
რატომ არის ალან უოტსი რელევანტური დღესაც?
ალან უოტსი - ინგლისელი მწერალი, იდეების გამავრცელებელი და თვითგამოცხადებული „ფილოსოფიური გამრთობი“ - ყველაზე ცნობილია იმით, რომ დასავლურ ქვეყნებს გააცნო ბუდისტური, დაოისტური და ინდუისტური ფილოსოფია ისეთი ფორმით, რომელიც ადვილად აღსაქმელი იქნებოდა. უოტსმა თავისი შეხედულებები და ფილოსოფია ადრეულ ასაკში ჩამოაყალიბა. 15 წლისამ თამამად გამოაცხადა თავი ბუდისტად, ხოლო 19 წლისამ დაწერა თავისი პირველი წიგნი ძენის შესახებ.
“არაფერია სიცარიელეზე ძლიერი“, არა ნიჰილისტური გაგებით, არამედ როგორც მოწოდება, ვიცხოვროთ აწმყოში დროისა და ისტორიის მირაჟით გამოწვეული შფოთვის გარეშე. შფოთვის, გაურკვევლობის, სოციალური მედიისა და ადამიანური კონფლიქტების ეპოქაში, იმის აღიარება, რომ ხსნა და უსაფრთხოება მხოლოდ მაშინ იწყება, როცა ვაცნობიერებთ, რომ არც ერთი არ არსებობს. მოგვიანებით, უოტსმა დაახლოებით ნახევარი ათწლეული ეპისკოპალურ მღვდლად გაატარა და იქცა საჯარო პოპ-ფილოსოფოსად, რომელმაც აღმოსავლეთ-დასავლეთის უფსკრული გადალახა და წარუშლელი კვალი დატოვა 1950-იანი და 1960-იანი წლების კონტრკულტურაზე. მისი წიგნი, „ძენის გზა“ (The Way of Zen), რომელიც 1957 წელს გამოიცა, უარყოფდა და აკრიტიკებდა მისი ადრინდელი ნაშრომების დიდ ნაწილს, მკითხველებს ბუდიზმისა და დაოიზმის მდიდარ ისტორიებში ატარებდა, რითაც საფუძველი ჩაუყარა ძენ-ბუდიზმის გაჩენას დასავლურ კულტურაში. ეს არის კონტემპლაციური ტრადიცია, რომელიც დიდ აქცენტს აკეთებს პირდაპირ გამოცდილებასა და მედიტაციაზე განმანათლებლობის მისაღწევად.
რეალობის პირდაპირი, გამოცდილებითი გაგების წახალისებით, ის ხშირად ხელს უწყობს ამ გაგებას ისეთი პრაქტიკებით, როგორიცაა მჯდომარე მედიტაცია და გაცნობიერებული ყურადღება.
მატერიალისტური საზოგადოებებითა და არსებობის მექანიზაციით დომინირებულ ეპოქაში, უოტსის ნაშრომი განვითარდა ახალი ფსიქოლოგიური პარადიგმების ფონზე. ამ დინებებმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა ადამიანის ბუნების ჩვენეული გაგება, ჩამოაყალიბა მოდელები და პრინციპები. უოტსი ასევე იკვლევდა ადამიანის ცნობიერებასა და ფსიქოდელიკების ცნობიერებაზე გავლენას. „მხიარული კოსმოლოგია“ 1960-იანი წლების ფსიქოდელიური მოძრაობის გარიჟრაჟზე გაჩნდა. იმ დროს, ჰალუცინოგენური ნარკოტიკების სამეცნიერო კვლევამ მნიშვნელოვანი იმპულსი მოიპოვა.
1970-იან წლებში, თუმცა, აიკრძალა ფსიქოდელიური კვლევები და ამ ნივთიერებების ირგვლივ არსებული ენთუზიაზმი თანდათან ჩაცხრა. მიუხედავად იმისა, რომ უოტსი თავდაპირველად აღიარებული იყო ფსიქოდელიკებზე ფოკუსირებისთვის, წიგნის პოპულარობა შემცირდა ნარკოტიკული სცენის დაცემასთან ერთად. მოგვიანებით კი ისევ გამოცოცხლდა 1990-იან წლებში, როდესაც ისეთმა ნივთიერებებმა, როგორიცაა LSD, კვლავ მიიპყრო ყურადღება, რამაც მრავალი ადამიანი აიძულა, ხელახლა აღმოეჩინა ან პირველად შეხვედროდა წიგნს ამ აღორძინების პერიოდში.
უოტსის აზრით, ეგო წარმოადგენს ცალკეული და ფიქსირებული „მე“-ს ილუზიას. ის მხარს უჭერდა იდენტობის უფრო ფართო გაგებას, რომელიც შეესაბამება რეალობის ურთიერთდაკავშირებულ ბუნებას, როგორც ამას ზოგიერთი აღმოსავლური ფილოსოფია გვთავაზობს. „მხიარულ კოსმოლოგიაში“ ის იწყებს დასავლური კულტურის დამახინჯებული აღქმების შესახებ თავისი შეშფოთების განხილვას, განსაკუთრებით ეგოს გაუცხოების თვალსაზრისით, ვარაუდობს, რომ ფსიქოდელიკებს შეეძლო ამ საკითხებზე შეხედულებების მიწოდება. უოტსი იზიარებს თავის პირად გამოცდილებებს ზემოქმედების ქვეშ, რაც გვაძლევს წარმოდგენას შეცვლილი ცნობიერებიდან გამომდინარე ხელშესახებ შეგრძნებებზე. წიგნი სრულდება გონების ოდისეის ინტერპრეტაციით ფსიქოდელიკებთან ერთად, რაც ეჭვქვეშ აყენებს ეგოს დომინირების შესახებ გაბატონებულ რწმენას. სიბრძნის მაძიებელი, მომთაბარე ალან უოტსი მოგზაურობდა ქვეყნის მასშტაბით, თავის შეხედულებებს აზიარებდა საჯარო ლექციებისა და პოპულარული რადიო გადაცემების მეშვეობით.
როგორ შეიძლება ალან უოტსის იდეები დღესაც დაგვეხმაროს? ალან უოტსი, ფილოსოფოსი, რომელმაც ძენ ბუდიზმი დასავლურ აზროვნებას დაუკავშირა, გვაფრთხილებდა განუწყვეტელი ფიქრის ხაფანგების შესახებ. ფიქრებს შინაგან საუბრად აღწერდა, ის ამტკიცებდა, რომ მუდმივი გონებრივი დიალოგები ყოველდღიური ტანჯვის წყაროა. მიუხედავად იმისა, რომ უოტსი აღიარებდა რაციონალური აზროვნების ღირებულებას, ის ხაზს უსვამდა ზომიერებას, გონებას ადარებდა პრობლემების გადასაჭრელ ინსტრუმენტს და არა დაუნდობელ ბატონს. ფიქრები, ჩვეულებრივი, მაგრამ დამთრგუნველი, როგორიცაა გადარჩენის, წარმატების მიღწევის ან საზოგადოებრივ მოლოდინებთან შესაბამისობის წნეხი, მოიცავს ჩვენს გონებას და ხელს გვიშლის გარე სამყაროს სრულად განცდაში.
უოტსის თანახმად, ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობისა და გრძნობების მიღება შესაძლებელს ხდის ღრმა კავშირს რეალობასთან. მან ეგო და თვითკონცეფცია დაასახელა მთავარ დამნაშავეებად, რომლებიც გარე გავლენებისა და საზოგადოებრივი ნორმებისგან არის აგებული და ფარავს ჩვენს ნამდვილ ბუნებას. ის ცნობილია თანამედროვე ცივილიზაციის კრიტიკით. ჩვენ ვართ შფოთიანი ცხოველები, რომლებიც ეძებენ დაკმაყოფილებას შეუვსებელი სიცარიელის შესავსებად. „ცხოველი მიდრეკილია ჭამოს მუცლით, ხოლო ადამიანი – ტვინით. როდესაც ცხოველის მუცელი სავსეა, ის წყვეტს ჭამას, მაგრამ ადამიანმა არასოდეს იცის, როდის უნდა გაჩერდეს. როდესაც ის იმდენს შეჭამს, რამდენსაც მისი მუცელი დაიტიევს, მაინც სიცარიელეს გრძნობს, მაინც გრძნობს შემდგომი დაკმაყოფილების სურვილს.“
ჩვენ იმდენად სასოწარკვეთილები ვართ სიამოვნების მიმართ, რომ არასოდეს გვყოფნის ის, საბოლოოდ კი ჩვენივე სურვილების მონები ვხდებით. ტვინს, მიუხედავად იმისა, რომ სხეული შეიძლება დაავადდეს, სურს უსასრულოდ გაგრძელება, რადგან ტვინი ბევრად უფრო მეტად არის დაკავებული მომავლით, ვიდრე აწმყოთი, და მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ უსასრულოდ გრძელი მომავალი არ გვაქვს, საბოლოოდ უფრო მეტს ვფიქრობთ მასზე, ვიდრე ვცდილობთ აწმყოში დარჩენას.
ალან უოტსი ამტკიცებს, რომ ჩვენი თანამედროვე, სწრაფი ტემპის ცხოვრების წესი, რომელიც გაუთავებელ სტიმულაციაზეა ორიენტირებული, ქმნის მანკიერ წრეს.
ის მოგვიწოდებდა, ეჭვქვეშ დაგვეყენებინა ჩვენი სწრაფვები და ამოგვეცნო არსის ჩრდილები, რომლებიც ხშირად იკავებენ ჩვენს ყურადღებას. დღევანდელ სწრაფ კულტურაში, სადაც ყურადღების გაფანტვა და აწმყოში ყოფნის ნაკლებობაა გავრცელებული, ეს თეორიები და პრაქტიკები გვთავაზობს ღირებულ ინსტრუმენტებს.
მედიტაციის პრაქტიკა ხელს უწყობს სრულად ჩართულობას ამჟამინდელ წამში, ეწინააღმდეგება სტიმულებსა და ინფორმაციის გადატვირთვას, ხელს უწყობს უფრო ღრმა კავშირს გარემოსთან და გამოცდილებებთან. კულტურაში, რომელიც ადიდებს მრავალამოცანიანობას და მუდმივ დაკავებულობას, ამ პრაქტიკების დანერგვას შეუძლია უზრუნველყოს საჭირო ანტიდოტი.
ალან უოტსი გამოირჩევა, როგორც პიონერი აღმოსავლური ფილოსოფიური კონცეფციების დასავლეთისთვის გაცნობაში, ტრადიციული ინტერპრეტაციების ეჭვქვეშ დაყენებით, უნიკალური ბრიტანული სკეპტიციზმისა და იუმორის ნაზავით, ხშირად დასცინოდა საკუთარი თავის შესახებ გავრცელებულ დასავლურ წარმოდგენას, როგორც „კანში ჩაკეტილ ეგოს“. მიუხედავად მისი პირადი ნაკლოვანებებისა, უოტსის მემკვიდრეობა განუზომელი ღირეულებისაა. უოტსის შემოქმედებაზე დაფიქრებისას, უდავოა, რომ მისი გავლენა ბევრად სცდება მის სიცოცხლეს, გვიტოვებს იმედს და უკეთესი კაცობრიობის შესახებ ოცნების საშუალებას გვაძლევს.
ავტორი: ნათია ღელეყვა