რეცენზია ირმა ტაველიძის რომანზე „ბნელ წყლებში“
„ბნელ წყლებში“ ირმა ტაველიძის პირველი რომანია და ჩემთვის წლის საუკეთესო წიგნი აღმოჩნდა იმ ქართველი ავტორებიდან, რომელიც წავიკითხე.
დასრულებისთანავე აღფრთოვანებულმა მივწერე მეგობრებს და ვთხოვე, სასწრაფოდ დაეწყოთ კითხვა, რადგან ემოციების გაზიარება მჭირდებოდა.
რაზეა წიგნი? - მკითხეს და ვერაფერი ვუპასუხე.
რაზეა? დავუსვი კითხვა ჩემს თავს და მივხვდი, რომ - ყველაფერზე. მკვეთრად გამოხატული სიუჟეტის მოყვარულებს შეიძლება სხვა შთაბეჭდილებები გაუჩნდეთ, მაგრამ ეს არის რომანი, რომლის გაგებასაც ფიქრი სჭირდება. ნაწილების, ფრაგმენტების შეკოწიწება, დაკავშირება და ამ პროცესისგან მოგვრილი სიამოვნებით ტკბობა.
ამ რომანში ყველა პერსონაჟი მნიშვნელოვანია, ერთ პატარა ამბავში გაელვებული გმირიც კი ისეთი ოსტატობით ჰყავს ავტორს დახატული, რომ შენს გონებაში თავის მნიშვნელოვან კვალს ავტომატურად ტოვებს.
ან კიდევ ვინ არის მთავარი გმირი? მხოლოდ ალექსანდრე? რატომ მისი და, ირინა არა? იქნებ მისი მშობლები? ან კიდევ ბებე - მისი ლამაზი სიყვარული? კლარა - თავისი მკვეთრი, ძლიერი ხასიათითა და ცინიზმით? ჩემთვის ყველა მათგანი მთავარი გმირია.
ვკითხულობდი ალექსანდრეს ისტორიას, რომლის ამბავიც საავადმყოფოს კედლებში იწყება, სადაც მოულოდნელად აღმოჩნდა მაშინ, როცა ზამთრის ქალაქი ჩვეული რუტინით ფორიაქობდა, ადამიანები თავიანთ ცხოვრებას იწყებდნენ, გამვლელ-გამომვლელები საქმეს ეშურებოდნენ, ის კი ეგდო ქუჩაში და მხოლოდ ვიღაცის გულმოწყალებამ გადაარჩინა.
აქედან იწყება ამბავიც და ბოლოს ძალიან უცნაური კომპოზიცია იკვრება. თითქოს მართლა ბნელ წყლებში იარე, ხელები აფათურე, ნაწილებად ამოალაგე რომანის გმირების ტკივილები, სიყვარულები, ემოციები, მშვენიერი წამები და ეს ყველაფერი თან შენც ხარ, შენიცაა. შენც განგიცდია, შენც შეგხებია. შენც ტალღის მიმოქცევასავით ბოდიალობდი წარსულის მოგონებებში, შენთვისაც ყველაფერი გადაჯაჭვული იყო ერთმანეთს, ოჯახის, მშობლების, მეგობრების, სიყვარულის მთელი დიდებულებისა და ტრაგიკულობის განცდები და ამ ნაწილებისგან შედგები შენც.
მწერლის ოსტატობის დამსახურებაა, რომ მოჰყვა ამბავს, რომელიც საბოლოოდ, ბევრი ადამიანის კოლექტიური და საერთო გამოცდილებაა. ირმა ტაველიძის ენა ძალიან პოეტურია, ახლებური ლექსიკა და მხატვრული ხერხების თამაშია და, გარდა ემოციური ნაწილისა, კარგი მკითხველი თავად ტექსტის სილამაზითაც ისიამოვნებს.
ალექსანდრეს საავადმყოფოში მოხვედრიდან ავტორს ნელ-ნელა გადავყავართ მის მოგონებებში, რომლითაც გვაცნობს მის ოჯახურ ფრაგმენტებს; დედას, მამას, ბებიას და დას. ამ მოგონებების კითხვისას იჩენს თავს სწორედ ეს კოლექტიური გამოცდილება: სტერეოტიპებით გაჯერებული პირადი თემები; მშობლების კონფლიქტებში ჩაკარგული ბავშვები, რომლებიც ამ ყველაფერს გრძნობენ და შეგრძნება აქვთ, რომ შეუმჩნევლები რჩებიან; ქალები, რომლებიც ღალატის მიუხედავად ოჯახის შენარჩუნებას ებღაუჭებიან, თავიანთ თავებს მსხვერპლად თვლიან, ცხოვრებას - ქმრისთვის შეწირულად, წლებს - დაკარგულად. „ერთხელ, დამესიზმრა, რომ თავისუფალი ვიყავი,- თქვა დედაჩემმა“- კითხულობ ამ წინადადებას, ამოვარდნილს ამ აურზაურიდან და ყურს გჭრის. ბასრი დანის შემთხვევით ხელზე გადასმასავითაა.
და ამ კონფლიქტებში დაკარგული კაცები, დაპატარავებული, მხრებჩამოყრილი კაცები, რომლებიც უკვე მამობის როლშიც ელფერს იცვლიან, არადა, მანამდე ისინი იყვნენ შვილების მთავარი მოკავშირეები - „მამა, მელია დამიხატე“, „მამა, ხეს ამოფარებული მელია დამიხატე“, „მამა, თვალში რაღაც ჩამივარდა და სული შემიბერე“.
და შენც კითხულობ ამ ყველაფერს შვილის, დედის, მამის, დის, ბებიის პერსპექტივიდან და შეგრძნება გიჩნდება, რომ შენც ასევე გაგეჩხირა ყელში რაღაც, ხის ნაფოტის მსგავსი, რომელსაც ვერც ნერწყვით დაალბობ და ვერც წყლის ორი ყლუპით უშველი. იმ სევდასაც, რომელმაც სრულად დაიპყრო შენი გონება, ასე ადვილად ვერ გადაყლაპავ.
და სიყვარული? ალექსანდრეს და ბებეს მშვენიერი სიყვარული?! ეს ლამაზად აღწერილი ეროტიკა, ჟანგმოდებულ კარუსელებთან ჩაგუბებულ სიჩუმეში შეყვარებულების სუნის ღრმად შესუნთქვა, მათი ყელში დანასავით გამოსმული სიყვარულის ამბავი - „გულისაჩქარებობანა, მისმკლავებშიგარინდებობანა, ღამითმასთანდარჩენისსიხარულობანა, საწოლშიხმამაღლაწამოკივლებობანა, მისისახელისუსასრულოდგამეორებობანა“.
კითხვისას ემოციების კონტროლი ძალიან მიჭირდა. ისევ და ისევ ვუბრუნდებოდი წაკითხულ ნაწილებს, თავიდან ვკითხულობდი და ზუსტად ვიცი, კიდევ რამდენჯერმე წავიკითხავ ხელახლა.
კითხვისას სევდას მთლიანად ვყავდი ატანილი, მაგრამ, ამავდროულად, აუხსნელ სიხარულსაც ვგრძნობდი. აი, დაახლოებით ის განცდა მქონდა, პარკში, ლოთი საშკა რომ სცემეს, ის კი, დასისხლიანებული, ნაცნობების გამოჩენით გულმოცემული, მუხლებზე დაემხო და მკერდზე ხელების ბრაგუნით, სიმღერას მოჰყვა, თან იცინოდა და თან სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა.
როგორც ზემოთ ვთქვი, ჩემთვის ამ რომანის ყველა გმირი მთავარი პერსონაჟია:
ექთანი, სულ რამდენიმე წინადადებაში რომ გაიელვებს მისი ხმა, ხასიათი და იუმორი, როცა ალექსანდრეს მნახველ გოგოებზე, მათ მიერ მოტანილ მანდარინებზე უყვება და თან ენამოსწრებულად ხუმრობს - „შენი თაყვანისმცემლები არიან. ისე, რომელი ჟერარ ფილიპი შენ გნახეს?”
კლარა და მისი მზრუნველობაშეპარული ცინიზმი, როცა მას ალექსანდრე უყვება საავადმყოფოშიც როგორ დაკარგა რამდენჯერმე გონება, ის კი მთელი კვირის დაუბანელ ხელებზე ეფერება და თან დასცინის - „კარგია, ეგრე გააგრძელე”.
ალექსანდრეს ექიმი, წვერზე შერჩენილი პურის ქერქის ნამცეცითა და აწითლებული ბიბილოებით.
ლოთი საშკა- ალექსანდრესა და ბებეს სიყვარულის დამსწრე.
ირინა - ალექსანდრეს და თუ მეორე მე? და მისი თვალით დანახული ისტორია, მისი განცდების, ემოციების სულ სხვა პერსპექტივიდან დანახვა. მისი ტკივილის გაზიარება, შეყვარება.
მხატვარი ქალი - მათი ოჯახის ისტორიის ფაზლის მთავარი ნაწილი.
და კიდევ ყველა, დანარჩენები.
როცა კითხვა დავასრულე, შერეული და მრავალმხრივი გრძნობები მქონდა. ცალკე აღფრთოვანებული ვიყავი ტექსტით, მწერლის ენით, რომელიც ისეთი ლამაზი და ბუნებრივი მხატვრული ხერხებით იყო სავსე, რომ პოეზიის ენას უფრო ჰგავდა, ვიდრე პროზის. თან ტირილი მინდოდა და როგორც რომანშია, ერთდროულად ყელზე შემოხვეული სიხარულის მახრჩობელა ყულფისგან გული ამოვარდნას მქონდა. რომანის გმირების მიმართ გულშემატკივრობის განცდასა და ძლიერ ემპათიას ვგრძნობდი. მინდოდა, მე ვყოფილიყავი ის უცნობი გოგო, რომელიც „ცის კიდეს შეშლილივით მიჩერებულ ალექსანდრეს გვერდით ამოუდგა - მეგობრულად, დარდის გამგებ-გამზიარებლის ადვილად მისახვედრი კეთილგანწყობით“ და გასამხნევებლად მხარზე ხელი დაადო.
წიგნების კითხვისას ჩვევა მაქვს: ყოველთვის ვხაზავ სიტყვებს, რომლებიც მელამაზება, წინადადებებსა, თუ მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხის მაგალითებს და არა მხოლოდ მათ, ამბის იმ მონაკვეთებსაც, რომლებიც ჩემზე ემოციურად მოქმედებენ, რამეს მახსენებენ, ან ჩემს გრძნობებს ეხმიანებიან. ასეთი ფრაგმენტები კიდევ უფრო მაახლოებს მწერალთან და კეთილგანწყობასაც მიქმნის.
კითხვას რომ დავასრულებ-ხოლმე, თავიდან ვკითხულობ ამ ჩანიშნულ მონაკვეთებს და სულ მაინტერესებს, როცა იმავე წიგნს ვინმე სხვა კითხულობს, ის რომელ სიტყვებზე გაამახვილებს ყურადღებას, ის რომელ წინადადებას გაუსვამდა ხაზს და ჩაინიშნავდა, სხვისთვის რომელი სიტყვებია ლამაზი?!
ეს რომანიც დიდი სიყვარულით ავაჭრელე და დასასრულს, სანამ მისი წაკითხვით გამოწვეულ ემოციებსა და მისით ტკბობაში გადავარდებით, პატარა ფრაგმენტს გიტოვებთ: „წითელი ღილი საშინაო კაბას ეკერა. წვრილყვავილებიანი, ბოლოგანიერი ეს კაბა დედაჩემს ძალიან უყვარდა - ხშირად ვხედავდი, როგორ ეძებდა და მერე როგორი სიხარულით ისწორებდა ტანზე მოკლესახელოებიანს, ივლის-აგვისტოში ჩასაცმელს. საშუალო ზომის ღილს - წითლად გალაქულ სიფრიფანა ფირფიტას დიდხანს თუ დააკვირდები, ზედ გადაფარებულ ფრთაგაშლილ პეპელას დაინახავ, წვრილი წერტილებით დახატულს, თითქმის ცოცხალს, აფრთხიალებულს“ - თქვენც დაინახეთ, არა?!