"ფუტკრების იდუმალი ცხოვრება” - საკითხავი მშობლებისთვისა და შვილებისთვის

"ფუტკრების იდუმალი ცხოვრება” - საკითხავი მშობლებისთვისა და შვილებისთვის

02.09.2025
224

სიუ მონკ კიდის “ფუტკრების იდუმალი ცხოვრება”, “ნიუ იორკ თაიმსის” მრავალგზის ბესტსელერი, იმაზე დიდი და მნიშვნელოვანი რომანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ქართულ ენაზე გამოცემულ რომანებს შორის კი ეს შესანიშნავი ტექსტი დღემდე უსამართლოდაა ჩაკარგული..

"ფუტკრების იდუმალი ცხოვრება” კლასიკური სამხრეთული რომანია - სამხრეთული სტილით, სამხრეთელი ქალებითა და კაცებით, სამხრეთული ნათესაურ-მეზობლური კავშირებით, უთანასწორობითა და უსამართლობებით დახუნძლული.

ამ უსამართლობებისა და დიდი გაუგებრობების კორიანტელში კი 14 წლის ლილი ოუენსი ცდილობს, საკუთარი თავი და საკუთარი ადგილი იპოვოს. ლილი დარწმუნებულია, ამ სურვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში აისრულებს, დედამისის განვლილ მარშრუტს თუ ისე გაივლის, თითქოს უკვე დამოუკიდებელი ქალია, მტკიცედ გადაწყვეტს, ახალ ჭერქვეშ დასახლდეს და თავადვე იქცეს საკუთარი ბედის განმკარგველად.

"უეცრად მომეჩვენა, რომ სხეულზე დედაჩემი დამცავი ჯავშანივით შემომეხვია და მეხმარებოდა, წამებისთვის გამეძლო.”

ჯერ კიდევ პატარა, თუმცა, გამაოგნებლად მამაცი ლილი თავის შავკანიან მეგობართან და მფარველთან, როზალინთან ერთად, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გზას დაადგება (ატმებით ვაჭრობის წყალობით დაგროვილი 38 დოლარის, 7 ცალი საუკეთესო საცვლის, ხუთი წყვილი შარვლის, კბილის ჯაგრისის, შამპუნის, საკუთარი საძინებლის კედლიდან ჩამოგლეჯილი რუკისა და შავკანიანი ღვთისმშობლის ამარა).

“საათი 2:40-ს უჩვენებდა. მოქმედების გეგმა მჭირდებოდა, მაგრამ დრო არ მქონდა, აქ ვმჯდარიყავი და ამაზე მეფიქრა. ხელი ვტაცე ვარდისფერ ტილოს ჩანთას, სწორედ იმას, რომელსაც თან წავიღებდი, თუკი მეგობრები ღამის გასათევად მიმიწვევდნენ…”

ლილისა და როზალინის ეს სამხრეთული მოგზაურობა თანამედროვე ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, სევდიანი, თან მხიარული, თან წარმოუდგენლად ამაღელვებელი და ლიტერატურული მითოლოგიით სავსე თავგადასავალია. პერსონაჟები რაღაც ამოუხსნელ მაგიურ ძალას ატარებენ თავიანთ სხეულებში, რამაც შეუძლებელია არ გაგვახსენოს უილიამ ფოლკნერი, ტონი მორისონი…

სიუ მონკ კიდის ამ სადებიუტო რომანის მოკრძალებული ხიბლი მისი ქალი პერსონაჟების გამაოგნებელ კომპლექსურობაშია. მთელ ტექსტს გასდევს ის დაუოკებელი ქალური ენერგია, რომელსაც თითოეული პერსონაჟი ყოველ წარმოთქმულ სიტყვაში ასხივებს. 

ეს ქალური ენერგია განსაკუთრებული სიცხადით ბოუტრაიტების სახლში ჩანს, იქ, სადაც ლილი და როზალინი თავშესაფარს პოულობენ. სამი და – ავგუსტა, ჯუნი და მეი – თითქოს თავიანთ სხეულებში იტევენ ქალად ყოფნის ყველა განზომილებას. ისინი ქმნიან სამყაროს, სადაც პატრიარქალური ძალადობა ვერ აღწევს, სივრცეს, სადაც ქალები თავადვე ადგენენ წესებს.

ბოუტრაიტების თაფლის ფერმა უბრალოდ თაფლის დამზადებაზე ბევრად მეტია: ესაა ქალების შრომის, ერთობისა და შემოქმედებითი ძალის ცხადი სიმბოლო. ფუტკრები, დედოფლის გარშემო შეკრული კოლონია, პირდაპირი მეტაფორაა იმისა, თუ როგორ შეიძლება ქალებმა – ერთმანეთის გვერდით მდგომებმა – შექმნან სიცოცხლისუნარიანი, სოლიდარობითა და თანაგრძნობით სავსე სამყარო.

“წამიერად წარმოვიდგინოთ, რომ პაწაწინები ვართ და შეგვიძლია ფუტკარს შევყვეთ სკაში. უპირველეს ყოვლისა, წყვდიადს უნდა შევეჩვიოთ.”

"ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“ ერთდროულად პირადი და სოციალური რომანია. ეს არის ლილის შინაგანი მოგზაურობა – დედის დაკარგვის ტკივილიდან საკუთარი „მე“-ს პოვნამდე – და ამავე დროს სამხრეთის ქალების კოლექტიური ამბავი, რომლებიც ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი ინარჩუნებენ ღირსებას და ქმნიან თავიანთ პატარა სამოთხეს.

სწორედ “ფუტკრების იდუმალი ცხოვრებაა” იმ მრავალი რომანიდან ერთ-ერთი, რომელიც ყველა მშობელს უნდა ედოს წიგნის თაროზე, მათი შვილები წიგნს რომ დახურავენ, შემდეგ თვითონ რომ გადაფურცლონ, რათა მკაფიოდ დაინახონ, რამდენად მაგიურია ახალგაზრდა ქალის ბუნება და რამდენად მნიშვნელოვანია, ერთ ჭერქვეშ ცხოვრებისას ამ მაგიურობას მოვუფრთხილდეთ.

ავტორი: ნათია ღელეყვა