გაიხსნა „დიოგენეს“ წიგნის მაღაზია
წელი

2011

გაიხსნა „დიოგენეს“ წიგნის მაღაზია

წიგნის მაღაზია „დიოგენე“ 2011 წლის მაისში აფაქიძის 9 ნომერში გაიხსნა. ქართულ და უცხოურ წიგნებთან ერთად, მკითხველს საშუალება ჰქონდა შეეძინა ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები. წიგნების მაღაზია სალონური ტიპის იყო და გამოირჩეოდა როგორც საკუთარი ორიგინალური კონცეფციით, ასევე დიზაინით და მალევე იქცა თბილისის ქალაქის კულტურული ცხოვრების ნაწილად. აქ ყოველკვირეულად იმართებოდა პრეზენტაციები, ფილმების ჩვენებები თუ სხვა საინტერესო ღონისძიებები. მაღაზიამ თავისი არსებობის მანძილზე 100-ზე მეტ ღონისძიებას უმასპინძლა.

მაღაზიას ასევე უამრავი წამახალისებელი აქცია ჰქონდა თავიანთი ერთგული მკითხველებისთვის. ყოველი თვის ბოლოს ,,დიოგენე“ აწყობდა აქციას სახელწოდებით „მწვანე შაბათი“, რა დროსაც, თვის ბოლო შაბათს, რა რიცხვიც მოუწევდა, მყიდველი იმდენპროცენტიან ფასდაკლებებას იღებდა.

ინტერიერის საავტორო დიზაინი, მუდმივმოქმედი აქციები, კვალიფიციური მომსახურება, უფასო ინტერნეტი ქმნიდა იმ განსაკუთრებულ გარემოს, რომელსაც წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ შესვლისთანავე იგრძნობდით და რომელმაც წლების მანძილზე არაერთი სტუმრის გული მოიგო.