ყველას რაიმე გვაქვს (გა)დასამალი

ყველას რაიმე გვაქვს (გა)დასამალი

01.08.2023
1274

   „ერთ ჩაკეტილ ოთახში ვიყავი, სადაც ავადმყოფს ვუვლიდი და ეს ავადმყოფი იყო დედაჩემი“  – არა, ამ სიტყვებით არ იწყება ალეკო შუღლაძის „გადამალვა“,  ამ სიტყვებს ავტორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს. მერე წავიკითხავთ წიგნს და, ვიტყვით, რომ წიგნშიც სწორედ ასეთი ამბავია მოთხრობილი – პროტაგონისტი დედას უვლის. დედას, რომელიც მძიმე სენს ებრძვის.

   რას ნიშნავს ასეთი დამთხვევა? – იმას, რომ „გადამალვის“ მთავარი  გმირი ალეკო შუღლაძეა, რომელიც არ მალავს საკუთარ სახელსა და გვარს –  ისაა წიგნის ავტორიც და პერსონაჟიც. სწორედ ამიტომ, როგორც ავტორისთვის, ისე პერსონაჟისთვის, ავადმყოფთან ურთიერთობა გამოცდის ჩაბარებას ჰგავს და ეს მართლაც ასეა. ვისაც მსგავსი გამოცდილება ჰქონია ან ვისაც ჯერ კიდევ არ გვაქვს ეს გამოცდილება, მაგრამ შორიდან მაინც გვინახავს მსგავსი რამ, ვიცით, რომ დაავადებული ადამიანის მოვლა ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს. ეს ნამდვილადაა  გამოცდა და ამავდროულად ისეთი დიდი თავსატეხია, სინამდვილეში არასდროს იცი, ჩააბარე თუ არა ან როგორ უნდა მოქცეულიყავი, ჩაბარებულად რომ გეგრძნო თავი...

   ეს რომანი ერთდროულად დანაკარგების, ყოველდღიური ბრძოლების, ავადმყოფობასთან მარტო დარჩენის, ჯანმრთელი და მომაკვდავი ადამიანების სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობის ამბავია და იგი, პირადად ჩემთვის, ერთგვარად იმ საქართველოს სახეცაა, რომლის მოქალაქეებს ძალიან უჭირთ მათგან სულ მცირედით განსხვავებული ადამიანის მიღება. უჭირთ მისთვის ეჭვის თვალის გარეშე ცქერა, რაც, რა თქმა უნდა, ყველაფერს აფუჭებს. ყოველთვის. მუდამ.

   როცა განსხვავებულ გზას ირჩევ, მზად უნდა იყოო, ვკითხულობთ რომანში. დიახ, ბევრი რამისთვის უნდა იყო მზად, მათ შორის, მარტოობისთვის, შენ მიმართ გაჩენილი სრულიად უსაფუძვლო ეჭვებისთვის, რომელთა მთავარი წყარო ყოველთვის ნათესავები და მეზობლები არიან, მზად უნდა იყო იმისთვისაც, რომ ისინი ხშირად იტყვიან: „მგონი, ალეკო რაღაც საეჭვო ამბებშია...“ ან „რაღაც საეჭვო ხალხთან დაიჭირა საქმე...“ და ასე დაუსრულებლად – კეთილისმსურველთა ფანტაზიები მწერლის ფანტაზიაზე ნაკლები როდია.

   „მამა ამბობდა, სულ ოდნავადაც რომ შეიცვალო მსოფლხედვა და მათ აღარ ჰგავდე, უკვე საბაბი ხდება დაპირისპირებისო. ანუ სულ მუდამ გიხდება მტკიცება, რომ შენი განსხვავებული ინტერესები მათ პრობლემას არ უქმნის“ – წიგნიდან ეს მონაკვეთი ალბათ, საუკეთესოდ აღწერს არა მხოლოდ რომანის ერთ-ერთ მთავარ ხაზს, არამედ იმ გარემოსაც, რომელშიც ვცხოვრობთ. 

   „გადამალვა“ ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი წიგნია. ეს გულწრფელობა კიდევ უფრო საამაყოა სწორედ იმიტომ, რომ გულწრფელობა ყველაფრის შეულამაზებლად გაზიარებას ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნები, იმასაც ნიშნავს, რომ ზოგჯერ იღლები, ძალიან იღლები, თუნდაც ყველაზე ახლობელი ადამიანის მოვლით, ზოგჯერ მისი ფიზიკური ტკივილები იმდენად გამძიმებს, ძალას გიკარგავს და გამოსავალს ეძებ და ვეღარ ხვდები, სადაა გამოსავალი, რა სჯობს და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო. 

   ამასთანავე, შეუძლებელია, არ მოიხიბლოთ ავტორის იუმორით, რომელსაც ყველაზე მძიმე მომენტებშიც არ ივიწყებს, ამიტომ, ეს წიგნი, სავსე ტკივილებითა და სირთულეებით, სულაც არაა მძიმედ წასაკითხი, რადგან მაშინვე, როგორც კი სევდას იგრძნობთ, მალევე გულიანი სიცილიც წაგსკდებათ ხოლმე.

   რაც შეეხება სათაურს. რას ნიშნავს სათაური „გადამალვა“? – ეს სიუჟეტის ნაწილია და შეგიძლიათ, თავად აღმოაჩინოთ, მაგრამ, ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ბევრი რამის (გა)დამალვა გვიწევს, რადგან საზოგადოებას ყველაფერს ვერ ავუხსნით ან ავუხსნით, მაგრამ ისინი, სავსენი წინასწარ შექმნილი განწყობებით, ვერასდროს გაიგებენ ჩვენს ფიქრებსა თუ მისწრაფებებს ისე, როგორც ის სინამდვილეშია.

   „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ – ამბობს გალაკტიონი ერთ-ერთ ლექსში, ამის მსგავსად, ყველას რაიმე გვაქვს (გა)დასამალი მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან, ნაცნობების, მეგობრების, ნათესავებისა და ზოგჯერ პოლიციის ინსპექტორისგანაც კი, იმიტომ რომ, ადამიანის ცხოვრების გზა ასახსნელადაც და გასაგებადაც რთულია. რთულია ყველას გააგებინო, რომ უმეტეს შემთხვევაში, საკუთარ თავს კი არ გავურბით, არამედ ვეძებთ მას!

   თუმცა, მგონია, რომ ავტორს მკითხველის იმედი აქვს. იმედი იმისა, რომ მკითხველი გაუგებს მას და ეს სულაც არ მგონია უსაფუძვლო იმედი, რადგან ნებისმიერი მკითხველი, ავტორის მსგავსად, პირველ რიგში, მაძიებელია.