რეცენზია რადიარდ კიპლინგის რომანზე „კიმი”
ლაჰორი, ინდოეთი (დღევანდელი პაკისტანი), ჯერ კიდევ ბრიტანეთის ძლევამოსილი იმპერიის ხანა და პატარა, თეთრკანიანი, ირლანდიური წარმოშობის ბიჭი, რომელიც არავისზე ნაკლებ ინდოელად თვლის თავს და ყველაზე კარგადაც იცნობს ძველ, ცოტა მოუვლელ, მაგრამ მაინც ნაირფრად საინტერესო ქალაქს. ალბათ, უკვე მიხვდებოდით, რომ სწორედ ესაა კიმი - კიმბოლ ო’ჰარა - ჭკვიანი, ონავარი და ძალიან ყოჩაღი ბიჭი, რომელიც ბედს თუ უბედობას სრულიად მარტო დაუტოვებია ამქვეყნად და მშობლებისგან კისერზე ჩამოკიდებულ ტყავის ტომსიკაში გამოკერებულ სამ ფარატინა ქაღალდზე მეტი არც არაფერი დარჩენია (ამ ქაღალდების ასავალ-დასავალს თავადვე გაეცნოთ წიგნში, ისა სჯობს). თუმცა, არის რაღაც, ყველაფერზე უფრო იმედისმომცემი კიმისთვის - წლების წინ მის სახელზე თქმული წინასწარმეტყველება წითელი ხარით, ინგლისელი პოლკოვნიკითა და ასობით ჯარისკაცით, რამაც ბედს უნდა სწიოს ბიჭი. და ამ ჯადო-მისნობაზე ფიქრი გადააწყვეტინებს „ქვეყნიერების ძმაბიჭს“, რომ ჩელად (შეგირდად) დაუდგეს მთებიდან წმინდა მდინარის საძებნელად ჩამოსულ ტიბეტელ ლამას.
და ადგება გზას მატარებლით ორი მოგზაური, პირველი - ზედმეტად ახალგაზრდა და თეთრკანიანი საიმისოდ, რომ ჭრელ ინდოეთშიც კი მაინც თვალში არ მოხვდეს ადგილობრივებს თავისი ენაწყლიანობითა და უჩვეულო შესახედაობით; მეორე კი - მეტად მოხუცი და ჩამოძონძილი, თუმცა ენაწყლიანობით მეგზურს არ ჩამოუვარდება და ცოტა მეტ პატივისცემანარევ მზერასაც იმსახურებს ბერობაში შეძენილი სიბრძნე-სიმართლის ქადაგებით. ათასგვარი ხალხით დატვირთული მატარებელი გზის დასაწყისია და ამბის თავშივე ვხვდებით, თუ რამდენად ძნელი და თან მარტივი იქნება მოძღვრისა და მისი ჩელას მოგზაურობა, ზოგჯერ სიხარულით ბოძებული ძღვენის, ზოგჯერ კი სამადლოდ და დაყვედრებით გადმოგდებული ლუკმისა და ქვეშაგების იმედად. ასე დადიან სოფელ-სოფელ ისრის მდინარისა თუ წითელი ხარის გამოჩენის მოლოდინში და ჩვენც მათი მოგზაურობის კვალდაკვალ ვეცნობით ინდოეთის პროვინციებს, ღარიბ თუ მდიდარ ოჯახებს, საქმითა თუ უსაქმურობით გათანგულ პერსონაჟებს.
ამასობაში გამოჩნდება კიმის ბედის ვარსკვლავი, რომელსაც ბიჭისთვის ნანატრ იმედთან ერთად, შიშიც მოაქვს. ლამა კი თავს აიძულებს, კიმის უკეთესი მომავლისათვის მის სკოლაში გამწესებას მიემხროს და ასე ჩნდება მათ ცხოვრებაში პოლკოვნიკი, იმპერიის საიდუმლო საქმეები და ეპისკოპოსი, რომლებიც რაღაც დიდი საქმისთვის ამზადებენ ყმაწვილ ირლანდიელს. ხომ იცით, ასეთი ბიჭები როგორ უცებ იზრდებიან, ჰოდა ასე დაემართა კიმსაც - სასწავლებლიდან ლამასთან დაბრუნების სურვილით გაქცეულსა და უკანვე მიბრუნებულს; კიმს, ვისაც მისნის სიზმრის ახდენა სხვანაირად წარმოედგინა და, მგონი, ლაჰორ-ქალაქში სხვა უპოვრებთან ერთად მიწაში ამოგანგლულს ერჩივნა გამვლელების თვალიერება, სკოლის კედლებში გამომწყვდევას.
მერე იყო საიდუმლო საიმპერიო საქმეები, ლამასთან გადაყრა და მასთან ერთადვე მთებში ხეტიალი, მუდამ გზაში მყოფი კიმი, ასე აღელვებული რომ მისდევს ძველ მოძღვარს და, მგონი, აქ სჯობს, გავჩერდე, რადგან ისედაც ბევრი მოგიყევით კიპლინგის ამ საოცარი რომანის შესახებ. დანარჩენი, ვფიქრობ, თქვენი და კიპლინგის საქმეა, როგორ დაგახვედრებთ ის ამ ისტორიას და თქვენ როგორ აუბამთ მხარს დროებით თუ მარად მოგზაურებს. გზაზე რომ არ დაიბნეთ, ორი ჩინებული დამხმარე გეყოლებათ უბადლო მთარგმნელების სახით - ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე გემოვნებიანი და იუმორნარევი თარგმანით ძალიანაც ახლობელს მოგაჩვენებთ სინამდვილეში შორეულ ინდოეთს და გულიანადაც გაგაცინ-გაგაღიმებთ, როცა კოლონიალისტი ქვეყნის მწერლის, რადიარდ კიპლინგის მიერ კოლონიაზე დაწერილ წიგნში ისეთ მარგალიტს დაგახვედრებთ, როგორიცაა „არა, ბიჭოს, მოსკოვს ხომ არ დავეკითხებოდი!“-ო, ანაც კიმის ენამოსწრებულობით ნათქვამ ფრაზებზე გაფიქრებინებენ, ეს წიგნი ქართულად ხომ არ დაუწერია მწერალსო: „ეგ ფლოსტები მერძევე ქალს აწაპნე ბაბუ, ჰა?“.
ჰოდა, თუ მთავარი პერსონაჟივით თქვენც დაფიქრდით „კიმი, კიმი.... მაინც ვინაა ეს კიმი?“, ბევრს ნუ იწვალებთ, 441 გვერდი გაშორებთ პასუხამდე და, აბა, თქვენ იცით.