რეცენზია ზიგმუნდ ფროიდის „რჩეულ შრომებზე“

რეცენზია ზიგმუნდ ფროიდის „რჩეულ შრომებზე“

27.09.2023
2109

   XX საუკუნეს თუ გადავხედავთ, ალბათ ძნელად დავასახელებთ სხვა ისეთ სკანდალურ მოაზროვნეს, როგორიც იყო დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი.

   სკანდალი და აზრთა სხვადასხვაობა გასაკვირი არაა ისეთი სენსიტიური თემის გარშემო, როგორიცაა რელიგია. ამ უკანასკნელს კი განსაკუთრებული ადგილი ეკავა ზიგმუნდ ფროიდის მოძღვრებაში. ფროიდმა ფსიქოანალიზის იდეების განვითარებისას რელიგია კვლევის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ საგნად მიიჩნია. შედეგად კი არაერთი გამორჩეული ნაშრომი მივიღეთ, მაგალითად „ერთი ილუზიის მომავალი“.

   ყველასათვის ცნობილ ნაშრომში „ტოტემი და ტაბუ“, თუ  სხვა ყველაფერთან ერთად, რელიგიის წინარეისტორიაა ასახული (და არა რელიგიის წარმოშობა, „ტოტემი და ტაბუ“ მხოლოდ გაკვრით ეხება იმ საკითხს, რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი ცხოველური ღმერთი), „ერთი ილუზიის მომავალში“ უკვე რელიგიის აწმყოსა და მომავლის განხილვა გვხვდება. 
სიტყვა „ილუზია“ ფროიდისთვის არ წარმოადგენს უსათუო ცდომილებას. აღნიშნავს, რომ რელიგიურ მოძღვრებათა ჭეშმარიტების შეფასება მისი კვლევის საგანი არცაა და ისიც საკმარისია, რომ მათი ფსიქოლოგიური ბუნების ილუზორულობა შევიცნოთ. ილუზიას ადამიანის სურვილები ბადებს. მაგალითად, მე მწამს, რომ ხალხის წინამძღოლად ვარ მოვლენილი; ასეც რომ იყოს, ეს არ გახლავთ ჩემი რწმენის მიზეზი, მე მწამს მხოლოდ იმიტომ, რომ მე ასე მინდა. რელიგიური მოძღვრებები კი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანთა იდეები, რომელთა ჭეშმარიტებაც თავად სურთ.

   ფროიდის აზრით, რელიგია თანდათან კარგავს გავლენას ადამიანებზე და იზრდება ნდობა მეცნიერებისადმი. რელიგია არის ცხოვრების გარკვეული ეტაპი, რომელიც უნდა გადაილახოს. „ბავშვმა“ უნდა გაიაროს ნევროზის ფაზა. „ბავშვთა ნევროზების უმეტესობის, განსაკუთრებით კი აკვიატებული ნევროზების, დაძლევა“ ზრდისა და განვითარების პროცესში ხდება. კაცობრიობამაც, როგორც ერთიანმა ორგანიზმმა, „ზრდის გზაზე მიმავალი ბავშვივით“ უნდა დაძლიოს „აკვიატებული ნევროზი“. ჩვენ ახლა განვითარების ამ გზის შუაში ვიმყოფებით...
„ერთი ილუზიის მომავალი“ თხრობის სტილით გამორჩეულია. ფროიდი მოიხმობს თავის წარმოსახვით ოპონენტს, რომელიც ავტორის აზრებს უპირისპირდება, შედეგად მკითხველი საინტერესო პოლემიკის „მოწმე“ ხდება. კრებული „რჩეული შრომები“ აერთიანებს ფროიდის ხუთ მეტად მნიშვნელოვან ნაშრომს: „ტოტემი და ტაბუ“, „ერთი ილუზიის მომავალი“, „კულტურით უკმაყოფილება“, „ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები“, „დოსტოევსკი და მამის მკვლელობა“. 

   ზიგმუნდ ფროიდის ბიოგრაფი პოლ ფერისი, როდესაც ფროიდის შესახებ წიგნზე მუშაობა დაასრულა, წერდა: „ამ წიგნზე მუშაობამ მიმახვედრა, რამდენად ამოუწურავია ეს თემა. ფროიდი სწორედ ისეთია, როგორსაც თქვენ გსურთ, რომ ხედავდეთ“. როგორც არ უნდა დაინახოთ იგი, დიდ ფსიქოლოგად თუ გამოუსწორებელ ათეისტად, ფაქტი ერთია, „ლანცერის საქმის ტრიუმფატორმა“ უდიდესი წვლილი შეიტანა ფსიქოლოგიის განვითარებაში.