რეცენზია ჰანა არენდტის წიგნზე „აიხმანი იერუსალიმში“

რეცენზია ჰანა არენდტის წიგნზე „აიხმანი იერუსალიმში“

29.08.2023
1724


    წიგნის კითხვა რომ დავასრულე, დაახლოებით ის დრო იყო, საღამოს შვიდის ნახევარი, როდესაც არგენტინის მიყრუებულ, ღარიბულ უბანში, 1960 წლის 11 მაისს,  მოკრძალებულად ჩაცმული ადოლფ აიხმანი სამმა მამაკაცმა დაიჭირა და სწრაფად შეაგდო მანქანაში. შეპყრობამდე რამდენიმე თვით ადრე, აიხმანმა და მისმა უფროსმა ვაჟებმა დაამთავრეს აგურის უბრალო სახლის მშენებლობა ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ღარიბულ გარეუბანში, სადაც არც ელექტრობა იყო და არც - წყალგაყვანილობა. 

   გასაოცარია, რომ სახლის მშენებლობა ადოლფ აიხმანის ბიოგრაფიის ყველაზე ჰუმანური მონაკვეთია, რადგან მანამდე მთელი მისი გაცნობიერებული არსებობა დგას სხვების არამარტო სახლების, არამედ ცხოვრების მოსპობასა და ნგრევაზე. მაინც, ასეთი ვინ იყო ეს ერთი შეხედვით უწყინარი, მოკრძალებული გარეგნობის და სავსებით „ნორმალური“ კაცი? შემზარავად საინტერესო ფაქტებითაა სავსე მისი წარსული.

   წიგნის ავტორს ბრალდებულზე არანაკლებ საინტერესო ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, სანამ იერუსალიმში, სასამართლო პროცესზე, უშუალოდ დაესწრებოდა  აიხმანის მხილებას. ჰანა არენდტი (1906 – 1975) იყო ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელი ისტორიკოსი და პოლიტიკური ფილოსოფოსი. თავისი ნაშრომებიდან გამომდინარე, იგი აღიარებულია მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ თეორეტიკოსად. ჰანა არენდტი დაიბადა ჰანოვერში, ებრაელების ოჯახში. მამის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო ოჯახმა მალე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. დაწყებითი განათლება მიიღო ბერლინში, ხოლო უმაღლესი განათლება მარბურგის უნივერსიტეტში, ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსის, კარლ იასპერსის ზედამხედველობის ქვეშ. როდესაც 1930-იან წლებში გერმანიაში ანტისემიტიზმი გაღვივდა და ებრაელი ხალხის გააფთრებული დევნა დაიწყეს, ჰანამ თავს უშველა ჩეხოსლოვაკიასა და შვეიცარიაში გახიზვნით, შემდეგი თავშესაფარი კი საფრანგეთი გახდა. 1937 წელს მას ჩამოართვეს გერმანიის მოქალაქეობა, რაც საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნის წინაპირობა იყო, თუმცა კავშირების წყალობით, მან მოახერხა, პორტუგალიის გავლით მიეღწია აშშ-მდე, სადაც დარჩა კიდეც სიცოცხლის ბოლომდე.

   ჰანა არენდტმა „ნიუ-იორკ თაიმსისგან“ მიიღო სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება და ხუთთვიან პროცესს ექვსი კვირის განმავლობაში ესწრებოდა. აკვირდებოდა „ურჩხულს, რომელიც შემინულ კაბინაში იჯდა“. როგორ გგონიათ, რაში სდებდნენ აიხმანს ბრალს? სიმბოლურია, რომ აიხმანის სასამართლო პროცესი თეატრის შენობაში იმართებოდა, რომლის რეჟისორიც ისრაელის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, ბენ-გურიონი გახლდათ. დამსწრე საზოგადოება, ე.წ. მაყურებელი, შედგებოდა ხანდაზმული, „ომს გადარჩენილი“ ებრაელებისგან, რომლებმაც ზედმიწევნით ზუსტად იცოდნენ ყველაფერი და თეატრალური წარმოდგენა მოსამართლეების, ადვოკატების, დაცვის მხარის და სხვათა მონაწილეობით არც არაფერში სჭირდებოდათ. თითქოს ეს ადამიანები ერთმანეთის გასამხნევებლად შეიკრიბნენ, რადგან აქ ისმენდნენ ისტორიებს, რომელთა მოსმენა გაუსაძლისი იქნებოდა, მთხრობელთან მარტოდმარტო, პირისპირ რომ დარჩენილიყვნენ. 

   არენდტი აკვირდება პირს, რომლის გადაწყვეტილებებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და აღიარებს, რომ ის იყო „საშინლად და შემაძრწუნებლად ნორმალური“. უშუალოდ ფაქტების, გადაწყვეტილებების და შედეგების მოხმობამდე, აღსანიშნავია თავად აიხმანის პოზიცია: „მე ებრაელებს არ ვხოცავდი, არ მომიკლავს არცერთი ებრაელი ან არაებრაელი, და საერთოდ, არც ერთი ადამიანი. ბრძანება არ გამიცია არც ებრაელთა და არც არაებრაელთა დახოცვის შესახებ, უბრალოდ ეს არ ჩამიდენია“. მეტიც, ის თავს თვლიდა ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლად, რომელმაც მისი მორჩილი და იდეალისტური ხასიათით ისარგებლა, რადგან ზედმიწევნით იცავდა კანონებს, მაშინაც კი, თუ კანონს არ ჰქონდა წერილობითი ფორმა და ის მხოლოდ ჰიტლერის სიტყვიერი ბრძანება იყო. ამ ადამიანს სინდისი, თუ საერთოდ გვაქვს უფლება, ეს სიტყვა მასთან მიმართებაში გამოვიყენოთ, მხოლოდ მაშინ აწუხებდა, თუ ბრძანებას არ ასრულებდა, თორემ, სხვა მხრივ, დიდი გულმოდგინებით სწირავდა სასიკვდილოდ მილიონობით მამაკაცს, ქალსა და ბავშვს. ეს იყო ადამიანი, რომელიც რამდენიმე ფსიქიატრის დასკვნით, იყო აბსოლუტურად „ნორმალური“, არ იყო ჭკუასუსტი, არც ცინიკოსი და არც პროპაგანდის მსხვერპლი, უბრალოდ არ ჰქონდა უნარი, ერთმანეთისგან გაერჩია სიკეთე და ბოროტება.

   წარმოიდგინეთ გვალვით გამომშრალი უდაბნო, დაბზარული, მშრალი ნიადაგი და გაუსაძლისი სიცხე. სწორედ ასეთი, გაუსაძლისად გამომშრალი ფაქტებისგან შედგება მთელი წიგნი, არსაიდან რომ ჩანს მაცოცხლებელი იმედის წვეთი და ეს უდაბნო დიდდება, ფართოვდება, გამომშრალი ნიადაგი უფრო იბზარება, ბზარები უფსკრულად იქცევა, პირდაღებულ ბოროტებად, რომლის მთავარი შემოქმედნიც, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული, „ნორმალური“ ადამიანები არიან, ვიღაცების მამები, შვილები, ქმრები, მეზობლები. 

   უიღბლო აიხმანის ცხოვრებაში, რომელსაც დიდად არაფერში უმართლებდა, 1932 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ წლის აპრილში ის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი გახდა და „ეს-ესის“ რიგებში შევიდა. ამ, მისთვის სასურველ, მომენტზე პასუხისმგებლობასაც მოგვიანებით სხვას აკისრებს და თვლის, რომ ის ჩაითრიეს პარტიაში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ და სრულიად გაუცნობიერებლად. გამოფიტულ ფაქტებზე დაყრდნობით, თავდაპირველად აიხმანს დაევალა ებრაელი ხალხის „იძულებითი ემიგრაციის“ ორგანიზება, ჩვენს ენაზე, მათი განდევნის ხელმძღვანელობა, რადგან სხვებზე უკეთ ეხერხებოდა ორი რამ - ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმართვა.

   ჰიტლერი, გებელსი, ჰაიდრიხი, ჰიმლერი, მიულერი, აიხმანი, ჰესი - ეს გვარებია იმ ადამიანების, რომლებიც თავად არ ისროდნენ, არ აწამებდნენ, არ გუდავდნენ, მაგრამ იღებდნენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლის მომსპობ გადაწყვეტილებებს. ებრაელთა ორგანიზებულად თავმოყრის, მათი ქონების მითვისების ამბებში მოგვიანებით გამოიკვეთა თავად ებრაელი მაღალჩინოსნების და ებრაული პოლიციის დანაშაულებრივი როლიც. ისინი გერმანელ, ხშირ შემთხვევაში, ებრაული სისხლის მქონე პარტიის ლიდერებთან ერთად სახავდენ კორუფციულ გარიგებებს, რიგითი ებრაელის სიცოცხლეს აქცევდნენ კონკრეტულ ვალუტად და ქმნიდნენ ძალიან ლოგიკურ ჯაჭვს, რომელსაც გადახდისუუნარო ებრაელები გაზის კამერებამდე მიჰყავდა. 

   ომის დაწყებამდე ანუ 1939 წლის 1-ელ სექტემბრამდე, ნაცისტური რეჟიმი ჯერ კიდევ არ იყო აშკარად ტოტალიტარული და კრიმინალური. ზნეობრივი ხრწნა თანდათან მოხდა. სისტემა, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკის დანიშნულებას „ეკონომიკურ“ შემადგენლად მოიხსენიებდა, მხუთავი აირით ადამიანების გაგუდვას - „სამედიცინო პროცედურად“, დაპყრობილ ევროპულ ქვეყნებში ებრაელთა დახოცვას - „ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტად“, თავის რიგებში საჭიროებდა შესაბამისი მენტალობის მქონე ადამიანებს და აიხმანსაც მათ შორის, რომელსაც ამ პროცესების თანამონაწილეობა დაუფარავ სიამაყეს აგრძნობინებდა და ტრაბახის ხასიათზე აყენებდა. 

   არ შეიძლება არ შევეხო ომის დასრულების შემდგომ, ოკუპირებულ გერმანიაში გამართულ ნიურნბერგის სასამართლო პროცესს, სამხედრო დანაშაულში მონაწილე, ცოცხლად მყოფი ნაცისტური რეჟიმის მაღალჩინოსანი პირების გასასამართლებლად. ცნობილია, რომ ნაცისტურმა რეჟიმმა 27 მილიონი ადამიანის სიცოცხლე მოსპო. ამ გახმაურებულ სასამართლო პროცესზე ეტაპობრივად დაისაჯა ნაცისტური რეჟიმის ცოცხლად გადარჩენილი 21 მონაწილე, ძალაუფლების მქონე პირი. ეს იყო გერმანელი ხალხის ერთგვარი ბოდიში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი საქციელისთვის. ამ პროცესს და სასჯელს აიხმანი როგორღაც დაუძვრა, რადგან თავისი თანამდებობით არ წარმოადგენდა პარტიულ ელიტას, მაგრამ არა საბოლოოდ. 

   სასტიკი ფაქტების გაუკაცრიელებულ უდაბნოში არის აიხმანთან დაკავშირებული კიდევ ერთი შემთხვევა: გეგმა ებრაელთა გადასახლების შესახებ კუნძულ მადაგასკარზე. დიახ, არ მოგესმათ, მადაგასკარზე, ინდოეთის ოკეანეში, გერმანიიდან. ამაზე მეტი დაცინვა ალბათ წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, გარკვეული დროის შემდეგ ეს გეგმა „მოძველებულად“ გამოცხადდა და შესაბამისმა ქმედებამაც არ დააყოვნა: რადგან არ არსებობდა ტერიტორია, რომლზე ევაკუირებაც შეიძლებოდა, მაშინ ებრაული საკითხის „გადაწყვეტის“ ერთადერთ გზად მათი ფიზიკური განადგურება რჩებოდა. ეჭვგარეშეა, რომ აიხმანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეს შეიტყო. ამ ფაქტმა აიხმანის განყოფილება უსაქმოდ დატოვა, რამაც გაშმაგებული იმედგაცრუება მოჰგვარა, ხოლო ამ გრძნობის სანუგეშოდ დროული დაწინაურება და კვლავ მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩენა მოევლინა. 

   აუშვიცი, ტერეზიენდშტადტი და სხვა უამრავი საკონცენტრაციო ბანაკი ნამდვილი სასაკლაო იყო. აიხმანის წყალობით, სატრანსპორტო სისტემა და ებრაელების „მიწოდების“ საკითხები იმდენად გამართულად მუშაობდა, რომ ბანაკები არასოდეს იყვენ უქმად. თავად აიხმანი სულ რამდენჯერმე შეესწრო ადამიანთა გაწყვეტის პროცესს. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ის ასე იხსენებს: „ებრაელები დიდ ოთახში შერეკეს და უბრძანეს გაშიშვლებულიყვნენ. შემდეგ ფურგონი მოვიდა, რომელიც უშუალოდ კართან შეჩერდა. შიშველ ებრაელებს უბრძანეს იქ შესულიყვნენ. კარი დაიკეტა და ფურგონი დაიძრა. ვერ გეტყვით, ვერ ვუყურებდი ამას, არ შემეძლო, არ შემეძლო. ცუდად გავხდი... ეს ყვირილი... გუნება გამიფუჭდა“. 

   სევდიანი ფაქტია, რომ ადოლფ აიხმანს შეეძლო, რაიმე საბაბით (ასე ბევრი იქცეოდა) უარი ეთქვა დაკისრებულ მოვალეობაზე, კარიერაზე, სისხლიან წინსვლაზე, მაგრამ ამგვარი ნაბიჯი მას „დაუშვებლად“ მიაჩნდა, დაუმორჩილებლობად. 

   ჰანა არენდტი ამ სასამართლო პროცესს აფასებს, როგორც მორალურ კატასტროფას, რადგან როდესაც მოსამართლე ებრაელებს მიმართავს კითხვით, თუ რატომ არ აჯანყდნენ ან რაიმე არ მოიმოქმედეს ბოროტების წინააღმდეგ, ფარდა ეხდება ბევრი ებრაელის აიხმანთან თანამშრომლობას ჰოლოკოსტის განმავლობაში, რომელიც საკუთარი ხალხის განადგურებისკენ იყო მიმართული. არენდტს მიაჩნდა, რომ ზნეობრივად უფრო სწორია, იყო უსამართლობის მსხვერპლი, ვიდრე უსამართლობის თანამონაწილე. მისი აზრით, ებრაელი ლიდერების როლი საკუთარი ხალხის განადგურების საქმეში მთელი ამ შავ-ბნელი ისტორიის ყველაზე უფრო ცუდი მონაკვეთია. ამ მოსაზრების გამო, მან საკუთარი თავის მიმართ მტრულად განაწყო ებრაული ელიტა. აიხმანის პროცესმა ჰანას აზროვნებაში გარდამტეხი როლი ითამაშა და ამ ამბის შემდეგ, ის სიცოცხლის ბოლომდე მორალური ფილოსოფიის კვლევით იყო დაინტერესებული. სიცოცხლე კი, მოულოდნელად, გულის შეტევით დაასრულა 1975 წელს, 69 წლის ასაკში.

   როგორ განვითარდა ადოლფ აიხმანის სასამართლო პროცესი და რა განაჩენით დასრულდა, მკითხველი თავად ნახავს. ეს არის წიგნი-სასამართლო, რადგან თითოეული ადამიანი, ვინც ამ წიგნს აიღებს ხელში, ძალაუნებურად, კითხვისას ხდება მსაჯული და საკუთარ მსჯავრს სდებს ბრალდებულს. ვიღაცისთვის ის იქნება მსხვერპლი, ვიღაცისთვის - ჯალათი, ვინმე მას პილატე პონტოელსაც შეადარებს და ბიბლიურ პარალელებსაც გაავლებს ებრაელი ხალხის ტანჯვასთან. 

   ამ წიგნის კითხვას გირჩევთ გახსნილ ფანჯარასთან ახლოს, რადგან ბევრჯერ შეგეკვრებათ სუნთქვა და დაგჭირდებათ ჰაერი. არ გირჩევთ მყუდროდ მოკალათებას, რადგან ძალიან ბევრჯერ აგაფორიაქებთ და შეგამცივნებთ ადამიანის სისასტიკის შესაძლებლობები, ხოლო სიმყუდროვე ძალიან უხერხულად გაგრძნობინებთ თავს ამ ამბების მონაწილე ადამიანების წინაშე. ბევრჯერ გაბრაზდებით, გაოგნდებით და გული ყელში მოგებჯინებათ. ეს არის წიგნი-ანგარიში ბოროტების ბანალურობის შესახებ, რომელსაც არ აქვს ბანალურად კარგი დასასრული. კითხვისას ვერსად ნახავთ სიკეთეს, მაგრამ მოგინდებათ, თავად გააკეთოთ რაიმე კარგი; ვერ იპოვით სიყვარულს, მაგრამ ფიქრით მაშინვე მისწვდებით საყვარელ ადამიანებს; ვერც სილამაზეს იპოვით რომელიმე გვერდზე, მაგრამ ძებნას დაუწყებთ რაიმე ლამაზს წიგნის გარეთ და პოვნა დაგამშვიდებთ. და ბოლოს, კითხვისას და მის შემდეგაც ძალიან ბევრჯერ დარწმუნდებით, რომ მხოლოდ სიკეთე და სიყვარული თუ გადაარჩენს კაცობრიობას!