რეცენზია წიგნზე „…გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“

რეცენზია წიგნზე „…გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“

08.07.2023
2318

   განსაკუთრებით საინტერესო წიგნის კითხვის დასრულებას საოცრად სასიამოვნო, სინანულნარევი გრძნობა დაჰყვება, რადგან ხვდები, რაღაც დიდი წაიკითხე, დიდხანს რომ არ დაგავიწყდება და შენს ყოველდღიურობას აირეკლავს. სინანულს კი დასრულების ფაქტი გგვრის, რადგან იცი, მოგენატრება დღეები, ხარბად როცა ეძებდი მოვლენების საინტერესოდ განვითარებას წაუკითხავ გვერდებზე.

   მკითხველო, ხარისხიანი ლიტერატურა იმით იცნობა, რომ ის დროს უძლებს. მისი შინაარსი აქტუალობას არ ჰკარგავს დროის, შეხედულებების, ფასეულობების ცვლილების მიუხედავად. „...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ პირველივე გვერდიდან გახვედრებთ, რომ ძალიან საინტერესო, ღირებული ლიტერატურული თავგადასავალი გელით წინ, რომელიც განუყოფელია ადამიანურ გრძნობებისგან: სიმარტოვის, სევდის, ხალისის, სისასტიკისგან.. ავტორი ძალიან ოსტატურად გამოგზაურებთ სივრცეში, სადაც სხვადასხვა ადამიანური ტრაგედია თამაშდება და ცხოვრება სულ სხვა მანერითა და ფორმით წარმოგიდგებათ.

   კენ ელტონ კიზი დაიბადა 1935 წლის 17 სექტემბერს ამერიკაში, კოლორადოს შტატში. ახალგაზრდობის წლები გაატარა ორეგონის შტატში, სადაც საბაზისო განათლება მიიღო ორეგონის უნივერსიტეტში. წიგნზე „...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ მუშაობა 1960 წელს დაიწყო. ამ ამბავს ძალიან საინტერესო ბმა აქვს თავად მწერლის ცხოვრებასთან.

   მკითხველო, წიგნის პირველივე გვერდებიდან შეხსნით ფსიქიატრიული კლინიკის კარს, ქათქათა ფილებით მოპირკეთებული კედლებით, ასეთივე ქათქათა, გახამებული ხალათებითა და იდეალური წესრიგით მოცულ გარემოში. საინტერესოზე მეტია, რომ ამბის მთხრობელი არც მეტი, არც ნაკლები - ყრუ-მუნჯი ინდიელია, მისტერ ბრომდენი, კლინიკის უძველესი პაციენტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან ამ კედლებში დაიარება განუყოფელი ცოცხით, შიშად ქცეული თვალებითა და იმედით, რომ თვალებს თუ დახუჭავს, ვერაფერს მიუხვდებიან. ბელადი ბრომდენი გულკეთილია და უანგაროდ დამგზავრებულ მკითხველს ჰპირდება, რომ რასაც ამბობს, გინდ არ მომხდარიყო, მაინც წმინდა წყლის სიმართლეა... ბელადის შიშის მთავარი მიზეზი კლინიკის მთავარი ექთანი, მის რეჩიდია, რომლის უსულგულობაშიც, მკითხველო, ყველა მომდევნო გვერდი სულ მეტად დაგარწმუნებთ.

   შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, კლინიკის ერთფეროვანი, მოსაწყენი, მის რეჩიდის წყალობით უზადოდ წესდებული ცხოვრება, კარის ერთი გაჩხაკუნებით ირღვევა. საკეტში გასაღების გაჩხაკუნებისთანავე, ყველა თავი ერთდროულად, ერთ თოკზე გამობმულივით ტრიალდება და ამდენი წლის შემდეგ პირველად ესმით სიცილი: ნამდვილი, ხალისიანი, ცოცხალი. სიცილის ავტორი გახლავთ რენდელ პ. მაკმერფი, თავისივე დახასიათებით, თავგადაკლული და გამოუსწორებელი მოთამაშე. მაკმერფი ჟღალთმიანია, ღონიერი, ხოლო მისი პატიმრის მზით გახუნებული ტანსაცმელი მოხდილი რძის ფერისაა.

   მაკმერფის სიძლიერის ხაზგასმისას საინტერესოა ავტორის ბიოგრაფიის ის მონაკვეთი, სადაც კიზი, მაღალ კლასებში, ასპარეზობს ჭიდაობაში, 79 კგ. წონით კატეგორიაში და წარმატებასაც აღწევს - ოლიმპიურ გუნდში ხვდება, თუმცა, მხრის ტრავმის გამო, იძულებულია, მოჭიდავის კარიერა დაასრულოს. კითხვით და ფილმოგრაფიით გატაცებული მწერალი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფსევდონიმით, დაინტერესებული იყო მაგიით, მუცლით მეზღაპრეობითა და ჰიპნოზით.

   წარმოსადეგ და ენერგიულ მაკმერფის მიზერული დრო სჭირდება პაციენტებზე შთაბეჭდილების მოსახდენად და ასაყოლიებლად, რასაც ისინი სიამოვნებით აკეთებენ. ათასი პროცედურითა და წამლით გაბრუებულ პაციენტებში მაკმერფის დაუდგომელი ხასიათი ცნობისმოყვარეობასა და ტვინის გამოურეცხავ კუნჭულებში შეყუჟულ მოგონებებს აღვიძებს, მოგონებებს ნორმალურ ცხოვრებაზე. მათთვისვე სამწუხაროდ, ბურანიდან გამორკვეულები აღმოაჩენენ, რომ ჩვეულებრივ სათამაშოდ არიან ქცეულები ბოროტების მანქანის, ე.წ. „კომბინატის“ ხელში, რომლის მთავარი მესაჭე მის რეჩიდია, ჩვეულებრივი ქალის არაფერი რომ სცხია და მისი ჩანთაც მოწმობს ამას, ბრომდენის თქმით, ათასი ტვინის მომჭერი ჭანჭიკითა გამოვსებული. თვითონ ქალიც თითქოს მანქანად ქცეულა და უსულობის სიცარიელიდან იცქირება ცივი, ცისფერი თვალებით, შეუსაბამოდ დიდი მკერდითა და ამ მკერდში ჩაბუდებული სიძულვილით. სწორედ ამ სიძულვილს და მოჩვენებით სიმშვიდეს ახვედრებს ის მაკმერფის სიხალისეს, ფიზიკურ სიძლიერესა და სითამამეს, რომელსაც ცვლილებების სიო მოაქვს თან. სიო, რომელსაც დროულად თუ არ მიხედავს, ქარიშხლად დაატყდება თავს და მიულეწ-მოულეწავს ამდენი ხნის ნაშენებ უზადო წესრიგს, მორჩილებას, ხოლო დანერგილ შიშს ძირფესვიანად ამოუგლეჯს.

   მკითხველო, მხედველობის არედან არ დაგეკარგოთ ბელადი ბრომდენი, რადგან სწორედ ის არის კლინიკის უძველესი ბინადარი და ყველაფრის მომსწრეა მისი თვალები და ყურები (მართლა ყრუ-მუნჯი ხომ არ გგონიათ?!). ფრთხილად გაჰყევით ბელადს დანისლულ დერეფნებში, გულმოდგინედ მოპრიალებულ ფილებზე ფეხი არ აგისრიალდეთ და უამრავ დამსხვრეულ ცხოვრებაზე, ყველა კუთხეში რომ მიმოფანტულა ნამსხვრევები, ფეხი არ გაგეჭრათ, მიიყუჟეთ მასთან ერთად კუთხეში და დაესწარით საერთო შეკრებებს, სადაც ადამიანების ბედი სიცილ-სიცილით იქცევა ტრაგედიად. საკითხავია, ყველა პაციენტის ცხოვრება თავისმა შეშლილობამ დაამსხვრია თუ ვინმეს ხელი ურევია?! ვინმე ხომ არ ჩასაფრებია ადამიანის ფსიქიკაში გაჩენილ ბზარებს და, ათასგვარი ხერხით, ხელოვნურად ხომ არ აქცევს ნაპრალად, რომელიც საბოლოოდ თავს ვერ იმაგრებს და იმსხვრევა?!

   ძალიან შთამბეჭდავია მაკმერფისა და ბრომდენის პირველი შეხვედრა. გულმა გული იცნოო, მათზეა ნათქვამი. მაკმერფის ხელისგული დასავლეთში აღმა-დაღმა მისივე უთავბოლო ხეტიალის რუკად გამოდგებოდა, ისეთი შარიშური გაჰქონდა.

   ავტორის ბიოგრაფიის კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი გვაფიქრებინებს, რომ სწორედ მისმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ შთააგონა წიგნის დაწერა და მაკმერფის მეამბოხე პერსონაჟის შექმნა. სტენფორდის უნივერსიტეტში ყოფნისას, მეზობელმა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა, ვინმე პერი ლენიმ,  მონაწილეობის მიღება შესთავაზა დაფინანსებულ, გასაიდუმლოებულ პროექტში, რომელიც ვეტერანების საავადმყოფოში ტარდებოდა. კიზი იქ ღამის მორიგედ მუშაობდა, აკვირდებოდა პაციენტებს, რომლებიც სხვადასხვა ჰალუცინოგენი მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და ინიშნავდა მათთან ურთიერთობის შედეგებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთ დროს ის მარიხუანას მოხმარების გამო ხუთი თვით ციხეშიც იჯდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ცხოვრების უფრო ჯანსაღი, ოჯახზე ორიენტირებული წესი აირჩია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა.

   მკითხველო, თუ პატარა ფსიქიატრიული კლინიკის ცხოვრების მოდელს ჩაუღრმავდებით, უფრო მასშტაბურ ფრონტზე გაგიყვანთ, რომელსაც საზოგადოება ჰქვია. დადგებით ფაქტის წინაშე, რომ საზოგადოება და მხოლოდ საზოგადოება წყვეტს, ვინ არის ნორმალური და ვინ - არა. საზოგადოების რიგით წევრს კი ისღა დარჩენია, კეთილი ინებოს და მოერგოს ამ საზოგადოებას. ასეა?! და რა ბედი ელის მას, ვინც არ მოერგება, ვინც მეამბოხეა, ვინც არად დაგიდევს ძვალსა და რბილში გამჯდარ წესებს?! რა ბედი ელის მაკმერფის? ეთანხმებით, რომ ქვეყანა ძლიერებისაა და სუსტის შთანთქმით მათივე გაძლიერებისთვისაა მოწყობილი? რომ კურდღელმა კურდღლის და მგელმა მგლის როლი უნდა ასრულონ პირნათლად? თუ მაინც იმედს იტოვებთ, რომ ადამიანი არ არის სისასტიკისთვის განწირული, რომ მეგობრობა, ერთგულება, სიყვარული, ერთმანეთის გატანა ყველაზე დაზიანებულ ტვინსაც შეუძლია და უფრო მეტადაც კი, ვიდრე მის რეჩიდებს? ფიქრობთ, რომ თვალებში თამამად ყურება, მშვიდი ძილი და გულიანი სიცილი უფრო ღირებულია, ვიდრე მთელი კომბინატი და ძალაუფლება?  საბოლოოდ, არჩევანი თქვენზეა...

   ამასობაში ბრომდენს ხომ არ ჩამორჩით, ხომ მიუყვებით მისი ცოცხით ცუდად წაშლილ კვალს? ელექტროშოკის ოთახშიც ხომ შეჰყევით და სულ ბოლო გვერდზეც ხომ მასთან იქნებით? წიგნი  უამრავ შეკითხვას გაგიჩენთ, მათ ნისლად მოგახვევთ და მათში გამოგზაურებთ პასუხების საძებნელად. ის კითხვის ყოველი დღის საინტერესოდ გატარებას გპირდებათ და თითო ნაპოვნი პასუხით ნისლიც ნელ-ნელა გაიფანტება. დაწმენდილ ჰაერს კი ისე არაფერი უხდება, როგორც სულის თავისუფლება და რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მდგომარეობაშია ამ დროს სხეული?!..

   1975 წელს რეჟისორმა მილოშ ფორმანმა გადაიღო წიგნზე დაფუძნებული ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, რომელსაც არნახული წარმატება ხვდა წილად („ოსკარის“ ხუთეული: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი კაცი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი). საინტერესო ფაქტია, რომ ახირებულ მწერალს სულაც არ უნდოდა მაკმერფის როლზე ლეგენდარული მსახიობის, ჯეკ ნიკოლსონის, დამტკიცება. მისი ფავორიტი მსახიობი ჯინ ჰეკმანი გახლდათ. მწერალი ერთი ხანობა აცხადებდა, რომ ფილმი არც კი ჰქონდა ნანახი, მხოლოდ მოგვიანებით, მეუღლისგან გახდა ცნობილი, რომ ნანახთან ერთად, ძალიანაც მოსწონდა კიზის ფილმი.  

   მოგვიანებით, ავტორს დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. სიცოცხლის ბოლო წლები ის ნაკლებად აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, ჯანმრთელობა კი ნელ-ნელა უსუსტდებოდა. საბედისწერო გამოდგა 2001 წლის 25 ოქტომბერს ჩატარებული ღვიძლის ოპერაცია. კიზიმ ოპერაცია ვერ გადაიტანა და მალევე, 10 ნოემბერს, 66 წლის ასაკში დასრულდა მისი საინტერესო, ამბოხით სავსე ცხოვრება.  მის გასახსენებლად კი დაგვრჩა საოცრად საინტერესო წიგნი „...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“, რომელიც კიდევ ძალიან ბევრ წელს და მრავალფეროვან დროებას გაუძლებს.

   მაშ ასე, მშვენიერი დღეა ამ წიგნის წასაკითხად, არა?!