„დიოგენეს“ გზამკვლევი წიგნის 25-ე ფესტივალზე
25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გაიმართება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. წელს საიუბილეო, 25-ე ფესტივალია და ამ განსაკუთრებულ ღონისძიებას, ტრადიციულად, გამომცემლობა „დიოგენე“ ახალი თარგმანებითა და განახლებული გამოცემებით უერთდება. ამ სტატიაში სწორედ ჩვენი სიახლეების შესახებ მოგიყვებით.
„დიდხანს ვემზადებოდით და გამბედაობასაც კარგა ხანს ვიკრებდით, რადგან ფეხი სანახევროდ უცნობ მიწაზე შევდგით“ - ასე წარვადგინეთ გასულ წელს ახალი სერია „NONFICTION“.
„სანახევროდ უცნობ მიწაზე“ გამომცემლობასთან ერთად მკითხველებმაც შეაბიჯეს - მათ სერიის ფარგლებში გამოცემული არაერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნის გაცნობის საშუალება მიეცათ.
სიუზენ ზონტაგი, ვიქტორ ფრანკლი, სიმონ ვეი... სიას, რომელიც უფრო და უფრო იზრდება და მრავალფეროვანი ხდება, კიდევ ერთი ავტორი - ჰანა არენდტი - შეემატა. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნის, ჰანა არენდტის წიგნის „აიხმანი იერუსალიმში“ ქართულად თამარ ლომიძემ თარგმნა.
„აიხმანი იერუსალიმში“ არენდტის ყველაზე საკამათო ტექსტია, რომელიც პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. ესაა აიხმანის სასამართლო პროცესის ინტერპრეტაცია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. აიხმანი - კაცი, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა მეორე მსოფლიო ომში, ის ფიგურაა, რომლის ანალიზისას ბოროტების ბუნების, მსოფლიო ომისა და მასში მონაწილე ადამიანების განსხვავებული პერსპექტივით დანახვა ხდება შესაძლებელი.
საფესტივალოდ გამოიცა კარლ გუსტავ იუნგის ორი მნიშვნელოვანი ნაშრომი. „მეტამორფოზის სიმბოლოები“ და „ფსიქოლოგია და ალქიმია“ ქართველმა მკითხველებმა დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს და შეიყვარეს. ორივე წიგნი ბესტსელერი იყო, სწორედ ამიტომ, ისინი ხელახლა გამოიცა. ორივე მათგანი მაია ბადრიძის მიერაა თარგმნილი.
„მეტამორფოზის სიმბოლოები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში. ამ თხზულებაში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს.
რაც შეეხება მის მეორე ნაშრომს „ფსიქოლოგია და ალქიმია“, აქ შეტანილია მისი კვლევები სიზმრების, ალქიმიის ძირითადი ცნებებისა და ალქიმიური სიმბოლიკის შესახებ. იუნგი აანალიზებს ალქიმიურ სიმბოლოებს და მიუთითებს ალქიმიის პირდაპირ კავშირზე ფსიქოანალიტიკურ პროცესებთან.
არამხატვრული ლიტერატურის გამოცემასთან ერთად, რა თქმა უნდა, დიოგენე მხატვრულ ლიტერატურაზეც არ ამბობს უარს. „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ ის წიგნები ბრუნდება, რომლებსაც მკითხველები განსაკუთრებით ელოდნენ. სანამ თვალს გადავავლებთ წიგნებს, რომლებიც ხელახლა გამოიცა, არ უნდა გამოგვრჩეს სიახლე - ბანანა იოშიმოტოს „სამზარეულო“, რომელსაც მკითხველები ქართულად პირველად გაეცნობიან.
ბანანა იოშიმოტო იაპონელი მწერალია. იგი დაიბადა 1964 წელს, სადებიუტო რომანი კი, რომელიც სწორედ ახლა ითარგმნა ქართულად, 1988 წელს გამოსცა. „სამზარეულო“ იაპონიაში მალევე იქცა პოპულარულ წიგნად და 60-ზე მეტჯერ გამოიცა. რომანის მიხედვით გადაღებულია ორი კინოადაპტაციაც. იოშიმოტოს წიგნების მილიონობით ეგზემპლარია გაყიდული სხვადასხვა ქვეყანაში, ავტორი კი არაერთი ჯილდოს მფლობელია.
მიუხედავად იმისა, რომ მის რომანში „სამზარეულო“ დასავლური ლიტერატურის გავლენის შემჩნევა შესაძლებელია, ეს წიგნი მაინც თანამედროვე იაპონური ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშია. როგორც ამბობენ, ესაა ფანჯარა, რომლიდანაც იაპონელი ქალის ცხოვრებაში შეგვიძლია შევიხედოთ. ცხოვრებაში, რომელშიც შევხვდებით დიდ სიყვარულს, ტრაგედიას და, ცხადია, კულინარიას.
„სამზარეულო“ იაპონურიდან დავით გოგინაშვილის მიერაა თარგმნილი.
ჰანტას კარგად ვიცნობთ, მის სულისშემხუთველ, ტრაგიკულ, მაგრამ გამორჩეულ და დაუვიწყარ სამყაროშიც გვიმოგზაურია არაერთხელ და მარტოობის გამაყრუებელი ხმაურისთვისაც მოგვისმენია. მაგრამ ზოგიერთ მკითხველს, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ მიეცა მაკულატურის მწნეხელი პატარა ადამიანის გაცნობის საშუალება. მათთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს - ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ ხელახლა გამოიცა და მისი შეძენა ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.
მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა - ყველა ეს დასამახსოვრებელი პერსონაჟი ერთ წიგნში იყრის თავს და მკითხველს სევდის, მელანქოლიისა და უჩვეულო სიყვარულის ორიგინალურ ამბავს უყვება.
წიგნის მთარგმნელი სულხან მუხიგულაშვილია.
ჩარლზ ბუკოვსკის „ფოსტა“ სერიაში „ამერიკელები“ ჯერ კიდევ 2016 წელს გამოიცა. თუმცა ამჯერად ამ წიგნს „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ აღმოაჩენთ.
"ფოსტა" მწერლის პირველი ბიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც სამ კვირაში დაიწერა. ამ წიგნმა მწერალს დიდი წარმატება მოუტანა და ერთხელ და სამუდამოდ დაუმკვიდრა საპატიო ადგილი ე. წ. "ბინძური ლიტერატურის" ჟანრში.
ბუკოვსკი ინტერვიუებში ამბობდა - „არ მინდა სამყაროს გადარჩენა, არ მინდა, უკეთესი ადგილი გახდეს. უბრალოდ, მასში ცხოვრება და იმაზე საუბარი მინდა, რაც ხდება“.
თუ მკითხველსაც აინტერესებს, როგორი იყო სამყარო, რომელშიც ბუკოვსკი ცხოვრობდა, ამის გაგებაში „ფოსტა“ უთუოდ დაეხმარება.
რომანის მთარგმნელი ქეთი ქანთარიაა.
საფესტივალო რეპრინტებს შორისაა ჩვენი უცვლელი ბესტსელერი - მილან კუნდერას „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“.
1984 წელს დაწერილმა ამ რომანმა, რომლის მიხედვითაც გადაღებულია ამავე სახელწოდების არაჩვეულებრივი ფილმი, მკითხველს დიდი ხნის წინ შეაყვარა თავი.
ორი ქალის, ორი მამაკაცისა და ერთი ძაღლის შესახებ მოთხრობილი ეს ამბავი დღესაც არ კარგავს აქტუალობას, რადგან ის საკითხები, რომლებსაც რომანი ეხება, უნივერსალურია და უცვლელი. სასიყვარულო ურთიერთობები, მარტოობა, გადაწყვეტილების მიღების სირთულე - ეს ყველაფერი ტექსტში დიდი ოსტატობითაა ასახული.
რომანი ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა.
ხელახლა გამოიცა კიდევ ორი რომანი: „ფუკოს ქანქარა“ და „პრაღის სასაფლაო“.
„ფუკოს ქანქარა” ცნობილი იტალიელი მწერლის, უმბერტო ეკოს მეორე რომანია, რომელიც პირველად 1988 წელს გამოიცა. როგორც The New York Times მოიხსენიებს, ესაა „ინტელექტუალური ტრიუმფი“.
რაც შეეხება სიუჟეტს, ერთ-ერთი მილანური გამომცემლობის რედაქტორები ოკულტური მეცნიერებებით, საიდუმლო საზოგადოებებით, მსოფლიო შეთქმულებებით ერთობიან. ასე, თამაშ-თამაშით, მოიფიქრებენ „გეგმას“, მაგრამ მეტისმეტი მოსდით: ვიღაც მართლა დაიჯერებს მათ შეთხზულ ისტორიას და დაუნდობელ ბრძოლას იწყებს საიდუმლოს გასაღების ხელში ჩასაგდებად…
ოკულტისტები, სატანისტები, მასონები, იეზუიტები, რევოლუციონერები, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თეორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში...
სრულიად დაუჯერებელი და ამავე დროს რეალურად არსებული პერსონაჟებით სავსე, წარმოუდგენელი ინტრიგებით ნაქარგი სიუჟეტი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. რომანის ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟი სიმონინო სიმონინია. გამოგონილი, მაგრამ ყველაზე ნამდვილი და „მარად ჩვენ შორის მყოფი“.
„პრაღის სასაფლაო“ და მისი მთავარი გმირი კიდევ ერთხელ შეხვდებიან მკითხველებს, ამჯერად თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალზე.