რეცენზია ფარლი მოუეტის წიგნზე „ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!“

რეცენზია ფარლი მოუეტის წიგნზე „ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!“

20.07.2023
1373

   თუ ბავშვობაში ფარლი მოუეტის წიგნმა „ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!“ მგლებისადმი ბავშვური, გულწრფელი სიმპათიითა და თანაგრძნობით ამავსო, ახლა, ზრდასრულობაში, ნაწარმოების ხელახლა გადაკითხვამ დიდურად დამასევდიანა. ბოლო თავის სახელწოდება: „სამყარო, რომელიც დავკარგეთ“, ალბათ ყველაზე უკეთ გადმოსცემს ამ სევდას.

   ავტორის სიტყვებს მოვიშველიებ: „ადამიანს არაფერი ისე არ უბიძგებს ხოცვა-ჟლეტისკენ, როგორც შიში. სადაც და როგორც უნდა ხოცავდნენ ადამიანები უაზროდ ცოცხალ არსებებს (და მათ შორის, ადამიანებსაც), ყოველთვის ცდილობენ, თავი გაიმართლონ და მსხვერპლს ყოველგვარ ავ ზნეს დააბრალებენ ხოლმე“. 

   სამყაროში, სადაც ბავშვობიდან გვინერგავენ, რომ მგელი ბოროტი, გაუმაძღარი, დაუნდობელი არსებაა, რომელიც ბებიებს ჭამს, საბრალო გოჭებს სახლებს უნგრევს, კრავებს ატყუებს და სანსლავს, სავსემთვარეობაზე უბედურების მომასწავებლად დაგვყმუის ან, ბოლოსდაბოლოს, მოვა და შეგვჭამს, თუ დროზე არ დავიძინებთ, ძნელია, მათზე ფიქრისას გულში სითბო და სიყვარული ჩაგვეღვაროს.         

   ადამიანები ცხოველებს იმის მიხედვით ვახარისხებთ, რომელს უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის. ქათამი გვაძლევს კვერცხს, ესე იგი კარგია. ძროხა გვაძლევს რძეს, ანუ საჭიროა. ფუტკარი გვაძლევს თაფლს, ანუ კეთილია. თითქოს ვალდებულებიც კი არიან, ჩვენ გვემსახურონ. ოღონდ ის გვავიწყდება, რომ კი არ გვაძლევენ, ჩვენ ვართმევთ. და ვისაც არაფერი აქვს წასართმევი და შეიძლება კონკურენციაც კი გაგვიწიოს საკვებისა თუ სივრცისთვის ბრძოლაში, მას მტრად მივიჩნევთ და ვანადგურებთ. 

   წიგნში მოქმედება კანადის ტუნდრაში ვითარდება, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია, სიტუაცია განვაზოგადოთ და აღწერილი ამბები ჩვენს რეალობას მივუსადაგოთ. დიდი ხანია, ცხოველების თემებზე ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში რა არ მომისმენია – სასაცილო სტერეოტიპებითა და აბსურდულად გაბუქებული ისტორიებით დაწყებული, ცხოველების უმიზნო ხოცვით დამთავრებული. მეღიმებოდა-კიდეც, იმდენად ჰგავდა წიგნში ამოკითხული ეპიზოდები ჩვენს, „ქართველ“ ცხოველებზე მოსმენილ ტყუილ-მართალს. არაერთხელ აღმოვჩენილვარ სიტუაციაში, სადაც ამა თუ იმ მიზეზით შევიწროებული ცხოველების, განსაკუთრებით კი მტაცებლების, და, გამორჩეულად მგლის, დაცვა დამჭირვებია. ასეთ დროს (ისევ ავტორს დავესესხები) „წამიყრუებენ ხოლმე ან ჩემი მიკერძოებულობის გამო ცოფდებიან“ და „უაღრესად შთაგონებულნი მიხსნიან, თუ რა დაუნდობელი და საშიში მხეცია მგელი და რა უსაზღვროა იმ ადამიანთა თავდადება, მასთან შერკინებას რომ ბედავენ“.   

   ბოლო ფურცელი რომ ჩავიკითხე, უკვე ვიცოდი, ვისთვის მინდოდა ამ წიგნის ჩუქება. პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, მგელი რომ „მავნებლად“ მიაჩნიათ. შეიძლება ჩემგან ამგვარი საჩუქარი სარკაზმად აღიქვან, მაგრამ, ჯანდაბას, ვაჩუქებ (ოღონდ ცოტა ეჭვი მეპარება – წაიკითხავენ კი?). მეორე რიგში კი მათთვის მინდა, ვინც შემეცნების სურვილით იწვის, ყველაფერს ისმენს, ისრუტავს, კითხვებს სვამს, ფიქრობს, მსჯელობს და შესაბამისი დასკვნებიც გამოაქვს. ვისაც ჩემსავით სევდა ეძალება იმაზე ფიქრისას, რომ ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ სამყაროს, რომელიც ჩვენ გარშემოა, სამყაროს, სადაც არაფერი ხდება უმიზეზოდ, სადაც ყველა ცოცხალ არსებას თავისი ფუნქცია აქვს და ამ ერთიანი მექანიზმის მოშლით ჩვენ საკუთარ თავსაც დავკარგავთ ადრე თუ გვიან.