რეცენზია ჯუნიჩირო ტანიძაკის რომანზე „ნაზი თოვა“

რეცენზია ჯუნიჩირო ტანიძაკის რომანზე „ნაზი თოვა“

09.01.2023
1498


არ ვიცი, როგორ დავიწყო თხრობა იმ წიგნის შესახებ, რომელშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვცხოვრობდი, ძველ, ჩემგან განსხვავებულ კულტურაში, ქვეყანასა და ეპოქაში, რომელსაც, წესით, არაფერი უნდა ჰქონოდა საერთო ჩემს მოგონებებთან, რეალობასთან, მაგრამ, მისი კითხვის დროს, მაინც მხოლოდ ეს განცდა მიმყვებოდა - ამ რომანში ვცხოვრობდი და მაკიოკას ოჯახის წევრი ვიყავი. 

იაპონელი მწერლის ჯუნიჩინო ტანიძაკის რომანი "ნაზი თოვა" 40-იან წლებში დაიწერა და თავდაპირველად ავტორი მას ნაწილ-ნაწილ აქვეყნებდა. 1943 წლის დასაწყისში, ომის მიმდინარეობის წლებში, იაპონიის სამხედრო ხელისუფლებამ წიგნის გამოქვეყნების აკრძალვის ბრძანება გასცა, ვინაიდან ომის პერიოდისთვის შეუსაბამოდ მიიჩნია, თუმცა ტანიძაკიმ ხელნაწერები მაინც გადაარჩინა, როცა ოჯახთან ერთად თავისი ქალაქის დატოვება მოუწია და 1948 წელს დაასრულა კიდეც. 

მიუხედავად პერიოდისა, რომანი არ არის ომზე და მეტიც, რომანმა ომგამოვლილ მკითხველს საშუალება მისცა, ომებისა და დამარცხებებისგან ხელუხლებელ სამყაროში მაკიოკას ოჯახთან ერთად ეცხოვრა, რომელიც სირთულეებთან, სევდასთან ერთად, სავსე იყო სილამაზითა და ისეთი მშვენიერი, წამიერი სიხარულების განცდით, როგორიც შეიძლება აყვავებული ხეების პირველად დანახვამ მოგვგვაროს, ან - ბნელ ღამეში ციცინათელების გუნდის გამოჩენამ. 

ტანიძაკიმ თხრობის ელეგიური, წყნარი მანერით, საოჯახო რიტუალებსა და სეზონურ ტრადიციებზე მოყოლით, გმირებისადმი მგრძნობიარე დამოკიდებულებით, გვიამბო ოჯახური ცხოვრების დინამიკაზე, როგორც მეოცე საუკუნის იაპონიის სახეზე, მსოფლიოში მიმდინარე კულტურული და ისტორიული ცვლილებების დინამიკაში. 

მიუხედავად ვრცელი აღწერისა, ავტორს სიტყვები არ გაუფანტავს და ყოველგვარი პათეტიზმისა და გადაჭარბების გარეშე, ეკლექტიკური პიროვნებების ნაზავით მოგვიყვა ამბავს კოლექტიური იდენტობის კონფლიქტზე ძველსა და ახალს, აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს შორის. 

როგორც ტანიძაკიზე ამბობენ, მისი ნამუშევრები ხასიათდება, როგორც „მარადიული ქალის“ ლიტერატურული ძიება და ამ რომანში, ოთხი დის მაგალითზე, მათ შორის არსებულ კონტრასტებსა და სირთულეებზე თხრობით, ეს ძალიან კარგად გამოუვიდა. 

რომანის მთავარი პერსონაჟები ოთხი და არიან - ცურუკო, საჩიკო, იუკიკო და თაეკო. ცნობილი გვარის გამგრძელებლები, რომლებსაც მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ. ისინი მთელი ძალით ცდილობენ ძველი სიდიადის შენარჩუნებას, რომელიც მათი ცხოვრების განმსაზღვრელი და შეიძლება ითქვას, ხელისშემშლელიც კი გახდა. 

მათი ოჯახის შესახებ თხრობისას, ტანიძაკი გადმოგვცემს იმ პერიოდის იაპონიის ტრადიციებს. მამის გარდაცვალების შემდეგ, „მთავარი სახლის“ მმართველი უფროსი დის ქმარი ხდება, რომელმაც დანარჩენი დების ცხოვრების წესიც უნდა განსაზღვროს. იაპონური ტრადიციის მიხედვით, ოჯახის უფროსის სიკვდილის შემდეგ, თუ მემკვიდრედ ვაჟი არ რჩება, ტიტულს პირველი სიძე იბარებს, რომელმაც ამ შემთხვევაში უარი უნდა თქვას თავის გვარზე, მიიღოს ცოლის გვარი და გახდეს მთავარი სახლის უფროსი. 
ცურუკოს და მის ქმარს, როგორც მთავარი სახლის მმართველებს, უნდა გადაეწყვიტათ იუკიკოს და თაეკოს ბედი. ტრადიციების მიხედვით, დების დაქორწინება რიგითობის მიხედვით უნდა მოხდეს და რომანსაც მთავარ ხაზად იუკიკოს დაქორწინებების მცდელობები მიჰყვება. 

მთელი ეს ისტორია, როგორ ცდილობს ოჯახი იუკიკოსთვის საქმროს შერჩევას, როგორ უწყობენ მიაის (გარიგებით შერჩეული სასიძოებისა და საპატარძლოს შეხვედრა, რომელსაც ოჯახის წევრები ესწრებიან) და როგორ იჩაგრება ამ პროცესში იუკიკო, ძალიან სევდიანი საკითხავია, თუმცა იმ პერიოდის იაპონური, მკაცრი ტრადიციები ასეთ უხეშ ჩარევას მოითხოვდა და ქალებს უამრავ შეზღუდვას უწესებდა. 
ოჯახის აზრით, იუკიკო მუდმივად გასაყიდი საქონელივით ყოველთვის ლამაზად შეფუთული უნდა ყოფილიყო, რომ როგორმე დაქორწინება მოეხერხებინა. იუკიკოს უარის თქმის უფლება არ ჰქონდა, რადგან ითვლებოდა, რომ კაცის უარს არა უშავდა, ქალის მიერ დაწუნება კი მამაკაცის ღირსებას ლახავდა, ამიტომაც, ამ პროცესებში დაჩაგრული მხოლოდ იუკიკო რჩებოდა. 

ერთი შეხედვით, მსგავსი დეტალები ძალიან დამამცირებლად გამოიყურება, თუმცა ტანიძაკი მაინც ახერხებს ისეთი ნიუანსებით შეავსოს დების ურთიერთობა, რომ ბოლომდე არ გაანაწყენოს მკითხველი. 
ძალიან გულისამაჩუყებელია შუათანა დის, საჩიკოს ზრუნვა და დამოკიდებულება იუკიკოს მიმართ. ის ღელავს მასზე, მის ემოციებზე, უთანაგრძნობს მას და ცდილობს, ეს პროცესი ნაკლებად გულსატკენი იყოს მისთვის. ის მუდმივად ცდილობს, არ შელახოს მისი თავმოყვარეობა და ამ თემებზე საუბრისას სიტყვებს ფრთხილად არჩევს, რასაც ვერ ვიტყვით უფროს დაზე, რომლის ხმაც რომანში ძალიან სუსტად ისმის და ყველა შემთხვევაში მკითხველის უკმაყოფილებასა და გაღიზიანებას იწვევს.

ამ ყველაფრის საპირისპიროდ, ტანიძაკის შემოჰყავს ტრადიციების, ძველის საპირისპირო პერსონაჟი, უმცროსი და - თაეკო. თაეკო, დებისგან განსხვავებით, თავდაჯერებული, თავისუფლების მოყვარული, დამოუკიდებელი ქალია, რომელიც არასოდეს ემორჩილება მთავარი სახლის ბრძანებებს და მუდმივად იბრძვის, ყველაფრის ფასად. 

თაეკო არა მხოლოდ არ ემორჩილება მთავარ სახლს, არამედ არღვევს ყველა ტრადიციას, უფროსი და უმცროსი დების მნიშვნელობებს; საჭმელად ჯდება და მთავარ ადგილს იკავებს მათზე ადრე, როდესაც, წესით, ამის უფლება არ აქვს. იცვამს დასავლურ ტანსაცმელს, აქვს მრავალი ჰობი და იბრძვის ქალების უფლებებისათვის - „სირცხვილიც კია ამ დროში თუნდაც ქალმა სასარგებლო საქმე არ აკეთოსო“.
მიუხედავად იმისა, რომ,  ტრადიციების თანახმად, ქალს ეკრძალება ფულის გამო მუშაობა და თავის რჩენა, რაც დიდ სირცხვილად ითვლება, თაეკო არც ამას ითვალისწინებს, აქვს საკუთარი თოჯინების მაღაზია და სხვა საქმიანობებშიც ცდილობს ძალის მოსინჯვას. 

თაეკო სწავლობს ცეკვებს, მონაწილეობს სპექტაკლებში, იბრძვის დაქორწინებამდე თავისი მემკვირეობის მიღებისთვის, რათა წავიდეს საფრანგეთში და ისწავლოს ტანსაცმლის დიზაინი. თაეკო მხოლოდ მას გაჰყვება ცოლად, ვისაც თავად აირჩევს და არა მას, ვისაც მთავარი სახლი შეურჩევს. არაფერს ეპუება და არის გვარისგან განცალკევებით თავისუფლებისთვის, ძველი, არაჯანსაღი ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო, ყველაფრის ფასად. 

ტანიძაკი მსგავსი საკითხების გარდა, გვიყვება ძალიან ლამაზი, საოცარი ტრადიციების შესახებ და ეს სცენები ისეთი მშვენივრად, ლირიულად აქვს აღწერილი, თითქოს წიგნიდან მუსიკა ისმის და მხატვრობას უთანაბრდება. 

მაგალითად, ცუკიმის ტრადიციის შესახებ (შემოდგომის სავსე მთვარეობის დროს მთვარით ტკბობის რიტუალი), როდესაც საჩიკომ ოჯახი ერთად შეკრიბა და მთვარის ფონზე, იუკიკოსთვის ლექსი დაწერეს, სადაც ყველამ თითო სტრიქონით გადმოსცა იმ მომენტის შთაბეჭდილება. 

ზოგადად, პოეზია ხშირად ალამაზებს რომანს - ძალიან სასიამოვნო საკითხავი იყო სცენა, როდესაც საჩიკო ქმრის კაბინეტში, ფურცელზე წაწერილ ჰაიკუს წააწყდება. საპასუხოდ თავადაც მიაწერს ახალს და მეორე დღეს, ქმრისგან ისევ ხვდება პასუხი ლექსად. 

სულისშემკვრელად ლამაზად არის აღწერილი დების მოგზაურობა ციცინათელების ჭერის ტრადიციისას. როგორ ელოდებიან დაღამებას, უკუნ ღამეში უზარმაზარ მინდვრებში გადიან და როგორ იხილავენ ციცინათელების ნათებას - „ბალახებს იქით, უეცრად, მდინარის ორივე მხარეს მოფარფატე ციცინათელები გამოჩნდნენ. უსასრულო ხაზებად, სულებივით ციმციმებდნენ ციცინათელები. ციცინათელების სამყარო უფრო მუსიკისთვის იყო, ვიდრე ნახატისთვის. რა ლამაზი იქნებოდა, ამ გრძნობის კოტოთი ან ფორტეპიანოთი გადმოცემა რომ შესაძლებელი ყოფილიყო“.

და კიდევ ბევრ, ბევრ რამეს გვასწავლის ტანიძაკი იაპონიის შესახებ - ლექსების სისტემასა და წყობაზე, თეატრზე, ოპერაზე, მუსიკაზე, საკურას ყვავილობის რიტუალებზე, სხვადასხვა დასახლებებისა და ქალაქების მსგავსებასა და განსხვავებებზე, ცრურწმენებსა და ტრადიციებზე. 
მიუხედავად იმისა, რომ რომანის თხრობა მშვიდი, ჩუმი აღწერით მიდის, ყველა პერსონაჟის ისტორია, ხმა და სათქმელი ხმამაღალი და მკვეთრია. 

წიგნის ფინალი და ავტორის გადაწყვეტილება, როგორ დაესრულებინა მაკიოკას ოჯახის ისტორია და რატომ სწორედ ასე - ბოლომდე ამოუხსნელ საიდუმლოდ დამრჩება. 

ჩემთვის ბოლომდე განსაკუთრებულ, განსაცვიფრებელ გამოცდილებად დარჩება ამ წიგნით ცხოვრების რამდენიმე კვირა.