რანსმაირის მეტამორფოზა: „უკანასკნელი სამყარო“

რანსმაირის მეტამორფოზა: „უკანასკნელი სამყარო“

05.06.2023
1400

რკინის ქალაქს, ტომისს, იანვრის ერთ ნისლიან, ცივ დილას მთებიდან ჩამოსული ფეხშიშველი, დასახიჩრებული უცნობი მიადგება. უცნობ ქალში დრო გაყინულა და მისი მზერა ქალაქის გაქვავებულ მაცხოვრებლებს საბედისწეროს უქადის. ქალის თვალები, პირი და ყურები რეალობის აღქმისთვის კარგა ხანია დახშულა, თუმცა, რაღაც მომენტში, ის მის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანების სახის გარჩევას იწყებს და ასე გამოიხმობს უსასრულობიდან ლანდებს, საკუთარი შიშისა თუ ტომისის თითოეული მაცხოვრებლის, და დაიწყება ის, რაც უნდა აღსრულებულიყო, რისკენაც ყველაფერი მიექანებოდა...

ავსტრიელი მწერლის, ქრისტოფ რანსმაირის წიგნში „უკანასკნელი სამყარო“ ანტიკური ტრაგედია გათამაშდება. პოსტმოდერნისტული ლიტერატურისთვის დამახასიათებლად, ძვ. წ. 43-ე საუკუნეში მცხოვრები რომაელი პოეტის, პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის „მეტამორფოზების“ გმირები თანამედროვე სამყაროში გადმოინაცვლებენ, ნიღბებს მოირგებენ და დაკისრებული როლების გათამაშებას მიჰყვებიან. 

რომანის მთავარი გმირი კოტაა, მრავალთაგან ერთ-ერთი, რომელმაც ავგუსტუსის მმართველობის წლებში რომი დატოვა, რომელიც მოწესრიგებული ცხოვრების სიმეტრიიდან შორს, იმპერიის მივარდნილ კუთხეში, თავისუფლებასა და რომანტიკული ფანტაზიის განსხეულებას და რაც მთავარია, მეთვალყურეობის გარეშე ცხოვრებას ეძებს. კოტა ნაზონის ბედ-იღბლით შეპყრობილა და მისი კვალის მიგნებას ჯერ ტომისის მაცხოვრებლებში ეძებს, შემდეგ კი ოთხი თუ ხუთი საათის სავალ კლდოვან ქალაქში, ტრაქილაში, სადაც ნაზონი მოგვიანებით გადაცხოვრდა მოხუც მსახურ, პითაგორასთან ერთად.

კოტას თავგადასავლით ნელ-ნელა ვეცნობით რკინის ქალაქის მაცხოვრებლებს, მათ ისტორიებს და დგება მომენტი, როდესაც მკითხველი აღმოაჩენს, რომ წიგნის მთავარი გმირები, სწორედ ეს პერიფერიული, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ყოფილან, რომლებიც ასე ძალიან გვგვანან ჩვენ, ასე ძალიან ჰგვანან ნებისმიერი პერიოდის ადამიანს, ძველ წელთაღრიცხვაში მცხოვრებს თუ მეოცე საუკუნეში მაცხოვრებელს, რომ „უკანასკნელი სამყარო“ გარდასახვების წიგნია და ადამიანების ყოფიერების მარადიული ტკივილის შეხსენება. 

შეიძლება თანამედროვე ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მითებისა და ლეგენდების დრო დიდი ხანია დასრულდა, მაგრამ მითოლოგიური გარდასახვა (აქ, უდავოდ, რუმინელი რელიგიათმცოდნე და მითოლოგი, მირჩა ელიადე და მისი „მარადიული დაბრუნების მითი“ გაგვახსენდება) ადამიანის ცხოვრებიდან არასოდეს გამქრალა, შესაძლოა რანსმაირის ჩანაფიქრი მკითხველისთვის ამის შეხსენება იყო, ნაზონის გმირები კი ჩანაფიქრის ხორცშესხმისთვის იდეალურ მასალას წარმოადგენდნენ.

კოტა ტომისელებისთვის თავიდან ერთ-ერთი მოხეტიალეთაგანია, უცხო, რომელიც ქალაქში რაღაც პერიოდით მოხვდა. კავშირი თანდათანობით მყარდება და სულ უფრო მკვეთრ კონტურებს იძენს ყრუ-მუნჯი ფეიქარი არაქნე, ტომისელი მებაგირე ლიკაონი, ფსორიაზით დატანჯული ექო, ყასაბი ტერევსი და მისი ცოლი, პროკნე, წვრილმანებით მოვაჭრე ფამა, დასახიჩრებული უცნობი ფილომელა, კვიპაროსი - ჯუჯა მექანიკოსი კავკასიიდან... და ერთხელაც კოტა ხვდება, რომ „სამყაროს ბუმბულივით მსუბუქი აგებულება აქვს, მთები, შეიძლება, ჩამოიშალოს და ქვად იქცეს, ზღვები ღრუბლის სპირალებად აორთქლდეს, ვარსკვლავები კი ჩალის კოცონივით აალდეს და დაიფერფლოს“.

რანსმაირის რომანი ქართველი მკითხველისთვის მისი ქართული ალუზიებითაც იქნება საინტერესო. „უკანასკნელი სამყაროს“ ფურცლებზე იაზონისა და მედეას გმირებსაც შეხვდებით,  ცხადია, ახლებური ინტერპრეტაციით.

მიაგნებს კოტა ნაზონს? მთებში დამალული თუ სხვაგან გაქცეული, ცოცხალი იქნება ის თუ მკვდარი? ან „მეტამორფოზების“ ხელნაწერს ხომ არ გადააწყდება? ახალ ტექსტებს? მკითხველი ნაწარმოების ბოლოს თავდაპირველი, თითქმის მივიწყებული ამბის და კითხვების გაგრძელებას და ერთგვარ პასუხს მიიღებს, თუმცა ეს პასუხი უკანასკნელი სამყაროს უკანასკნელი ამოძახილივით გაისმება. გახსოვდეთ, რომ ტომისს ფეხშიშველი უცნობი უახლოვდება, ყველა ქალაქი თავის არსებობას კი დაღუპული საშახტო ქალაქის, ლიმისის მსგავსად ასრულებს.