დაკვირვების დამოუკიდებელ ობიექტებად არ უნდა განვიხილოთ, მეტიც, მათი ახსნა შეუძლებელი იქნება, თუ მათ მთელის ნაწილებად არ ჩავთვლით.

ასე მაგალითად, თუ ბავშვის მიმართ სიყვარულს არ ავლენენ, სკოლაშიც ასწავლიან, რომ სიყვარულის გამოვლენა რიგ შემთხვევებში უადგილოა, უკვე ზრდასრულისთვის მიუღებელი იქნება სითბოსა და სინაზის გამოხატვა და ის ისე გაიბრძოლებსს სინაზის წინააღმდეგ, თითქოს ეს მისი დამცირებისა თუ დამონების იარაღი იყოს. 

ეს ერთი მაგალითი მკაფიოდ აჩვენებს, რომ ყველაფერი ბავშვობიდან იღებს სათავეს.                

როგორც ერთმა ცნობილმა მწერალმა თქვა, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ.
 

III - კომპლექსები და არასრულფასოვნების გრძნობა
 

ჩვენი კომპლექსების დასაწყისის საჩვენებლად ადლერი ისევ ბავშვობაში გვაბრუნებს და გვეუბნება: „ახლა უკვე მზად ვართ ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ ბავშვებს, რომლებსაც ბუნება გერებივით მოექცა, ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე იმათ, ვისაც წყალობის თვალით გადმოხედეს და არსებობის სიხარულს თავიდანვე აზიარეს“. 

და თუ ოდესმე საკუთარი თავი იმაში გამოგიჭერიათ, რომ მთავარი თქვენთვის საკუთარ სურვილებს მიყოლა, საკუთარი ბედნიერებისთვის ზრუნვა, საკუთარი ფიქრებისა და ემოციების წინ წამოწევა კი არა, ისაა, როგორ შთაბეჭდილებას ახდენთ სოციუმზე, შეჩერდით და აღიარეთ, იქნებ მიზეზები საკუთარ ბავშვობაში უნდა ეძებოთ? - გჯეროდეთ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის, ვინც საკუთარ წარსულს თვალს უსწორებს, აუცილებლად შეძლებს საკუთარ „მეს“ უკეთესი მომავალი შეუქმნას.

არასრულფასოვნების გრძნობა პირდაპირ განსაზღვრავს ცხოვრების მიზანს და ზოგჯერ ისე ხდება, რომ ბავშვობიდან ჩანერგილი ამ გრძნობის საკომპენსაციოდ ადამიანები მუდამ აღიარებისა და უპირატესობის შეგრძნებისკენ მიილტვიან. შედეგად კარგავენ მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალებას, გამუდმებით სჭირდებათ სხვისგან მიღებული ქებათა ქება, თავი რომ საჭიროდ და მნიშვნელოვნად იგრძნონ და ეს აღარ სრულდება  –  ისინი გამუდმებით ამ მოჯადოებულ წრეზე დადიან.

„ადლერის თეორია“ სწორედ მსგავს პრობლემებს აკვირდება და მათ მოსაგვარებლად ისეთ გამოსავლებს გვთავაზობს, რომლებიც საკუთარი თავის შეცნობაზე გადის.

დიახ, სიჯანსაღე საკუთარი თავის შეცნობით, საკუთარი შიშების, კომპლექსების, წარსულის ცუდი მოგონებების აღიარებითა და შეფასებით მიიღწევა .

„შეიცან თავი შენი!  – სოკრატეს ამ სიტყვებს მითითებები არ მოჰყოლია, საუკუნეები გავიდა დიდი ათენელის სიკვდილიდან და ღრმა მოაზროვნემ, დიდმა ექიმმა და ადამიანის სულის ბრწყინვალე მცოდნემ საკუთარი გამოცდილების ნაყოფი შეაგროვა და ჩვენი თანამოძმეებისა და საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად სახელმძღვანელო გამოაქვეყნა“ –  ამ სიტყვებს ბერან ვოლფი ალფრედ ადლერს უძღვნის.

გადაჭარბებული არაფერია.

ეს წიგნი დაბნეულ სულებს ყველაზე ნათელ გზებს უჩვენებს.