რეცენზია ორიანა ფალაჩის წიგნზე ,,წერილი ვერდაბადებულ ბავშვს''

რეცენზია ორიანა ფალაჩის წიგნზე ,,წერილი ვერდაბადებულ ბავშვს''

27.11.2023
1151

უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართულად ნათარგმნ წიგნებს ბევრი ისეთი ტექსტი შეემატა, რომელთა ავტორებიც არიან ქალები მთელი მსოფლიოდან, მათ ნააზრევს ერთი ძირითადი კონცეფცია აერთიანებს: აიმაღლონ ხმა და სათქმელი მიიტანონ იმ მკითხველთან, რომელთაც ესაჭიროებათ გამხნევება და შეხსენება იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ბრძოლას უსამართლობის, ქალთა ჩაგვრის, გავრცელებული სტერეოტიპების, უფლებათა უხეში დარღვევის და თუნდაც მახინჯი ტრადიციების წინააღმდეგ. ეს ის საკითხებია, სადაც საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების ბერკეტი ქალს ართმევდა უფლებას, თავი ეგრძნო საზოგადოების სრულფასოვან წევრად. იმის მიუხედავად, რომ დღეს ცივილიზებულ სოციუმში ქალთა უფლებები გაცილებით მეტად არის დაცული, მაინც არც ისე შორეული წარსულის კუთვნილებაა ის ფაქტები, რაზეც არის საუბარი წიგნში, რომელიც გამომცემლობა "დიოგენემ" გამოსცა ნათია აბრამიშვილის თარგმანით: ორიანა ფალაჩის რომანი-აღსარება "წერილი ვერდაბადებულ ბავშვს".

როგორც წესი, სანამ წიგნს გავეცნობი, მისი ავტორის ბიოგრაფიით ვინტერესდები, ფალაჩის ცხოვრება უჩვეულოდ სავსე იყო — ეს ფლორენციაში, ანტიფაშისტურად განწყობილ ოჯახში დაბადებული ბავშვი, მეორე მსოფლიო ომის დროს, სულ რაღაც 13 წლისა, იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის იატაკქვეშა გაერთიანების წევრი გახდა და 15 წლის ასაკში ამ საქმიანობისთვის მოკავშირეთა მიერ დაწესებული ჯილდოც გადაეცა. ორიანა ფალაჩის ახასიათებდნენ, როგორც ჟურნალისტს, რომლისთვისაც მსოფლიოს არც ერთ უდიდეს ფიგურას არ შეეძლო ინტერვიუზე უარის თქმა და მართლაც, მის რესპონდენტთა შორის ისეთი სახელებია, როგორიცაა ჰენრი კისინჯერი, ინდირა განდი, გოლდა მეირი, დენ სიაოპინი, აიათოლა ჰომეინი, ლეხ ვალენსა, მუამარ კადაფი...

თავად ფალაჩი თავს ყოველთვის მწერლად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე ჟურნალისტად, მაგრამ აღიარებდა, რომ ჟურნალისტიკამ მისცა საშუალება, მისი ცხოვრება ნამდვილი თავგადასავალი ყოფილიყო. ორიანა ფალაჩი ოცამდე წიგნის ავტორია, თუმცაღა, მათგან მხოლოდ ერთია ქართულად ნათარგმნი და სწორედ ამ რომანზე მსურს, გიამბოთ, 1975 წელს დაწერილ ამ სულისშემძვრელ მონოლოგზე, რომელიც ქალს თავის მუცლადმყოფ ბავშვთან აქვს გამართული და წარმოადგენს უმძიმესი კითხვების, ეჭვების, შიშების, გაურკვევლობის და შემზარავი ზღაპრების კასკადს.

"ტანჯვასა და არყოფნას შორის ვირჩევ ტანჯვას!" — ეს ფოლკნერის მაქსიმაა, რომელსაც მისი გმირები იყენებენ, ორიანა ფალაჩისთვის კი ეს დილემა არყოფნის პრიორიტეტულობისკენ იხრება. თვეების განმავლობაში ცდილობს მისი პერსონაჟი, არსებობის ტანჯვასთან გაიგივების გზით არარსებობის უპირატესობაში დაარწმუნოს ნაყოფი, რომლისთვისაც არავის უკითხავს სურდა თუ არა დაბადება, დედამ კი სცადა, რომ არჩევანის უფლება მიენიჭებინა მისთვის და სუნთქვაშეკრული ელის მინიშნებას, პასუხს ამ კითხვაზე...

რომანში მრავლადაა ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები და შეხედულებები, რაც, ვფიქრობ, უფრო იმის გამოხატულებაა, რომ ზოგადად ადამიანისთვის და მით უფრო, ორსული ქალისთვის სწორედაც რომ არაა უცხო ეჭვებითა და შიშებით გამოწვეული დუალიზმი, საკუთარ თავთან კამათი იმ ერთადერთი ჭეშმარიტების დადგენის სურვილით, რომელიც დასაბამიდან აწუხებს ადამიანს. თუმცა, როგორც ცხოვრებაში, ლიტერატურაშიც ვერ ვიღებთ საბოლოო პასუხს ჰამლეტისეული "ყოფნა-არყოფნის" დილემის შესახებ.

"თუ ერთხელაც იყვირებ: "რატომ მომავლინე ამ ქვეყნად, რატომ?" გიპასუხებ: " ის გავაკეთე, რასაც ხეები მილიონობით წლებია აკეთებენ, მეგონა, კარგად ვიქცეოდი". თუმცა, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ხეები ადამიანები არ არიან. ადამიანის ტანჯვა ასჯერ უფრო მძიმეა, რადგან ის გაცნობიერებული ტანჯვაა. არც ერთ ჩვენგანს ტყედ გადაქცევა არ უწერია და არც ყველა თესლი აღმოცენდება ხედ. უმეტეს შემთხვევაში იგი უკვალოდ ქრება. აზრის ამგვარი მყისიერი ცვალებადობა შესაძლებელია, პატარავ. ჩვენი ლოგიკა წინააღმდეგობებითაა სავსე. როგორც კი რამე აზრს გამოთქვამ, მაშინვე მისი საწინააღმდეგო მოგდის თავში. და შეძლება, შენიშნო, რომ ეს საწინააღმდეგო აზრიც სრულიად საფუძვლიანია."

წიგნი, რომელიც თითქოს შეზღუდული უნდა იყოს მონოლოგის ფორმით, საოცრად დინამიკურია და თხრობის მანერა ერთნაირად გაიტაცებს როგორც ქალ-მკითხველს, ასევე — მამაკაცს, რადგან რომანში ასახული სოციალური, ფსიქოლოგიური თუ რელიგიური პასაჟები თავის მაღალმხატვრული სტილითა და მრავალშრიანობით უდავოდ იპყრობს ყურადღებას და განაპირობებს შეუქცევად ინტერესს კითხვის პროცესისადმი. ორიანა ფალაჩი, რომელიც ჟურნალისტური ტრიბუნიდანაც საკმაოდ მწვავედ ეხმიანებოდა სოციალურ უთანასწორობას, რელიგიურ ექსტრემიზმს (ცნობილია თავის დაუნდობელი სტატიებით ისლამისტ ტერორისტთა მიმართ.) და ქალთა უფლებებს (აიათოლა ჰომეინთან ინტერვიუს დროს მან დემონსტრაციულად მოიშორა ჩადრი!) — რომანში კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრით უღრმავდება ამ თემებს.

"ვიცი, კაცების მიერ კაცებისთვის შექმნილ სამყაროში ვცხოვრობთ. მათი დიქტატურა, იმდენი ხანია, გრძელდება, რომ ენაშიც კი აქვს ფესვები გადგმული. საზოგადოდ, კაცს უწოდებენ ქალსაც და კაცსაც, სიტყვა კაცობრიობაშიც ორივე სქესის წარმომადგენელი ერთად მოიაზრება. კაცების მიერ სამყაროს ასახსნელად მოგონილ ლეგენდებში პირველი ქმნილება ქალი არაა, კაცია, რომელსაც ადამი ჰქვია. ევა მერე ჩნდება, რათა ადამი გაართოს და შეცდომები ჩაიდინოს. ფრესკებზე, რომლებიც მათ ეკლესიებს ამშვენებს, ღმერთი ყოველთვის წვერებიან მოხუც კაცადაა წარმოდგენილი და არა ჭაღარათმიან ქალად. მათი ყველა გმირი მამაკაცია: დაწყებული ცეცხლის მომტაცებელ პრომეთედან და იკაროსიდან, რომელმაც ფრენა სცადა...”
და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, ან იქნებ ზუსტად ამიტომაც, რომანის პროტაგონისტი წარმოთქვამს ფრაზას, რომელიც ორიანა ფალაჩის — ამ სამხრეთული ტემპერამენტის მქონე მამაცი და სამართლიანი ქალის მთავარი სათქმელიც მგონია: "საოცარია, იყო ქალი. ქალობა ერთი დიდი თავგადასავალია, რომელიც უდიდეს გამბედაობას მოითხოვს. ის გამოწვევაა, რომელიც არასდროს გბეზრდება.”