რეცენზია ნიკოს კაზანძაკისის რომანზე „ალექსის ზორბასის ცხოვრება“
რამდენი წიგნი წავიკითხე მას შემდეგ, რამდენი პერსონაჟით დავინტერესდი, რამდენმა აღმაფრთოვანა, მაგრამ, ალექსის ზორბასი მაინც დაუძლეველ სიმაღლედ მექცა. ვკითხულობდი და ვფიქრობდი - ეს რა წიგნი დაუწერია კაზანძაკისს.
რა ამბებია, რა დიალოგები, რა სიგიჟეა!
ლათინურ ენაში არის ერთი ასეთი საინტერესო სენტენცია - tabula rasa (სუფთა დაფა).
მნიშვნელობა ის აქვს, რომ სუფთა დაფა სუფთა გონებასთან არის გაიგივებული.
სუფთა გონებასთან, რომელსაც ჯერ არ შეხებია არავითარი ფიქრი, აზრი, ჯერ არაფერი შეუმეცნებია, ანუ, ჩვილის გონებასავით სუფთაა და რასაც გინდა, წააწერ.
ჩემს გონებასაც სიამოვნებით ვაქცევდი tabula rasa-დ, მერე ალექსის ზორბასს გავიცნობდი და მისი სამყაროსადმი დამოკიდებულებით დავიწყებდი შემეცნებას.
ცხოვრებაში გქონიათ ისეთი მომენტები, როდესაც გიფიქრიათ, რომ დრო ფუჭად გალიეთ? რომ სინამდვილეში ისე არ გიცხოვრიათ, როგორც გსურდათ, რომ გეცხოვრათ? და გიფიქრიათ, რომ უკვე ყველაფერი დაგვიანებულია?
ვინც ზორბასზე გვიამბობს, მასაც ასე სწამს.
სწამს, რომ საკმაოდ გვიან გადაეყარა მისი ცხოვრების მთავარ მასწავლებელს და ძირეული და მნიშვნელოვანი, რისი შეცვლაც საკუთარ თავში მოუნდებოდა, ვეღარ შეცვლიდა, რადგან, დიდხანს იცხოვრა სხვა პრინციპებით.
მაგრამ, იქნებ არასდროსაა გვიან?
იქნებ ეს "გვიან" არ არსებობს და ის ჩვენ, ადამიანებმა გამოვიგონეთ, რათა ჩვენი გაბედვის შეუძლებლობა ასე მაინც გაგვემართლებინა?
იქნებ სწორედ ის წამია მოსახელთებელი, როდესაც ალექსის ზორბასს პირველად ვხვდებით, თუნდაც ასე, წიგნის ფურცლებზე?
ალექსის ზორბასი არის კაცი, რომელსაც ცხოვრებაში ერთი წიგნიც არ წაუკითხავს, მაგრამ, ის თავად არის წიგნი. შეიძლება, ყველა წიგნი ერთად აღებული, რაც დაწერილა და რაც ოდესმე დაიწერება.
ზორბასს არ სჯერა ისეთი ადამიანების, რომლებმაც თითქოს და ბევრი შეიმეცნეს, მაგრამ, ვერ შეძლეს და ეს ცოდნა ცხოვრებაში ვერ გადმოიტანეს.
ისინი ამბობენ, რომ ესმით, რომ ახლა გაიგეს, რომ იციან, რა არის სწორი და რა არა, სად არის სიმართლე და სად არა, მაგრამ მერე? - ეს ყველაფერი უტყვი რჩება, გონებით შემეცნებულის სისრულეში მოყვანას ვერ ვახერხებთ - ასეთი ცოდნის, რომელსაც თან ასეთი უმოქმედობა და უსისხლობა ახლავს, ზორბასს არ სწამს.
არ სწამს მათი, ვინც შიშს დაემონა, ვინც სანახევროდ იცხოვრა, რადგან დარწმუნებულია,რომ სანახევროდ გაკეთებულმა საქმემ, სანახევრო ლაპარაკმა, სანახევროდ ჩადენილმა ცოდვამ თუ სანახევროდ გაკეთებულმა სიკეთემ მიიყვანა სამყარო დღევანდელ საშინელებამდე.
ზორბასი შეხორცებული ჭრილობებით ცხოვრობს.არასდროს, ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ მოიხსენიებს სიცოცხლეს აუგად, რადგან, მისთვის სიცოცხლე ჯილდოა, მაშინაც კი, თუ ცხოვრებამ ძლიერად დაარტყა. ზორბასი ყოველთვის ამაზე მაღლა დგება. ალექსის ზორბასმა მასწავლა, რომ თუ ნამდვილად გსურს, გიყვარდეს სიცოცხლე, მისი დარტყმებიც ისევე უნდა შეიყვარო, როგორც მის მიერ მონიჭებული სიხარული.
აი, როგორია სიცოცხლის უპირობო სიყვარული.
და თუ ამ ყველაფრის სათქმელად სიტყვები გამოელევა, ზორბასი ცეკვას იწყებს.
ის ცეკვავს მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღესაც კი.
ცეკვა - ეს მისთვის სამყაროს მაჯისცემაზე ხელის დადებაა.
გირჩევთ, გაიცნოთ და უფრო მეტიც, შეიცნოთ ეს ადამიანი,რადგან მჯერა, ძირეული თუ სულ მცირე ცვლილებების მოხდენით ყოველთვის რაღაც ახალი და საინტერესო იწყება.
კუნძულ კრეტაზე, ავტორის, ნიკოს კაზანძაკისის საფლავზე ასეთი ეპიტაფია არის ამოტვიფრული - „არაფერს ვნანობ. არაფრის მეშინია. თავისუფალი ვარ“ - ალბათ, ასე არც ერთი სიტყვა არ შეეფერება თავად ალექსის ზორბასსაც.
მეტს არაფერს გეტყვით, რადგან, რამდენიც არ უნდა ვისაუბრო, ყველაზე სწორად, ყველაზე ძლიერად და ყველაზე კარგად სათქმელს მაინც ზორბასი გეტყვით.