„დიოგენემ“ ორი ახალი თარგმანი გამოსცა

„დიოგენემ“ ორი ახალი თარგმანი გამოსცა

27.01.2023
1153

2023 წელი პროდუქტიულად დავიწყეთ. იანვარში „დიოგენეს“ გამოცემებს ორი ახალი წიგნი შეემატა. სერია “NONFICTION”-ში გამოვიდა ამერიკელი ფილოსოფოსისა და მწერლის, სიუზენ ზონტაგის ესეების კრებული „ფოტოგრაფია“, ხოლო „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ გამდიდრდა თანამედროვე ფრანგი მწერლის, ერვე ლე ტელიეს რომანით „ანომალია“, რომელიც პრესტიჟული პრემია „გონკურის“ გამარჯვებულია. 

სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ უმნიშვნელოვანესი ნამუშევარია, რომელიც  იკვლევს ფოტოგრაფიის როლს თანამედროვე საზოგადოებაში. ზონტაგი ამტკიცებს, რომ ფოტოები აყალიბებენ სამყაროს აღქმას და გავლენას ახდენენ მის გაგებაზე. კრებულში შესული ექვსი ესე 1973-დან 1977 წლამდე New York Review of Books-ში ქვეყნდებოდა, 1977-ში კი წიგნად გამოიცა.

ესეებში ზონტაგი მიმოიხილავს ისეთ თემებს, როგორიცაა ფოტოგრაფიასა და ჭეშმარიტებას შორის ურთიერთობა, ფოტოების როლი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში და ფოტოგრაფიის გავლენა ისტორიის გაგებაზე. წიგნი არის როგორც ფილოსოფიური კვლევა ფოტოგრაფიის მნიშვნელობის შესახებ, ასევე კულტურული კრიტიკაა, თუ რამხელა გავლენა აქვს მას ჩვენს სამყაროზე. 

ერვე ლე ტელიეს „ანომალია“ აერთიანებს სამეცნიერო ფანტასტიკას, მეტაფიზიკურ საიდუმლოებას, სიყვარულის ისტორიასა და ტრილერს. წიგნი არის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ერთგვარი თავსატეხი, რომელიც გულს აგიჩქარებთ და ღრმა ფიქრებში დაგტოვებთ.

განსხვავებულ პერსონაჟებთან ერთად თქვენც ჩაერთვებით თავისუფალი ნების, ბედის, რეალობისა და ადამიანის არსებობის აზრის გარკვევაში. ამ მნიშვნელოვან თემებს მწერალი იუმორითა და  მომხიბვლელი წერის სტილით გვიყვება. ამიტომ, ეს უნიკალური ნაწარმოები განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც უყვარს და აინტერესებს მხატვრული ლიტერატურა.

ორივე წიგნის შეძენა უკვე შეგიძლიათ „დიოგენეს“ ოფისში მდებარე წიგნის მაღაზიასა და წიგნის სხვა მაღაზიებში. ასევე, წიგნების გამოწერა შესაძლებელია ჩვენს ონლაინ მაღაზიაშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით.