ზაალ კიკვიძე

ზაალ კიკვიძე

მთარგმნელი

ქართველი

1978 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მემბრანების ბიოლოგიის განხრით თემაზე: „ნატრიუმ-კალიუმ-ატეფაზის ფუნქციური რეგულაცია“. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და შემდეგ ბოტანიკის ინსტიტუტში, ასევე – საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტში. გაიარა ეკოლოგიური განათლების კურსი გლაზგოს სტრათკლაიდის უნივერსიტეტის ჯორდანჰილის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი). 1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ზოგად ბიოლოგიაში თემაზე: „ბიოლოგიური სისტემების სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაცია“. ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ჩიბას უნივერსიტეტში (იაპონია) და არიდული ზონების ექსპერიმენტულ სადგურში (ალმერია, ესპანეთი), იყო ტოკიოს უნივერსიტეტის (იაპონია) ასოცირებული პროფესორი.
კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მცენარეთა ეკოლოგია, მათი სახეობრივი მრავალფეროვნება და გეოგრაფიული განაწილებები ეკოლოგიურ გრადიენტებზე, სახეობათა თანაცხოვრების წესები და ორგანიზმთა შორის ურთიერთქმედება, ეკოლოგიური განათლება, ეთნობოტანიკა, ეთნო-ეკოლოგია და სოციო-ეკოლოგია. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო, პედაგოგიური და სამეცნიერო-პოპულარული შრომა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2006 წლიდან, 2012 წლიდან არის ეკოლოგიის პროფესორი, ხოლო 2015 წლიდან – ეთნო-ბიოლოგიისა და სოციო-ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მიჰყავს კვლევითი პროექტები ბოტანიკის ინსტიტუტში.