რეცენზია ერვე ლე ტელიეს „ანომალიაზე“

რეცენზია ერვე ლე ტელიეს „ანომალიაზე“

02.03.2023
1063

გასული საუკუნის 60-იან წლებში, საფრანგეთში, მწერალმა რემონ კენომ და მათემატიკოსმა ფრანსუა ლე ლიონემ დააარსეს მწერალთა და მათემატიკოსთა გაერთიანება "OULIPO", რომლის მიზანი იყო ენის პოტენციური შესაძლებლობების სამეცნიერო კვლევა. მისი წევრები ცდილობდნენ, წაეხალისებინათ ავტორთა წარმოსახვა, დაემსხვრიათ აქამდე არსებული შაბლონები თუ ლიტერატურული სტერეოტიპები და თავად შეექმნათ ახალი საზღვრები, ერთგვარი შეზღუდვების სახით, რომელიც არ თრგუნავდა შემოქმედის ნებას.

როგორც კენო ამბობდა: „ჩვენ ვართ თაგვები, რომლებიც თავადვე ქმნიან ლაბირინთებს, რათა იქიდან თავი დააღწიონ“.

შესაძლოა, არ იცნობთ ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებს: იტალო კალვინოს, ჟორჟ პერეკს, ჟაკ რუბოს, ბორის ვიანს (რომლის პატაფიზიკური რომანებიც ასევე პაატა ჯავახიშვილის მიერ არის ნათარგმნი), თუმცა, ახლა უკვე გაქვთ შანსი, გაიცნოთ ამ ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელი, თანამედროვე ფრანგი მწერალი ერვე ლე ტელიე. ხოლო მისი წიგნი, „ანომალია“— რომელიც გამომცემლობა „დიოგენემ“ ახლახან გამოსცა და ქართულ ენაზე შესანიშნავად თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა, — 2020 წლის გონკურის პრემიის მფლობელია.

ამ ჯილდოს მიღებამდე ცოტა ხნით ადრე ლე ტელიემ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურდა, შეექმნა რომანი ორეულის თემაზე, რომელშიც განხილული იქნებოდა მარტივი საკითხი — „მე მხოლოდ ერთი სიცოცხლე მაქვს, მაგრამ მასში ორი მე ვარ“. ფილოსოფიურ-ფანტასტიკური შეფერილობის მქონე ამ „მარტივი“ დისკურსიდან კი რეალურად უამრავი კითხვა ამოიზრდება: როგორ ვიცხოვრებ? რა მენდომება? სად წავალ? ვის დავუკავშირებ ცხოვრებას?..  
ესაა შესაძლებლობა, საკუთარ თავს გვერდიდან დააკვირდე, თვალებში ჩახედო და მიხვდე: რა მიიღე ამ ორად ყოფნით — უდიდესი შანსი თუ უდიდესი წყევლა?

ერვე ლე ტელიეს წიგნის სათაური სიმბოლურობით დატვირთული ერთგვარი სპოილერია: ერთის მხრივ, წიგნში გვხვდება პერსონაჟი, რომელიც ამავე დასახელების მქონე რომანის ავტორია და მეორეს მხრივ, ამბავი, რომელსაც ვეცნობით, სწორედაც ანომალიურ მოვლენათა რიგს მიეკუთვნება და მასში გარკვევას ამაოდ ცდილობენ აშშ-ის ყველაზე ჭკვიანი მეცნიერები, სხვადასხვა რელიგიურ კონფესიათა ლიდერები, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, ნასა, არმია თუ თავად ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი.

ყველაფერი კი იწყება იმით, რომ „ერ ფრანსის“ კუთვნილი ბოინგ 787-8 ასრულებს რეისს: პარიზი — ნიუ-იორკი და პილოტი კენედის აეროპორტს დაჯდომის ნებართვას სთხოვს, თუმცა, საბოლოოდ, ორი ავიაგამანადგურებლის ესკორტით მაკგუაირის ავიაბაზის ტერიტორიაზე, გასაიდუმლოებულ ვითარებაში იზოლაციაში გადასვლა მოუწევთ.

სიტუაციაში ნაწილობრივ გარკვევის შემდეგ კი ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იმართება: 
„— ორი დღის წინ „ერ ფრანსის“ ერთ-ერთი თვითმფრინავი დაჯდა ჩვენს ტერიტორიაზე. და ეს ის თვითმფრინავია, რომელიც სამი თვის წინ უკვე დაჯდა.
— მართლა? ხშირად ხდება, როცა ერთი თვითმფრინავი რამდენჯერმე ჯდება, — ძლივს შეიკავა სიცილი ჩინეთის პრეზიდენტმა. — განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს რეგულარული რეისია...“

საქმე კი გაცილებით რთულადაა: ორივე თვითმფრინავი, რომელთაგან ერთი 2021 წლის 10 მარტს, მეორე კი სამი თვის შემდეგ — 24 ივნისს დაეშვა, იდენტური იყო: ბორტზე იმყოფებოდა ერთი და იგივე პილოტი, ბორტის პერსონალი და ზუსტად იგივე მგზავრები, რომელთათვისაც დიდი და გაუგებარი სიურპრიზი აღმოჩნდება ის, რომ ნიუ-იორკში ჩასულებს 24 ივნისი დახვდებათ, მაშინ, როცა პარიზი რამდენიმე საათის წინ, 10 მარტს დატოვეს, ჩასხდნენ თვითმფრინავში და რამდენიმესაათიანი ფრენის დროს ტურბულენტურ ზონაში მოხვდნენ, საიდანაც იწყება ყველაზე უცნაური, მისტიკური და მრავალი სამეცნიერო თუ ფანტასტიკური ჰიპოთეზის გამომწვევი ფაქტების კასკადი.

ადამიანები უბრალოდ გაორდნენ. 
პირდაპირი მნიშვნელობით.

როგორც ყოფით საუბრებში არაერთხელ გვითქვამს ხუმრობით: „მატრიცაში რაღაც აირია“ და აი, ამ არევის შედეგად დამდგარ ანომალიურ ფაქტებს წიგნის პერსონაჟებთან ერთად მივყვებით და ვცდილობთ, „საჩვენო“ ვერსია ავარჩიოთ იმ უამრავ იდეასა თუ დისკურსს შორის, რომელსაც თხრობისას წამოჭრის ავტორი.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულებს დროში მოგზაურობის ერთ-ერთი დაუწერელი კანონის შესახებ მშვენივრად მოეხსენებათ: „საკუთარ თავთან შეხვედრას ყველანაირად უნდა აარიდო თავი!“ (თუ, რა თქმა უნდა, ბორხესი არ ხარ და შენი მოთხრობის სათაური - „სხვა“ - არ არის.) რადგან წინასწარ ვერავინ იტყვის, როგორ დასრულდება ეს შეხვედრა: თუ ტრაგიკულად არა, დიდი ალბათობით — დრამატულად მაინც... და სწორედ ამიტომ, ივნისის რეისის ყველა გაორებულ მგზავრს საკუთარ, მარტში ჩამოფრენილ და სამი თვით ასაკოვან ორეულთან შესახვედრად საგანგებოდ შეამზადებს ფსიქოლოგთა ჯგუფი.

რომანს ერთი გამოკვეთილი პროტაგონისტი არ ჰყავს, ავტორს რიგრიგობით გამოჰყავს ავანსცენაზე 243 მგზავრიდან რამდენიმე და მათ შესახებ გვიამბობს სხვადასხვა თავში, განსხვავებულ სტილში: სასიყვარულო დრამა, ფსიქოლოგიური რომანი, ტრილერი, ფანტასტიკა, მისტიკა... მგზავრებს შორის არიან დაქირავებული მკვლელი, სიმსივნით დაავადებული მომაკვდავი, ნიგერიელი გეი რეპერი, დამწყები მსახიობი, ასაკში შესული შეყვარებული არქიტექტორი, ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი, მწერალი, ადვოკატი... 

და იქნებ კითხვის პროცესში აღმოაჩინო, რომ შენც ერთ-ერთი მგზავრი ხარ — საკუთარ თავთან შეხვედრისთვის მოუმზადებელი და მარადიულ შეკითხვებთან პირისპირ დარჩენილი: ვინ ვარ მე და რა ადგილი მიჭირავს ამ სამყაროში?

ერვე ლე ტელიესთან სავარაუდო პასუხებს იპოვი, ოღონდ მათ ერთდროულად ფილოსოფიური, სამეცნიერო, რელიგიური, მისტიკური თუ ტექნოლოგიური ელფერი დაჰკრავს:

„ვაზროვნებ, მაშასადამე, თითქმის დანამდვილებით რომელიღაც პროგრამა ვარ“.

„რაც უფრო წინ მივიწევთ სამყაროს შეცნობის გზაზე, სულ უფრო მეტად გვეჩვენება, რომ ის მათემატიკის პრინციპებს ემყარება“.

„ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა პროგრამა რომელიღაც მყარ დისკზე. და ამ ანომალიით გამოცდას გვიტარებს სიმულაცია... თუ ჩავფლავდებით, მათ, ვინც ამ სიმულაციაზეა პასუხისმგებელი, შეუძლიათ, ადგნენ და ყველაფერი გამორთონ“.

„ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელიც არის ილუზია, სადაც ერთი შეხედვით, საუკუნე მხოლოდ წამის მეათასედს გრძელდება ვეებერთელა კომპიუტერის პროცესორებში. მაშინ რაღაა სიკვდილი, თუ არა კოდების მწკრივში ჩაწერილი უბრალო "End"?“

და თუ ამ ალბათობებიდან რომელიმეს ჭეშმარიტებად მიჩნევა არც ისე მომხიბვლელ პერსპექტივად გვეჩვენება, ყოველთვის შეგვიძლია, თავს შევახსენოთ, რომ ჭეშმარიტებები ის ილუზიებია, რომელთა შესახებ დაგვავიწყდა, რომ ისინი ილუზიებია.