რეცენზია რიჩარდ იეიტსის რომანზე "სააღდგომო ჩვენება"
„დაე, სუყველამ მოკვდავის ბოლო დღეს მიაპყროს თავისი მზერა
და ბედნიერად ნუ ჩათვლის ხოლმე მოკვდავს მოკვდავი სანამდის იგი
ყოველნაირი ტანჯვის გარეშე არ გადალახავს სიცოცხლის სამანს“.
ამ სტროფებით სრულდება მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“. როდესაც ამერიკელი მწერლის, რიჩარდ იეიტსის „სააღდგომო ჩვენებას“ კითხულობ, ეს სიტყვები მუდამ თან გდევს, წიგნის დასასრული კი სხვა გზას არ გიტოვებს - უნდა დაეთანხმო სოფოკლეს.
დიახ - „ო, ოიდიპოს, მოკვდავთა შორის,
ნეტარად არვინ არ მეგულება“.
ასეთი წიგნია რიჩარდ იეიტსის „სააღდგომო ჩვენება“, მაგრამ ის, ბერძნული ტრაგედიების მსგავსად, მკითხველის თვალწინ ერთიანად არ აწყობს ჯოჯოხეთს დედამიწაზე. მწერლის სტრატეგია ასეთია - ხმაურისა და მძვინვარების გარეშე დაგანახოს, როგორ ნელ-ნელა, როგორი ჩუმი სიკვდილით კლავს ცხოვრება ადამიანის ყველა ოცნებას, როგორ თანდათან აქრობს და შლის ყველაფერს ძვირფასს, რასაც შეიძლება ადამიანი სიცოცხლეში გადარჩენისთვის ჩაებღაუჭოს.
მწერალი გიხატავს გმირებს და ამ გმირებით ბოლომდე აშიშვლებს ადამიანის სულს, ბოლომდე გულწრფელია შენი, როგორც მკითხველის წინაშე, რადგან იცის, რომ მკითხველს ვერაფერი გაგაკვირვებს, იმიტომ, რომ მისი ყველა პერსონაჟი, იქნება ეს ემილი, სარა თუ მათი დედა, ესთერ გრაიმზი, ამავე დროს შენც ხარ და თუ მათი არ გესმის, ალბათ, არც არასოდეს გიცხოვრია.
„სააღდგომო ჩვენება“ არჩევანზეა. იმ არჩევანზე, რომელსაც ადამიანები ცხოვრებაში ყოველდღიურად ვაკეთებთ. არჩევანია ქორწინება, არჩევანია განქორწინება, არჩევანია მარტოობა, არჩევანია, როდესაც მარტოობის შიშით სხვა ადამიანთან ერთად იყოფ ცხოვრებას. არჩევანია, როდესაც იცი, რომ ზოგჯერ, შეიძლება ყველაზე მარტო სხვა ადამიანთან ერთად გრძნობდე თავს, მაგრამ, ისიც არჩევანია, რომ მაინც ამ ადამიანის გვერდით დარჩე.
არჩევანი მრავალფეროვანი და უსასრულოა. ჩვენი ეს გადაწყვეტილებები კი საბოლოოდ ერთ დიდ, გრძელ თოკს ემსგავსება, რომელიც შეიძლება ყელზე შემოგეხვიოს და ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ დაგახრჩოს. მილან კუნდერა „ყოფის აუტანელ სიმსუბუქეში“ წერს, რომ არ არსებობს იმის შესაძლებლობა, გადავამოწმოთ, რომელი გადაწყვეტილებაა საუკეთესო, რადგან შედარება არ არსებობს. იმიტომ, რომ ადამიანი პირველად და ყოველგვარი მომზადების გარეშე ცხოვრობს. თითქოს მსახიობმა შეასრულა თავისი როლი ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე. და თითოეული ადამიანის ტრაგედიაც სწორედ ამაში მდგომარეობს - წინასწარ ვერასდროს გათვლი, რომელი გადაწყვეტილება მიგიყვანს საკუთარი თავის განადგურებასთან, რომელი გადაგარჩენს და ზოგადად, ადამიანი ხომ ყოველთვის გადარჩენასა და დაღუპვას შორის ირწევა.
„სააღდგომო ჩვენებაში“ კათარზისს ბევრჯერ განიცდის მკითხველი... ამ წიგნში ისეთ მონაკვეთებს გადავაწყდებით, რომლებიც გონებიდან აღარასოდეს წაიშლება. ასეთი მონაკვეთი სულ ერთ პატარა აბზაცში მოყოლილი ადამიანის მთელი ცხოვრების ისტორია შეიძლება აღმოჩნდეს, რომელშიც მწერალი საოცრად ლაკონიურად, მინიმალისტურად აღწერს საკუთარ თავთან გაუცხოებულ ადამიანს, რომელიც ამღვრეული თვალებითა და ამღვრეული გონებით საკუთარ ანარეკლს უცქერს პატარა სარკეში, უცქერს დაღვრემილ სახეს და ბოლოს, მისთვის ასე საყვარელი წითელი პომადით ამ სარკეს წითელ ტუჩებს მიახატავს... და ეს გმირიც შენ ხარ, იმიტომ, რომ იცი, ცხოვრება ყოველთვის უცნაურ დროს, სრულიად მოულოდნელად გადაგიყვანს რელსებიდან, შენ კი ისევ ეცდები რელსებზე დაბრუნებას და სიცოცხლე სხვა არაფერი იქნება, რელსებზე სიარულის, რელსებიდან გადმოვარდნისა და წამოდგომის დაუსრულებელი მცდელობის მონაცვლეობის გარდა.
შეიძლება გაგვიჭირდეს იმის მტკიცება, რისი თქმა სურს მწერალს - ყველაფერში უბრალოდ ცხოვრება დავადანაშაულოთ თუ ჩვენი გადაწყვეტილებები უკეთ ავწონ-დავწონოთ. ან იქნებ იმის ჩვენება სურს, რომ როგორი არჩევანიც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, სევდიან დასასრულს მაინც ვერ ასცდება. მისმა გმირებმაც ხომ განსხვავებული გადაწყვეტილებებით იცხოვრეს, მაგრამ, მაინც ვერ შეინარჩუნეს ბავშვობის მხიარული, სიცოცხლით სავსე თვალები.
დავწერე, იეიტსი ის მწერალია, რომელიც ბოლომდე აშიშვლებს ადამიანის სულს-მეთქი და ასეც არის. რამდენჯერ შეგვეძლო ადამიანის გადარჩენა და არ გადავარჩინეთ? რამდენჯერ გაიღვიძა ჩვენში ეგოისტურმა სურვილმა, რომ ჩვენი კომფორტის ზონიდან არ გამოვსულიყავით? რამდენჯერ შეიძლებოდა, ჩვენი ერთი ნაბიჯის გადადგმას ადამიანების ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვალა? - ბევრჯერ, რა თქმა უნდა, ბევრჯერ.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ წიგნის თითოეული გმირი ძალიან ნამდვილი და ცოცხალია. იმდენად, რომ მათ ვერც გაკიცხავ, ვერც დააადანაშაულებ, რადგან ისინი ძალიან გვგვანან და ჩვენ ძალიან ვგავართ მათ.
ვფიქრობ, ეს ტექსტი კარგი მაგალითია იმის გასაცნობიერებლად, რომ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ გაცილებით მეტი თანადგომა გვმართებს. გაცილებით მეტი ფიქრი უნდა შეგვეძლოს განსაცდელის პირისპირ დარჩენილი ადამიანის მიმართ და ასე გაცილებით ნაკლები სარა, ემილი თუ მისის გრაიმზი ეყოლება დედამიწას. ანუ, გაცილებით ნაკლები უბედურება მეტი თანაგანცდის სანაცვლოდ. და ესეც არჩევანია.
არის მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც რიჩარდ იეიტსი „სააღდგომო ჩვენებაში“ ეხება. ეს თემა ქალთა მიმართ ძალადობის თემაა. თემა, რომელიც განსაკუთრებით მწვავე საკითხია ქვეყანაში, რომელშიც ვცხოვრობთ. დრო გადის, თაობები იცვლება, მაგრამ აღნიშნული პრობლემა ისევ გადაუჭრელი რჩება. ასე ხდება აქ, ჩვენ თვალწინ, საქართველოში. ხოლო რიჩარდ იეიტსის „სააღდგომო ჩვენება“ კი გვარწმუნებს ნობელიანტი მწერლის, კნუტ ჰამსუნის სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომ აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში, შინ თუ გარეთ, ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან. დიახ, ქალთა მიმართ ძალადობა, მოძალადესთან დარჩენილი ქალები და ძალადობას შეწირული ქალები, ქალები, რომლებიც შეიძლება თითოეული ჩვენგანის გვერდითაც ცხოვრობდნენ, რიჩარდ იეიტსის გმირებიც არიან. და ამ ამერიკელი ქალების პრობლემებიც სწორედ ისეთია, როგორიც ქართველი, ირანელი თუ ფრანგი ძალადობის მსხვერპლი ქალების. და შეკითხვაზე, თუ რატომ არ გაიქცა გაცილებით ადრე ქართველი, ირანელი თუ ფრანგი ქალი, ვიდრე მას მოკლავდნენ, ამ შეკითხვაზე პასუხსაც ამ წიგნში იპოვით და იპოვით ამერიკელი ქალის მაგალითის ფონზე...
ადამიანები ხომ ყველგან ერთნაირები არიან... ერთნაირი შიშებით, ერთნაირი ტკივილებითა თუ ვნებებით და, სწორედ ამიტომ, ცხოვრებაშიც, როგორც წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ემილი ამბობს, სულ ასეთი რამეები ხდება.